You are currently viewing ამიტომაც დადიან

ამიტომაც დადიან

იმ კითხვაზე, რით ვერ დაიღალა ეს ხალხი 160 დღე რუსთაველზე პროტესტით სიარულითო, მუდამ ასეთი მომენტები მახსენდება.
როცა გურის ვუთხარი იმ პატარა გოგოცუნას ფოტო გადაუღე მეთქი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა იმ დღეს აქცია,
ხო, კარავი დაიდგა!
ამას ხაზგასმით ვამბობ, რადგან ფაქტი მნიშვნელოვანია.
სისტემამ, ის ახალი კანონი მიტინგების შესახებ, კარვების დადგმას რომ კრძალავდა, პირველად, რაჭის ტყეების გასხვისების გასაპროტესტებლად თბილისში გამართულ რიონის ხეობელების 2023 წლის ნოემბრის აქციაზე დატესტა.
და სისტემას რომ გასვლოდა ის, რაც მაშინ ჩაიფიქრა, ჩათვალეთ რომ საერთოდ დავკარგავდით პროტესტის უფლებას,
მომავალში დაუცველი აღმოჩნდებოდა ყველა, ვინც კი ეცდებოდა რაიმე გაეპროტესტებინა.
საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა მრავალჯერადი და ხანგრძლივი აქციის ჩატარება,
მრავალჯერადობის გარეშე კი პროტესტი რომ უშედეგოა, ეს კი უნდა გვესმოდეს 30- წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე.
და გამოვიდა, რომ რაჭის ტყეებზე მეტი იდო სასწორზე, და გამოვიდა, რომ არა მხოლოდ რაჭისთვის, ყველას უფლებისთვისაც ომობდნენ იმ დღეს რიონის ხეობელები.
პროტესტის უფლებას გვართმევდნენ საერთოდ!
ამ უფლების გარეშე ყოფნა კი ნიშნავს, რომ სახელმწიფო კი აღარ გაქვს, არამედ ერთი კაცის ბოსტანი, და პოლიციური მაკრატლით.
ამიტომ იყო მნიშვნელოვანი იქ იმ დღეს კარავის დადგმა.
პარტიებმა, ორგანიზაციებმა, თუ რიგითმა მოქალაქეებმა მადლობა უნდა უთხრან რიონის ხეობელებს, რადგან ყველას გასაკეთებელის გაკეთება ამჯერადაც მათ მოუწიათ.
ხო, როცა გურის ვუთხარი, აი, იმ გოგოცუნას სურათი გადაუღე მეთქი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა აქცია.
არ ვიყავით ბევრი, ალბათ ორასიოდე კაცი, და აშკარად არასაკმარისი იმისთვის, რისთვისაც იქ ვიდექით, მაგრამ რაოდენობაშიც აღარ იყო საქმე,
გაძლებაზე იყო, მოთმენაზე, და ნერვებზე.
იქეთ, ჩვენზე სამჯერ მეტი პოლიციელები, თუ აქეთ ჩვენ.
5 საათი ერთ ადგილზე ფეხზე დგომა, გაუნძრევლად, და სიცივეში, ძნელია მართლაც,
გაუნძრევლად მეთქი მიტომ ვამბობ, რომ არც არსად არ იყო სამოძრაო ადგილი, ვიწრო მონაკვეთზე ვიდექით,- წინ სამინისტროს რკინის გალავანი იყო, უკან საგზაო მაგისტრალი, რომელზეც ვერ გადახვიდოდი.
ამიტომაც ვიდექით იმ მონაკვეთზე გაუნძრევლად, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
და სწორედ ამ დროს დავინახე ეს ბავშვი,
და მორჩა,
ერთბაშად ჩამომეყარა მხრებიდან მთელი ის სიმძიმე, რაც იმ 5 საათის განმავლობაში ავიკიდე,
საერთოდ გაქრა დაღლა, დაძაბულობა.
გამიარა ბრაზმაც, მილიონნახევრიანი ქალაქიდან, 200 კაცი რომ ვიდექით, და მეთქი ხვალ, კახური ფოლკლორით მოვიკითხავ, ვისაც შეეძლო მოსვლა და არ მოვიდა მეთქი.
მაგრამ ბავშვის დანახვაზე, გაქრა ეს ბრაზიც.
ხო, ყველაფერმა გამიარა, და უკვე ვიცოდი, რომ მე პირადად იმ ადგილიდან ფეხს აღარ მოვიცვლიდი, რაც არ უნდა მომხდარიყო.
აი, ამ ერთი ბავშვის გამო, არც სახელი რომ არ ვიცოდი მაშინ, და არც გვარი, მაგრამ მთელი ქვეყანა რომ გახდა უცებ ჩემთვის.
ეგაა, ხო.
ამიტომაც დადიან დღესაც რუსთაველზე 160 დღის განმავლობაში ადამიანები,
ამიტომაც არ იღლებიან,
აი, ამ ბავშვებს რომ არ მოუწიოთ იგივეს გაკეთება წლების შემდეგ,
და ასეთი გოგობიჭები რომ არ დალეწონ, არ დაარბიონ, და არ ჩასვან ციხეში წლების მერე, რომ წამოიზრდებიან.
ამიტომაც დადიან დღეს რუსთაველზე პროტესტით ყოველ დღე, ხუთი თვის განმავლობაში ადამიანები.
ამიტომაც დადიან, დიახ,
მაგრამ ვერ გაიგებენ ამას, მართლაც უსამშობლოები.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა