You are currently viewing გაიღვიძა თეატრმა?

გაიღვიძა თეატრმა?

არ გამკვირვებია, ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობამ გაგნიძის სპექტაკლი რომ დაბლოკა პოლიტიკური მოტივით.
ხო, არ გამკვირვებია სისტემურმა ძალადობამ ქუჩიდან, და ტროტუარიდან, უკვე თეატრშიც რომ შეაღწია.
მე ის უფრო მიკვირდა მუდამ, თუ რატომ იყო მრავალი წლის განმავლობაში ზოგადად ქართული თეატრი ჩუმად,
რატომ არ იღებდნენ რეჟისორები ხმას, რატომ არ იწერებოდა პიესები იმის შესახებ, რაც ხდება ქვეყანაში.
მიკვირდა, რა ფარისევლობით დგამდნენ სცენაზე შექსპირს და ბრეხტს, როცა არ აპროტესტებდნენ რეალურ ძალადობას.
ანდა რად გინდა შექსპირი, როცა უფრო რეალური და უფრო დრამატული დრამატურგია იწერება შენს თვალწინ.
დიახ, ქართულ თეატრში არ იყო პროტესტი ამ 30 წლის განმავლობაში.
თეატრი იყო ჩუმად ყველა ხელისუფლების დროს, და ჩუმად რომ ყოფილიყო თეატრი, მიტომაც ნიშნავდნენ კარაბას- ბარაბასებს სამხატვრო ხელმძღვანელებად.
ამიტომ იყო თეატრი ჩუმად 1991-1992 წლებში პუტჩის დროს, და საერთოდ უენო, მომდევნო ათი წელი.
ჩუმად იყო 2007 წლის, 2011 წლის, 2019 წლის პროტესტების დროსაც,
თეატრი იყო ჩუმად, 2018 წელსაც, როცა რუსთაველის თეატრში ხინკალფართი გაუმართეს ბანკირებს, და მერეც, არაერთხელ.
თეატრი გაუწვა კოვიდტერორსაც, 2020-2022 წლებში, მაყურებელს რომ არ უშვებდა თეატრში, როცა პარტიული შეკრებები ხალხით გადატენილ დარბაზებში ტარდებოდა, რესტორნებში კიდე ხალხმრავალ სუფრებზე კრამიტით სვამდნენ ღვინოს კოვიდის მამები.
თეატრი იყო ჩუმად 2023 წლის მარტის დღეებშიც, როცა რუსულ კანონს აპროტესტებდნენ ჯენზის თაობა გოგობიჭები.
და მხოლოდ 2024 წელს “აეხილათ” თვალი?
ისიც, მხოლოდ მას შემდეგ, როცა მათ კოლეგას შეეხნენ?
ისიც მაშინ, როცა ქუჩაში 100000 კაცი დაინახეს, მაშინ გათამამდნენ?
დოიაშვილის თეატრალური რობესპიერობაც იმით დამთავრდა, რომ მიატოვა პროტესტი, უღალატა ქუჩაში გამოსულ მსახიობებს, და ჩინეთში გაიქცა.
ვისაც აინტერესებს, მაქვს ამ თემაზეც პუბლიკაციები.
ხო, მუდამ მქონდა მრავალი წლის განმავლობაში კითხვები ჩუმად მყოფ თეატრალებთან,- იციან კი საერთოდ რისთვის შეიქმნა თეატრი?
და რისთვის იყენებდნენ თეატრს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან?
იმიტომ კი არა, ადამიანის ინსტიქტებში რომ იქექო, და დაანახო სცენიდან მაყურებელს, თუ რა საცოდავია, დაანახო რომ მარტოა, და შესაბამისად, აფიქრებინო, რომ ვერასდროს ვერ შეეწინააღმდეგება იმ პრობლემებს სისტემა რომ უქმნის.
დიახ, პიროვნება რომ ობივატელია, ეგ მისი ბრალი კი არაა, არამედ იმ გარემოს ბრალია, სისტემა რომ ქმნის.
რადგან აწყობს სისტემას შეშინებული, მორჩილი, ღარიბი, გაუნათლებელი, და დაკომპლექსებული ობივატელი, რადგან ასეთ ობივატელზე, და ასეთ ამომრჩეველზე დგას სისტემა,
და აწყობს ასეთი თეატრიც, – ვინც მაყურებელს საკუთარ თავს შეაძულებს, ანდა ტუალეტური იუმორით გააცინებს.
აი, ასეთ თეატრს ახალისებდა მუდამ ყველა დროის რეჟიმი, ამას ეძახდნენ და ეძახიან დღესაც სნობები ხელოვნებას.
და ასეთი იყო ქართული თეატრი ბოლო 30 წელი.
ნიჭიერი მსახიობებით, მაგრამ ჩასვრილი რეჟისორებით და დრამატურგებით.
რადგან დაივიწყეს თეატრალურ უნივერსიტეტშიც ახმეტელის სკოლა, და მისი ჰეროიკული თეატრი, – ქართველობას რომ ახსენებდა სცენიდან მაყურებელს, და ამ გზით მთელი 10 წელი ეომებოდა ბოლშევიკურ სისტემას.
დიახ, დაივიწყეს, და დაავიწყეს ჯერ რეჟისორებს, და შემდეგ მაყურებელსაც, თუ როგორი უნდა იყოს თეატრი.
სწორედ ამიტომ დავაარსეთ “ კანუდოსის თეატრი “, 2018 წელს.
და სწორედ ამიტომ დავდგით სპექტაკლიც ” ჩაკრულო ” – პოლიტიკური სატირა – ობივატელის შესარყევად, და ყველა დროის რეჟიმის გასალაწუნებლად.
და სწორედ ამიტომაც, – პრემიერიდან 2 კვირის მერე სცენაზე საერთოდ აღარ აგვიშვეს, – საკუთარი თავი რომ იცნეს სპექტაკლში ყველა დროის პოლიტნაგვებმა,
არც ამ სცენაზე აღარ აგვიშვეს, და არც ერთ სხვა თეატრის სცენაზე არ მომცეს ამ სპექტაკლის წარმოდგენის უფლება.
როგორც კი გაიგებდნენ ვინ ვიყავი, ეგრევე უარს მეუბნებოდნენ.
ხო, ფოტოზე ჩვენი სპექტაკლის პრემიერაა, 2019 წლის 2 ივნისი.
და რატომ გავიხსენე ეს ყველაფერი?
რატომ და თუკი ” ჩაკრულოს ” დაბლოკვიდან 7 წლის შემდეგ, უკვე 2026 წელს, თუკი კიდევ ერთი სპექტაკლი დაბლოკეს პოლიტიკური მოტივით, – მე ეს კი არ მწყინს, პირიქით, მიხარია.
რადგან მინდა ვიფიქრო, რომ მართლაც გაიღვიძა თეატრმა.
გაიღვიძა?
და ძალიანაც კარგი!
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა