არჩევანი შენ უნდა გააკეთო

მირჩევნია, ვიფიქრო, რომ ღმერთი, განგება, თუ უმაღლესი გონი, თუ რაც ხარ, ვერ ადევნებ თვალს ყველაფერს.
რაღაც გამოგრჩა, და ამიტომ ვერ აწონე ცოდვამართალი,-
თორემ არც ზეციურში, და არც ადამიანურში არ წერია ის, რაც მოხდა.
და რაც მომხდარიდან მხოლოდ ორი კვირის მერე გავიგე,
და რაც უკვე თვეზე მეტი გრძელდება.
ისევ გაურკვევლობა, და ისევ ექიმებთან სირბილი.
არ მესმის, რატომ,
და არ მითხრას ახლა ვინმე ბოღმამ , შეიძლება მამის ცოდვებისთვისაც დაისაჯოსო შვილი,-
ვისაც ასეთი რამ დასაშვებად მიაჩნია, ანდა, ვინც ამას უსურვებს სხვას, იმას მართლაც ყურები აქვს ასახევი.
თუ მე რაიმე დავაშავე, მე უნდა მაზღვევინოს ღმერთმა.
შვილს რას ერჩის.
იქნებ, ჰგონია, რომ ასე შემცვლის?
თუ შემცვლის, უარესისკენ!
მაფიქრებინებს, რომ ღმერთი სიკეთე კი არა ბოროტებაა.
ანდა, საერთოდ არც არსებობს !
და რომ ეს ზეციური ამბები ყველაფერი ტყუილია,
თუკი დიდი ხნის წინ, ჩემი ოჯახის სამი წევრისთვის ვერ მოიცალა, და გაწირა ისე, რომ არც მათ, და არც მე, არაფერი არ დაგვიშავებია.
და თუკი ახლა ავადობისთვის გაიმეტა კიდევ ერთი,
დიახ, – ვიფიქრებ, რომ ღმერთი არ არსებობს !
და ჩავთვლი, რომ რელიგიაც და ეკლესიაც ადამიანის სულისთვის კი არა, მართლაც ადამიანების სამართავად და ფულის საკეთებლად გამოიგონეს,
ჩავთვლი, რომ ბიბლიაც ყველაზე პირველი წიგნი კი არა, ყველაზე უკანასკნელია, – თუკი ტყუის,
დიახ,
თუ არ გჭირდება უფალს ის, ვინც ცდილობს, ყველას გაუგოს,
და ეკლესიაში მტერსაც კი უნთებს სანთელს, რომ შეუნდო,
და თუ ამიერიდან ჩემნაირი მიმტევებელი კი არა, ისეთი შურისმაძიებელი გჭირდება,
ვინც სხვას აპატიებს კი არა, უბრალო მიზეზის გამოც კი გამოჭრის ყელს ყველას, ვისაც დამნაშავედ ჩათვლის მის პრობლემებში,
დიახ,
თუ არ გსურს, ვიფიქრო,
რომ რაღაც კი არ გამოგრჩა, არამედ მიზანმიმართულად მიბიძგებ ეშმაკისკენ,
ან, თუ არ გსურს ვიფიქრო, რომ მართლაც გამოგიგონეს,
უნდა გამცე მაშინ ისეთი პასუხი, რაც ისევ მომაბრუნებს შენსკენ.
დიახ,
არჩევანი მე კი არა, შენ, ღმერთმა უნდა გააკეთო!
.
გუჯა ბიძია
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა