
“აქსიოს” ?
–
9 წლის განმავლობაში რა მოუთმენლად ელოდა ამ დღეს , ეს იმ წუთებში დაეტყო სახეზეც და ხელებზეც, სინოდმა თავისი გადაწყვეტილება რომ გამოაცხადა.
ხო, რას ელოდა, და როგორ ელოდა, – ყველამ დავინახეთ.
მაგრამ როგორ მივიდა, და რა განზრახვით მივიდა ამ დღემდე, ეს ალბათ მხოლოდ მან იცის, რაზეც ის არასდროს არ ისაუბრებს.
მაგრამ რადგან თავისი არჩევანით უკვე არ ეკუთვნის მხოლოდ თავისთავს,
და არც ისეთი უპირობო ავტორიტეტი აქვს ჯერ, როგორც მის წინამორბედს ჰქონდა, და ალბათ კიდევ მრავალი წელი არ ექნება,
და რადგან არც ის მღვდელთმთავრები გამოირჩევიან ავტორიტეტით, ვინც ახალი პატრიარქი აირჩია, – შესაბამისად ჩვენ სრული უფლება გვაქვს დავსვათ კითხვები მის მიზნებთან და განზრახვებთან მიმართებაში.
დიახ, კითხვები უნდა დავსვათ, რადგან მხოლოდ კითხვები და მასზე პასუხების პოვნის მცდელობები განგვასხვავებს ჩვენ პირუტყვისგან.
მით უმეტეს, რომ ის ინფორმაციები, – რაც საჯაროდ დევს და ხელმისაწვდომია, – მართლაც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.
ხოლო ვისაც ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება არ ძალუძს, ან არ სურს, და დასკვნების გაკეთებაც კი არ უნდა, იმას შეუძლია თუნდაც პოლისჯოხს სცეს ბრმად თაყვანი.
დიახ, როცა,
მოსკოვის სასულიერო სემინარია გაქვს დამთავრებული 90-იანების ბოლოს,-
ის სემინარია, ჯერ სსრკ და მერე პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკლესიებისთვის რომ ამზადებდა და ამზადებს ახლაც კადრებს, და შესაბამისად, მუდამ იყო, და მომავალშიც იქნება რუსეთის სპეცსამსახურების ზედამხედველობის ქვეშ,
დიახ, როცა,
სემინარიის დამთავრებიდან სულ რაღაც 2 წლის მერე, 2001 წელს, ისევ რუსეთში ხარ, და მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში აგრძელებ სწავლას,
და პარალელურად უკვე მოსკოვში ქართული სათვისტომოს წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარიც ხარ, და კურატორად რუსეთის საპატრიარქოს მაღალი იერარქები გყავს, –
იმ რუსეთის საპატრიარქოს, რომელიც ამოტენილია კაგებეს აგენტურით, და შენ კი ყოველგვარი პრობლემების გარეშე სარგებლობ ამ კავშირებით, და მოსკოვშივე უპრობლემოდ ღებულობ არქიმანდრიტის წოდებას.
და დიახ, როდესაც,
ამ “გამოცდილებით” 2003 წლის აგვისტოში მოდიხარ საქართველოში და ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე შენს გამო სასწრაფოდ იკრიბება სინოდი და 2003 წლის 18 აგვისტოს სპეციალურად შენთვის ქმნის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას,
და დიახ, სპეციალურად შენთვის შექმნილ ამ ახალ ეპარქიაში გნიშნავენ ეპისკოპოსად,
და როცა
საქართველოში ჩამოსვლისთანავე სარგებლობ საპატრიარქოშიც და ზოგადად ქვეყანაშიც ფესვგადგმული რუსული ძალების კეთილგანწყობით,
და როცა,
2015 წელს ისევ მოსკოვში იცავ დისერტაციას,
და აქედან რაღაც 2 წელიწადში , 2017 წლის 23 ნოემბერს გამოგარჩევენ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრედ, და აშკარად რუსეთის საპატრიარქოს მაღალი იერარქების რეკომენდაციებით და ზეწოლით.
დიახ, რუსების რეკომენდაციებით, და უფრო კი ზეწოლით, რადგან მოსაყდრეს დასახელების ფაქტს წინ უძღვის რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელის ილარიონ ალფეევის ვიზიტი ილია მეორესთან,
დიახ, რუსის ზეწოლით, თორემ მართლაც ილია მეორის ნებით რომ ყოფილიყო მოსაყდრე შერჩეული, პატრიარქი თავის სიცოცხლეშივე თავისით გადადგებოდა ტახტიდან.
მაგრამ როცა,
მოსაყდრის გამორჩევიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის მმართველი ძალისგან ილია მეორის მიმართ უკმაყოფილო განცხადებები, ” რომ ხანდახან პატრიარქსაც ეშლება”, “და “რომ პატრიარქი დაიღალა”,
განსაკუთრებით მაშინ, ილია მეორე წინ რო აღუდგება მიწების უცხოელებზე გაყიდვასაც და კანაფის პლანტაციების გაშენების ივანიშვილისეულ პროექტსაც,
და როცა,
სულ უფრო და უფრო იზრდება საპატრიარქოში რუსული ფრთის გავლენა,
და ამის ხელშესაწყობად რუსი მიტროპოლიტი ალფეევი უკვე მეორედ, 2024 წელს ისევ ჩამოდის საქართველოში.
და როცა
ილია მეორეც ფიზიკურად სულ უფრო უძლურდება და გარდაცვალებამდე ბოლო 2 წელი საერთოდ ვეღარ მონაწილეობს საპატრიარქოს საქმეებში, და ფაქტიურად შინაპატიმრობაში ყავდათ,
დიახ, როცა ამ მოვლენებს ამჩნევ, და ხედავ იმასაც, რომ ილია მეორის დაკრძალვის დროსაც, მოსკოვიდან ჩამოსულ დელეგაციაში ისევ ის რუსი ალფეევია,
და უკვე ამ დღიდანვე იწყება პატრიარქის ტახტის დანარჩენი კანდიდატების გაშავება, თუ საარჩევნო პროცესებიდან ჩამოშორება,
დიახ, როცა
ყველა ამ ინფორმაციას აჯამებ და აანალიზებ, მართლაც ძნელია დაიჯერო, რომ ახლადარჩეული პატრიარქი დამოუკიდებელი იქნება განზრახვებში და ქმედებებში.
და თუ ასე არაა, დაგვარწმუნოს საპირისპიროში.
დაგვარწმუნოს , რომ ამ გზით ტახტამდე მხოლოდ იმიტომ იარა, რომ ბერი გაბრიელის თქმის არ იყოს ” ხანდახან ეშმაკსაც შეიძლება მოაჯდე ზურგზე ტაძრამდე რომ მიაყვანინო თავი”
დიახ, გვაჩვენოს, თუკი უკვე ტაძრამდე და ტახტამდეც მივიდა, ახლა შეუძლია და აქვს სურვილიც ” ეშმაკიდან” ჩამომხედრების.
დიახ, გვაჩვენოს ,
ამისთვის მას უამრავი შესაძლებლობა აქვს.
აქვს შესაძლებლობა მართლაც დაიმსახუროს პატივისცემა და ავტორიტეტი.
და დაიწყოს იმ ავადმყოფი ბავშვების გულშემატკივრობით, 2 თვეზე მეტია წამალს რომ ითხოვენ,
დაიწყოს ამით,
და თუნდაც მის მიერ, ერთი გადარჩენილი ბავშვის სიცოცხლეც კი მოგვცემს საფუძველს, რომ ჩვენც ვთქვათ,
დიახ, – “აქსიოს”!
.
13. 05. 2026.
.
