You are currently viewing აქა ამბავი თავმოგლეჯილი არწივისა

აქა ამბავი თავმოგლეჯილი არწივისა

გასაგებია, რატომაც გაიხსენეს ახლა გეორგიევსკის ტრაქტატი, და რატომ აყალბებენ ისტორიას.
და რატომაც გამოუცხადეს ომი რუსოფობიას.
აშკარად ემზადებიან, რუსთან ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დასადებად.
და შეიძლება მართლაც არ იცის ობივატელმა ისტორია, და არ იცის, რომ კრწანისის ომის მერე, ერეკლე მეფეზე მეტი რუსოფობი, და რუსთამოძულე არც იყო მაშინდელ საქართველოში.
ხო, ეს შეიძლება არ იცის,
მაგრამ ყველაზე ჩახავსებულმა ობივატელმაც კი უკვე კარგად იცის, რუსთან ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებით თავს კი არ იხსნის ომისგან, არამედ პირიქით, – ომს მოიახლოვებს.
მას და მის შვილს რუსულ ჩექმას რომ ჩააცვამენ, და უკრაინის ფრონტზე რომ გარეკავენ საზარბაზნე ხორცად.
სწორედ ისე, როგორც პირველ და მეორე მსოფლიო ომში გარეკეს, და საერთო ჯამში 500 000 ქართველი ჩახოცეს რუსული დროშების ქვეშ.
აღარაფერს ვამბობ რუსის ხიშტის შემოსვლის შემდეგ ეგზეკუციებზე, აჯანყებების სისხლში ჩახშობაზე, და რეპრესიების დროს დახვრეტილებზე, და ურალს იქეთ გადასახლებაში გარდაცვლილებზე.
ამიტომაც, ისევ რეჟიმისთვის აჯობებს, რაც შეიძლება ნაკლებად გაიხსენოს გეორგიევსკის ტრაქტატი, ემანდ საკუთარი დასაკლავი დანა არ ალესოს, და სწორედ იმ ობივატელის ხელით, ვის გასაგონადაც საუბრობს რუსოფობიაზე.
თორემ, რაც ხდებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის დადების მერე მაშინდელ საქართველოში, ამის გასაგებად ეს მონეტებიც გამოდგება.
მარცხნივ, გეორგიევსკში ხელმოწერის შემდეგ, 1783 წლის მერე მოჭრილი ფულია, რუსული ორთავიანი არწივის გამოსახულებით,
და მარჯვნივ- 1796 წელს, კრწანისის ომის შემდეგ მოჭრილი მონეტა, ცალთავმოგლეჯილი არწივით.
არწივს კი არა, ქათამს რომ დაამსგავსა ერეკლემ.
თავმოგლეჯილი არწივის დადება მონეტაზე ომის გამოცხადების ტოლფასი იყო მაშინ.
დიახ, კრწანისის შემდეგ ერეკლე მეფეზე მეტი რუსთამოძულე არც იყო საქართველოში, და მართლაც რომ დაცლოდა, არწივთან ერთად ბევრი რუსის თავიც დაგორდებოდა ქართულ მიწაზე.
დიახ, გიორგიევსკის ტრაქტატი მხოლოდ დროებითი მანევრი იყო დიდი და გადამწყვეტი ომის წინ, ერეკლე რომ ემზადებოდა შიიტების წინააღმდეგ.
სხვანაირად ვერ გაარყევდა რუსს.
ხელი მოუწერა მას შემდეგ, რაც 1783 წლის 19 მარტის წერილზე, – რომის პაპს და დასავლეთის მეფეებს რომ გაუგზავნა და სამხედრო დახმარებას ითხოვდა, – უარი რომ მიიღო.
თავის გეგმაზე, მომავალ ომზე და ერთიან სტრატეგიაზე საუბრობდა იმ წერილში ერეკლე.
რუსი რომ ნდომოდა, იქვე არ ყავდა?
მაგრამ არა, – დასავლეთს მიმართა ჯერ, რადგან იცოდა, რომ ერთხელაც რუსის წინააღმდეგაც მოუწევდა ომი.
თარიღს ახედეთ, 1783 წლის მარტის თვეა.
გეორგიევსკის ხელშეკრულებას კი 1783 წლის 24 ივლის მოეწერა ხელი.
ერეკლე თავის გეგმას მიჰყვებოდა.
დიდი ომის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ეს, და როგორც მოუწერა, ისე გააწერდა, და ასეთი შეყრა და გაყრა ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო მაშინდელ მსოფლიოში.
და კრწანისის ომში რუსის დიდი ღალატის შემდეგ გაეყრებოდა კიდეც და გეორგიევსკის ტრაქტატსაც გადაახევდა თავზე, რომ დასცლოდა.
ეგაა,
შეიძლება ობივატელმა, მართლაც არ იცის ისტორია, მაგრამ სამაგიეროდ კარგად იცის, რუსთან ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება ნიშნავს, რომ მისივე ხელით ჩააცვას საკუთარ შვილს რუსული ჩექმა, და მერე უკრაინის სტეპებში დაუწყოს მის ძვლებს ძებნა .
ამიტომ ისევ რეჟიმისთვის აჯობებს, რაც შეიძლება ნაკლებად ახსენოს გეორგიევსკის ტრაქტატი რუსული აქცენტით,
და რუსთან ახალი ხელშეკრულების დადებაზე ფიქრიც კი დაივიწყოს.
თორემ ყველაზე ჩახავსებული ობივატელიც კი გამოვა ქუჩაში, და რუსიჩებს რუსეთის საელჩოს გახსნისთანავე მოუწევთ, იქვე, პოლიტიკური თავშესაფრის ძებნა.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა