You are currently viewing რაღაც..

რაღაც..

“რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს”,- ვისოცკის აქვს ერთ ლექსში ეს ფრაზა,
ხო, რაღაც ისე არ არის, რაღაც გვჭირს,..
ჩვენი საფეხბურთო ნაკრებივით, ვარსკვლავბიჭებით რომ არის დაკომპლექტებული, მაგრამ რომ ვერ არის მაინც, ის გუნდი, რაც გვინდა, – აი, ისეა საზოგადოებაც.
ბევრი გონიერი, შეგნებული, განათლებული, ალალი დიმიტრი გელოვანებით, რომაა სავსე.
მაგრამ თუკი ცვლილებებს ვერ ვახერხებთ, და ერთი და იმავე ჭაობში ვართ ეს 30 წელი, ესე იგი საზოგადოებაც არა ვართ ჯერ.
და მზია ამაღლობელის და ნინო დათაშვილის სასამართლოებმაც დაგვანახეს, კიდევ ერთი შანსი რომ გავუშვით ხელიდან საზოგადოებად რომ შევმდგარიყავით.
რომ ვერც დავეხმარეთ ვერაფრით, და უფრო უარესი, მეორე დღესვე რომ დავივიწყეთ, და სულ სხვა თემებზე რომ გადავერთეთ.
არა ვართ, არა, საზოგადოება ჯერ,
და იქნებ იმიტომ, რომ პირველ და მეათეხარისხოვან თემებს ვერ ვანსხვავებთ ერთმანეთისგან,
ამაში სისტემაც გვეხმარება, რადგან ყველაფერს აკეთებს, რომ მთავარზე არ გამახვილდეს ყურადღება.
ამისთვის ამ სივრცეს შესანიშნავად იყენებს, – ჩვენზე მეტი ორგანიზებულია, ფასიანი ტროლების არმიაც ჰყავს, და სულ ადვილად ქმნის მისთვის სასარგებლო, საინფორმაციო ნაკადს, მნიშვნელოვანი პრობლემის გადაფარვას რომ ემსახურება.
ოპოზიციურ პარტიებსაც და მათ ტელევიზიებსაც აწყობთ საკუთარი უუნარობა ახალ-ახალი თემებით რომ გადარეცხონ.
და ჩვენც ვებმებით ამ ხელოვნურად შექმნილ საინფორმაციო ნაკადში,
თითქოსდა, ჩვენი აზრი თუ არ დავაფიქსირეთ სომეხის და აზერბაიჯანელის თეთრ სახლში შეხვედრაზე, უჩვენოდ ვერ გაერკვევიან, და ჩამოიშლება გეოპოლიტიკა.
მაგრამ სისტემამ გამოიყენა ეს თემაც, და რაც არ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, ეს თემა რეჟიმმა ოპოზიციური ფლანგიდან შემოაგდო, და ჩვენც, თითქოსდა თავმოყვარეობა შეგვებღალა, და პირველობა წაგვართვეს ამიერკავკასიაში, და მართლა სოფელი გავხდით, და არიქა, შევესიეთ.
და სულ დაგვავიწყდა მზიაც და ნინოც, და რუსთაველზე ეულად მოსიარულე ხალხიც.
ამ სქემით მუშაობს სისტემა,
და ასე გვეკარგება დროც და ენერგიაც, სულ სხვა პრობლემის გაშუქებას რომ უნდა მოხმარდეს.
ხო, ჩემს თავზეც ვამბობ, მეც კაი ფინთი გოიმივით ნახევარი დღე შევატენე ზანგეზურის დერეფანს, – ვინ მეკითხება, ან რას შევცვლი, ხო?
მაგრამ მახათის გაყრაც რო ვერ მოვიშალე?
ნუ, კარგი, ალბათ სულ ტყუილად ვთქვი, რაც ახლა ვთქვი,- არც მეცხვარე მოიშლის მშიერი ცხვრის ყურადღების გასაფანტად ჭერზე მჩხავანა კატების ჩამოკიდებას, და არც ცხვარი მოიშლის, კატის ყოველ ჩხავილზე ერთხმად პეტელს,
ამიტომ სჯობს ის ვთქვა, რაც ჩემის აზრით არის მთავარი, და მამაო ჩვენოსავით გასაზეპირებელი ახლა, და ამ მომენტში.-
.
შედეგი რომ დადგეს პოლიტპარტიები, უკლებლივ ყველა, პროცესებიდან უნდა ჩამოვიშოროთ,
და ამ 260 დღის განმავლობაში რუსთაველზე თუნდაც ერთხელ გავლილი, ყველა უპარტიო მარშის ორგანიზატორების, და აგრეთვე, თბილისში, თუ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა დროს, დიდი სახალხო პროტესტების ორგანიზატორების,- რიონის ხეობის იქნება ეს, თუ ბალდის კანიონის, თუ მაღაროელების გაფიცვების , სვანეთის მოძრაობის, თუ სხვა რეგიონში ანალოგიური პროტესტების ორგანიზატორების, პლიუს დამოუკიდებელი პროფკავშირების ხელმძღვანელების ერთმანეთთან დაკავშირება, შეკრება, და მათგან პროტესტის საკორდინაციო საბჭოს შექმნაა აუცილებელი და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
და შემდეგ ერთობლივი, და კოორდინირებული რეაქცია სისტემურ დანაშაულებებზე,
პარალელურად, პროფესიონალებისგან სამუშაო ჯგუფის შექმნა საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად, და ალტერნატიული ელექტრონული არჩევნების მოსამზადებლად.
არჩევნების ბურჭულაძისეული ვარიანტი გამორიცხეთ,- ეს ვარიანტი ისევ სისტემის შემოგდებულია, რომ ელექტრონული არჩევნების იდეა გააბანძონ.
და ასეც მოხდება, რადგან აქაც ის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, ვინც ამ ქვეყნის დაქცევაში და წაქცევაში არიან დამნაშავენი.
დიახ, საარჩევნო კოდექსის შეცვლით, და მასში პარტიებისთვის დაფინანსების მოხსნის გაწერით და მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნების აუცილებლობის დაფიქსირების შემდეგ, ელექტრონულ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ.
და შემდეგ უკვე არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო დამკვირვებლებით, და უცხო ქვეყნების ელჩების მოწვევით,
არჩევნების შემდეგ დროებითი, ტექნიკური მთავრობის შედგენაც, ისევ უპარტიო პროფესიონალებით რომ დაკომპლექტდება და მერე კი, ევროკავშირისგან, და საერთაშორისო საზოგადოებისგან ამ არჩევნების შედეგების და დროებითი მთავრობის ლეგიტიმაციის დადასტურება და აღიარება.
და ბოლოს, – ამ ლეგიტიმაციის დაცვა ქუჩაში მრავალრიცხოვანი აქციებით, და დაუმორჩილებლობით.
და აქციები მანამ, სანამ ორხელისუფლებიანობა არ დამთავრდება სახალხო მთავრობის კაბინეტის სასარგებლოდ.
ვიმეორებ, ეს ყველაფერი პარტიების გარეშე, – ეს აუცილებელია შედეგი რომ დადგეს.
აი, ეს არის, ჩემი აზრით, გზა, ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლისკენ რომ მიგვიყვანს.
და შემდეგ კი სისტემური ცვლილებების დაწყების საშუალებასაც მოგვცემს.
რადგან მხოლოდ ხელისუფლებების შეცვლა სისტემის შეცვლა არ არის, 30 -წლიანმა გამოცდილებამ ესეც უნდა გვასწავლოს.
დიახ, ეგ არის, გზაც, გეგმაც, და სტრატეგიაც,
და წლების წინაც ვთქვი, და ახლაც გავიმეორებ,- ვისაც რაიმეს თავი გაქვთ, გჩუქნით ამ მოსაზრებებს, თქვენი სახელი მიაწერეთ.
სხვა რა გითხრათ,
ფილმია ერთი, და იქ ეპიზოდი,
პატარა ბიჭი დგას, ხელში გადაშლილი წიგნით, და მტრედებს უკითხავს, თუ რა ცუდი ცხოვრება აქვთ ღია ქუჩაში და რა კარგი იქნებოდა, სამტრედე რომ ჰქონდეთ.
დახურავს მერე წიგნს და ეუბნება.
აბა, ჰე, მე ჩემი გითხარითო, და დანარჩენი თქვენ იცითო.
რამ გამახსენა საფიქრალში ჩავარდნილი მტრედებიც, და მინდოდა მეთქვა, რომ ამ ქვეყანას ორი დიდი უბედურება ჭირს.
ერთი უბედურებაა – მოთქმა და გოდება, მხილებას რო ეძახის ზოგი.
ანუ, ყველაფერი ცუდადაო, რო ამბობს, და არაფერს არ ამბობს, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ცუდი კარგით შეიცვალოს.
და მეორე-
რომ ამბობს, რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამისთვის თვითონ არაფერს აკეთებს ჯერ, სხვადასხვა მიზეზით.
პირველი უბედურება მე არ მეხება, საკმარისად ვილაპარაკე რა და როგორ,
მაგრამ მეორეს მონაწილეც არ მინდა ვიყო,
და იმ პატარა ბიჭს რომ არ დავემსგავსო, მტრედებს რომ უკითხავს წიგნს, და ვერაფრით რომ ეხმარება, გავალ, ცოტა ჯანმრთელობას მივხედავ,
თორე ვეღარ ვქაჩავ ყველა ფრონტზე, ვატყობ.
მოკლედ, თუ მანამდე კიდევ რაღაც უსაშველო არ მოხდა, 4 ოქტომბრამდე ვერ შემოვალ საპატიო მიზეზთა გამო.
მაგრამ თქვენ, არ დაიშალოთ.😉
აბა, ჰე..
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა