You are currently viewing თუ გიჟი არა ხარ!

თუ გიჟი არა ხარ!

კი ვთქვი, არც ვაპირებდი კარგა ხანს ამ სივრცეში მობრუნებას, მეთქი,
ისეთ პრობლემებში ვარ, ამ ჩვენი ჯანდაცვის კი არა, ჯანდაცლის სისტემის გადამკიდე, წესით სხვა რამისთვის ჯერ არ უნდა მეცალოს..
თან, ვთვლი, რომ სისტემაზე და სისტემურ დანაშაულებებზე ყველაფერი ვთქვი აქაც და დავბეჭდე კიდეც პრესაშიც , და სიტუაციიდან გამოსავალზეც არაერთხელ გამოვაქვეყნე პუბლიკაციები, და სოცქსელში ერთიდაიმავეზე ათასჯერ საუბარს უკვე აზრიც აღარ ქონდა.
მაგრამ ორი დღის წინ ისეთი წარმოუდგენელი რამ მოხდა, ამაზე გაჩუმება შეუძლებელია, – დანაშაულია გაჩუმება!
სისტემა ტერორის ახალ ფორმაზე გადადის!
და ეს ამბავი თუ გაუვიდა რეჟიმს, და ამ მეთოდითაც თუ დაუწყეს განსხვავებულ აზრს ომი, ყველა სხვა უბედურებაზე, კიდევ ერთი დაგემატებათ.
და მიდით, მერე, და ამტკიცეთ, რომ გიჟები არ ხართ.
ხო, ვერაფერი რომ ვერ გამონახეს სხვა მიზეზი, რეჟიმის მოწინააღმდეგე მასწავლებელი ქალბატონი ნინო დათაშვილი ციხეში რომ დაეტოვებინათ, ფსიქიატრიულში უშვებენ 20 დღით, იძულებით.
და თან სად?
ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში, რომლის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის მოხსენებაშიც ნათქვამია, თუ რაც არის სინამდვილეში ეს კლინიკა.
წარმოუდგენელია მართლაც, – რუსეთშიც კი არ ხდება ასე ხელაღებით ადამიანის საგიჟეში გამოკეტვა.
ამ მცდელობით, უზარმაზარი ნაბიჯი გადაიდგა უკან, გასული საუკუნის 30-იანებისკენ.
თუმცა, რა, ის ბოლშევიკური, ავტოკრატიული, მოძალადე რუსული სისტემა, რომელიც დევნიდა და სჯიდა განსხვავებულ აზრს, არც დამოუკიდებლობის შემდეგ შეცვლილა, – უკვე 30 წელია ამ სისტემას კოსტუმივით ირგებს ყველა ხელისუფალი.
და შედეგად, დღეს,
ის, ვინც ასწლოვან ბაობაბის ხეებს ყიდულობს, და სახლში მიაქვს, და ეხვევა, იმის იმედით, უკვდავი გავხდებიო,
ის, ვინც ხეების და მოსახლეობის მერე, უკვე თავისიანებსაც დაერია, და ვისაც აქამდე მართლაც ეხვეოდა, და იახლოვებდა, ახლა იჭერს, ფულს ძალავს, ასახიჩრებს, ატერორებს, ქვეყნიდან დევნის,
ის, ვისაც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიყავს,
ის, ვინც არავის უყვარს, ყველას სძულს , საკუთარ გარემოცვასაც კი.
და ის, ვისი თავისუფლებაზე ყოფნა მართლაც საშიშია საზოგადოებისთვის, და რომელიც მის წინამორბედთან, ნაცთა ბელადთან ერთად უნდა იჯდეს ციხეში – ის კაცი გარეთ არის და ნორმალურად ითვლება.
ხოლო, ძალადობის მოწინააღმდეგე, მასწავლებელი ქალი რომელიც უძლურობისგან და გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილისგან საკანში ტირის, – ხონის ფსიქიატრიულში უნდა გამოიკვლიო,?
და თან 20 დღე?
ვის თავშიც ეს იდეა დაიბადა, ის მართლაც არის გამოსაკეტი, და იძულებით სამკურნალო.
საზოგადოების ადეკვატურობის დატესტვაც მიდის ახლა.
ვიმეორებ, თუ ხალხი შეეგუა ამასაც, და თუ გაუვიდა სისტემას ეს ამბავიც, და საზოგადოებამაც უფლება მისცა სისტემას ამ კაგებეშნიკური მეთოდით დაუწყოს ომი განსხვავებულ აზრს, – ნახევარ საქართველოს ხონის გზას გაგვიყენებენ.
ეს რეჟიმი უნდა დამთავრდეს, თორემ მართლაც გიჟების ხელში ვართ უკვე,
ძალაუფლების, და ფულის დაკარგვის შიშისგან გაგიჟებულების ხელში ვართ.
მათგან არ მიკვირს, დიდი ხანია დავუსვი დიაგნოზი და არა მხოლოდ მათ.
მათი ოპოზიციაც, ყველა პოლიტპარტია, გამონაკლისის გარეშე, არანაკლებ მანიაკები არიან, და ძალაუფლებაზე და მაყუთზე არანაკლებად დახამებულები.
ორივე მხარე ერთი მახინჯი სისტემის ორი დასაყრდენია, და შესაბამისად არც არასდროს არ იყვნენ, და ვერც იქნებიან მიზნებით და მეთოდებით ერთმანეთისგან განსხვავებულნი.
მაგრამ მე ვერც იმათ, რიგით მოქალაქეებს, ვინც უკვე გაიგო, თუ როგორ დაიწყო ნინო დათაშვილის მიმართ სისტემური ტერორი, და მაინც დუმს, და არ აპროტესტებს, ვერც იმათ ვერ ჩავთვლი ნორმალურად, და სრულ ჭკუაზე.
რადგან საკუთარი თავი თუ არ ეცოდებათ, საკუთარი შვილები ხო მაინც უნდა შეიცოდონ?
ან უენო ხელისბიჭებად რომ უნდა გაიზარდნონ,
ანდა ფსიქიატრიულის მობინადრეებად, –
სხვა ვარიანტი მათ შვილებს და შვილიშვილებს აღარ დარჩებათ.
ხალხო, არა აქვს მნიშვნელობა რა პოლიტმიმართულების ხარ, თუნდაც საერთოდ გეკიდოს პოლიტიკა – ეს უნდა გაპროტესტდეს,
არ შეიძლება განსხვავებული აზრის გამო ვინმეს ფსიქიატრიულში იძულებით გამოკეტვა, წამება და დატერორება.
არ შეიძლება, – არაადამიანობაა ეს!
ეს არ უნდა გავატაროთ, ამის ნება არ უნდა მივცეთ სისტემას!
თორემ საგიჟეთი ყველას შეგვეხება ადრე თუ გვიან.
და თუ მართლა გიჟი არა ხარ, ამოიღე ხმა!
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა