ესღა დარჩა..

ჩემი აქედან აბარგების დროც მოვიდა,
რა ვერ გაეტიეო, გაიფიქრა ალბათ ზოგმა, ვისაც ახსოვს ერთი თვის წინ რაც ვთქვი, მაგრამ ზრდილობიანი კაცის ამბავი ხომ იცით, ვინმე უყურადღებოდ არ დამრჩეს მეთქი, და კი გამეწელა ნათქვამიც.
ბარემ, ორიოდე სიტყვაც აკანცოვაჩკისთვის, და ვსო, გავიხურე კარი.
რაც ამ 30 წლის განმავლობაში ხდებოდა, თითქოს ყველაფერი უჩინარი რეჟისორის ხელით დაიდგა და იმ სცენარის მიხედვით, ორთაჭალის ციხის ამბებით რომ არის აღწერილი რომანში ” დათა თუთაშხია”.
გავიხსენოთ, აბა,
ციხის ბუნტის შემდეგ, ცარისტულმა რეჟიმმა ვითომ რომ მიუშვა ციხე თავის ნებაზე.
“ვითომ მიშვება” არის, ციხეს თუ ვერ აღწევ თავს, და მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ერთ კამერაში ზიხარ, თუ კამერიდან კამერაში გადადიხარ, – ციხეში ხარ, მაინც.
არაფერი გეცნოთ? – ნუ, კაი..
პოლიტიკურებმაც, ბუნტის მერე, ახალი სისტემა რომ ვერ ააწყვეს, ციხის შობლას “გადასცეს ძალაუფლება, ” და ხელებიც დაიბანეს.
და დაიწყო, და დაიწყო,
ისევ არაფერი შეცვლილა, მაგრამ სამაგიეროდ, დილიდან საღამომდე დებატები ისმოდა იმ დიდი კამერიდან, პატიმრებმა “პარლამენტი” რომ დაარქვეს.
ანუ, შექმნეს ილუზია, თითქოსდა თავისუფლები იყვნენ თქმაში და ქმედებაში.
ხო, უყვარს ობივატელს ილუზიები, სისტემას კიდე ის უყვარს, ობივატელს ილუზიების შექმნაში რომ ეხმარება, “ნუ იქნება ოღონდ ბუნტის” პრინციპით.
გაგახსენდათ?
წიგნი, წიგნი, თუ გაგახსენდათ, თორემ ფილმში ეს მომენტები არ არის და გასაგებია, რატომაც, ხომ?
დიახ, სისტემას არ აწყობდა, ხალხის ომზე რაღაც ნამიოკი მაინც რომ გაეშვა დიდ ეკრანზე, – მასიურ მაყურებელს არ უნდა გაეგო, როგორ შეიძლება ეომოს ხალხი სისტემას, ამიტომაც არ შეიტანეს ეს მომენტი ფილმში,
სამაგიეროდ აჩვენეს, რომ ერთი პიროვნება, თუნდაც თუთაშხია იყოს, ყოველთვის რომ მარცხდება სისტემასთან.
ეგ აჩვენეს იმ ფილმით, რადგან ამის ჩვენება სურდათ სწორედ,
თორე წიგნში მთავარი რაც არის, ის გაატარეს.
წიგნის არც ეშინოდათ, რადგან ისიც კარგად იცოდნენ, ობივატელები წიგნებს რომ არ კითხულობენ.
დღეს მით უმეტეს არ კითხულობს ობივატელი არაფერს, თორემ მიხვდებოდა , ” ორთაჭალის ციხის დემოკრატიაში” რომ ცხოვრობს მთელი ამ 30 წლის განმავლობაში,
და მიხვდებოდა იმასაც, რომ ეს ასე ვეღარ გაგრძელდებოდა, რადგან ის სისტემა, რომელიც იყო მეფის რუსეთის დროს, არც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შეცვლილა და არც “დამოუკიდებლობის” მერე არ შეცვლილა, და დღესაც ის სისტემაა, რაც იყო ასი წლის წინ.
დიახ, ის სისტემა, და ის “ციხეა” დღესაც, და ამ ციხეში მყოფებს თავისუფლება ის ჰგონიათ, რისი უფლებაც სისტემამ მისცა.
ქაქანი, და მახათის ქნევა ჰგონიათ თავისუფლება, და ის ჰგონიათ თავისუფლება, რომ ჭამენ, სვამენ, და საკუთარ თავს ასე მიაცილებენ სასაფლაომდე.
და რისი თქმა მინდა?
გახსოვთ, ხომ, როგორ დამთავრდა “ორთაჭალის დემოკრატია”?
სისტემას რომ მოსწყინდა დემოკრატობანას თამაში, ჟანდარმერია შევიდა და ციხის წესები აღადგინა.
ზუსტად ეგ ხდება დღეს, 30 წლის გასვლის შემდეგ.
და კიდევ ერთხელ ვიტყვი, არც შეიძლებოდა სხვანაირად მომხდარიყო, რადგან სისტემა არ შეცვლილა,
და რატომ არ შეცვლილა, ვთქვი ესეც,- შობლა და ობივატელი წიგნებს არ კითხულობს, ილიას არ კითხულობს, და თუ კითხულობს, – ვერ იგებს.
ხოლო, ერთი და ორი თუთაშხია სიტუაციას ვერ ცვლის.
და წიგნებიდანაც რო არ ვიცოდე ეს, ცოტნე გამსახურდიას და სხვა მისნაირი მარტოკაცების ომია ამის დასტური.
და მარტოკაცები რომ არ გაერთიანდნენ, სისტემას უამრავი საშუალება აქვს ამისთვის.
და მთავარი ამ საშუალებებიდან ისევ ობივატელია – შეშინებული, მხოლოდ საკუთარ ტყავზე და თავზე მაფიქრალი ობივატელი.
ყოველთვის გამარჯვებულის მხარეს რომ არის.
აი, სულ ეგ არის, რაც სისტემის, პოლიტნაგვების, შობლას, და თუთაშხიების შესახებ უნდა იცოდეთ.
და ის თუ გახსოვთ, რას ამბობს, ბოლოს დათა?
ხო, ” ჩემი წასვლის დროაო”, – ამბობს,
არა, კაცო, არაფერზე არ გენამიოკებით, სრულიადაც არა ვარ თუთაშხია, არც მინდა ვიყო, რაღა დროს ჩემი აბრაგობაა, ცალ ფეხზე ცხვარი მყავს გამობმული, და სწორედ ამიტომ ვხვდები, მახათი უაზროდ რომ არ უნდა გავიყარო.
და ისღა დარჩა, ჩემი ამ “ორთაჭალაში” ნაქაქანები, თუ გარეთ, მინდორველად ნაკეთები, ბოთლში ჩავტენო, და ბოთლი ზღვაში მოვისროლო, და ზუსტად ვიცი, რომ ერთხელაც სწორედ იმ ნაპირზე გარიყავს, სადაც კითხვებზე პასუხებს ელოდებიან.
პრინციპში, ამას კარგა ხანია ვაკეთებ უკვე, გავავსე ბოთლებით სახლი, ფეხის მოსანაცვლებელი ადგილიც აღარ დარჩა.
ხოდა, დროა გარეთ გავიტანო.
ახალ წლამდე ვფიქრობ, ვერ მოვბრუნდები, მაგრამ როცა მოვბრუნდები, ჩემიანები ერთიც არ დამაკლდეთ, იცოდეთ.
აბა, კარგად.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა