კი ვთქვი ერთხელ,
ჩემი ნება რომ იყოს , კალენდარში თარიღებს სახელებს დავარქმევდი მეთქი.
და მარტის თვის დღეების ნახევარი მაინც სახელდებულებით იქნებოდა სავსე.
მარტის თვისაა ეს უცხოპლანეტელიც, მაინცდამაინც აქ, საქართველოში რომ მოავლინა განგებამ, და ძალიან რომ უყვარდა დედამიწელები.
რა ეთქვა მეტი, რა ექნა მეტი,
გაჩვენა, ლამის თითი დაადო, აგე, ა, ასე ჰქენიო, დალოცვილო.
შენც კითხულობდი, მოგწონდა, მაგრამ არ აკეთებდი.
არ აკეთებდი იმიტომ, რომ პატარა ხარ და არ გრცხვენოდა იმის, პატარა რომ ხარ.
იმან კიდევ გასწავლა, როგორ გამხდარიყავი შენც დიდი.
გვითხრა, თუ ვერაფერს უხერხებ იმას, რაც სულს გიძარცვავს, გამცირებს, გართმევს, გკლავს , ადექი და განერიდეო.
ადექიო, ხო, და წადიო, რადგან ეტყობა აღარ აფასებ იმას, რაც გაქვს.
ხეს, წყალს, მდინარეს, მიწას, სახლს, ახლობელს.
გაეცალეო იმ ადგილს, სადაც ადამიანობამაც დაკარგა ფასი და სადაც ყველა მხოლოდ თავისთვის ცხოვრობს.
წადიო, ხო, მაგრამ ქვეყნიდან კი არა, შენივე ქვეყანაში წადიო, სადმე იქ, სადაც შეგიძლია დარგო ხე, ააშენო სახლი, შექმნა ქალაქი თავიდან, არაფრისგან, ახალი ქალაქი – შენივე ხელით.
სადაც შენნაირებთან ერთად თავიდან დაიწყებო ცხოვრებას.
სადაც არ იქნება შური, ჭორი, ღალატი და იცხოვრებ იქ ისეთი წესით, ადამიანად რომ იგრძნობო თავს.
და თუ რაც აქამდე გიძაღლებდა ცხოვრებას, იმან მაინც მოგსდიაო, მოგაგნოო, შეგეხოო, ადექი და…
ადექი და დაიცავი ის, რაც დარგეო, ააგეო, ააშენეო.
დაიცავი, რადგან სხვაგან წასასვლელი უკვე აღარ გაქვს. მორჩა, არ გაქვს.
ერთხელ აარიდე თავი დამპალს და სანამდე გინდა ირბინო, ახლა დაიცავი!
დაიცავიო და გახდიო დიდი.
კანუდოსელი გახდიო.
რა ეთქვა მეტი? რა ექნა მეტი?
ხოდა, იყო ჩუმად.
მის მაგივრად მისი პერსონაჟები ლაპარაკობდნენ,
და ილაპარაკებენ მუდამ და მე გულწრფელად მშურს იმათი, ვისაც ჯერ კიდევ წინა აქვს ის განცდა, რაც მას დოჩანას წიგნების წაკითხვის მერე ჩაუსახლდება სულში.
მართლაც, როგორ ღმერთივით წერდა ეს კაცი, წერდა და კინოკადრივით ჩანდა ყველაფერი, და ხედავდი ყველაზე მცირე დეტალსაც კი.
ჰეე, მე რომ საშუალება მქონდეს, დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” სერიებადაა გადასაღები.
სერიებად, აბა, ერთ ფილმში ვერ ჩაატევ იმას, რაც იქ არის .
რა არის და როგორ უნდა გადაიქცეს ბაიყუში და ობივატელი “იდეინად” და როგორ უნდა დაიცვას მერე ის, რაზეც გარტყმაში არ იყო, რომ დასაცავია.
რა და, მამის ნათქვამს რო ვერასოდეს გაიგებს შვილი, სანამ საკუთარ თავზე არ დაიტრიალებს ბორბალს…
და რომ არ უნდა უკვირდეს გაუგებარი შვილიც მამას და უნდა გაუშვას საფათერაკოდ.
ნახავს ის ბევრს, სხვაგანაც, მამასნაირს.
უნდა ნახოს, რომ მერე თვითონაც შეძლოს მამობა.
ზე მორეირა გახსოვთ? სანტოსი? მანუელო? ჟოაო აბადო?
დონ დიეგო? ეე, რა კაი მასტია, მომწონდა სულ.
აი, იმ ფილმში “ლონდრე” რომ არის, ლონდრეს გაუმჯობესებული, გაკეთილშობილებული, დახვეწილი ვარიანტი – დონ დიეგო, ჭეშმარიტი კაბალიერო, მისი არტისტიზმით.
და კონსოლიერო? ეგ არის, თუ არის. საკუთარი თავი რომ შეცვალა ჯერ…
საკუთარი თავი – ლოთი, გათიშული მენდეს მასიელი შეარცხვინა და შეცვალა და მერე სხვებიც, დანარჩენებიც.
და როგორ ცხოვრობდნენ მერე?, როგორ ომობდნენ, როგორ კვდებოდნენ?
და ლამაზქალაქელები? ნაღდი ქალი ტერეზა, ვინსენტე, ლაყაფისტი დუელიო და მასზე უარესი, რიჟად მობაზრე, ვითომ მამხილებელი ალექსანდრო.
უარესი, ხო, რომ ამბობს, ყველაფერი ცუდადააო, და არ ამბობს, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ არ იყოს ყველაფერი ცუდად.
არც ამბობს და არც აკეთებს.
და კუმეო? ხეპრე კუმეო და მასზე შეყვარებული უტვინო კონჩეტინა?
და ანა-მარია, მუსიკა რომ უყვარდა და დომენიკო ეჭვიანობდა და, რომ ვერ ხვდებოდა დომენიკო – საყვარელი ადამიანი როგორიც არის, ისეთი უნდა გიყვარდეს,
რომ სიყვარული გაგებაა, მეტი კი არაფერი…
და კამორა? ჰალეები, ჰალეკოები, გრანდები, მოლოქი…
და მიჩინიო?
საკუთარი სინდისისგან მკვლელებში შეგზავნილი მიჩინიო და ოთო ექიმი და დილის ქალი?
რომ მოეფერნენ და ატირდა.
ფული რომ გადაუხადა მომფერებელს.
და არც ერთი ლამაზქალაქელი, გესმით, არც ერთი, რომ არ წაიყვანა დოჩანამ კანუდოსში, ხო მიხვდით, რატომაც?
არ წაიყვანა, რადგან მოლოქს აღარც კი დასჭირდებოდა ძალის გამოყენება, ლამაზქალაქელები ისედაც დაანგრევდნენ კანუდოსს თავისი ცხოვრების წესით.
არ წაიყვანა არავინ, დომენიკოს გარდა, იმიტომ, რომ დომენიკო „იდეინი“ უნდა გამხდარიყო,
დომენიკო უნდა გამხდარიყო მამა.
ხო, მიმიქარავს ნებისმიერი ამერიკული სერიალების პერსონაჟები.
თვალიც დაუდგება , ხო ჰოლივუდს.
მულტსერიალი მაინც რომ გაკეთდეს?
ბავშვებისთვის, ხო, აღარ გამოგვილენჩდებიან ამ პაკემონებით.
კომპიუტერული თამაში მაინც რომ გაკეთდეს, ჰა?
ეე, ვკითხულობ, რა, მეც აქ, ბალახისფერი კაცივით.
ხო, ვიცი, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია ამ ლამაზქალაქში…
გავაკეთებ, ერთხელაც…
არა ბიჭო და, ალექსანდროების რიჟა ბაზარს შევაჩერდები.
რა დიდი უნდა იყო მართლაც ადამიანი, რომ ასე გაფიქრებინოს და არა მხოლოდ გაფიქრებინოს, გაიძულოს გააკეთო ის, რაც მან დაწერა.
გაიძულოს ცუდი სიტყვაა, მოგანდომოს, ხო.
და ის როგორა თქვა? სასწაული, სასწაული.
სხვა, რომც არაფერი ეთქვა, მხოლოდ ამ თქმისთვის არის ის ზე – აღმატებული.
ღვთისმშობელი უნდა შემედარებინა რაღაცისთვისო.
ღვთისმშობელი ლამაზი იყო, როგორც… როგორც…
და ვერ მოვიფიქრეო, რას შეიძლებოდა შემედარებინაო.
ვერაფერთან გავაიგივეო და ორი კვირის მერეღა მოვიდაო მიხვედრა,
რომ “ღვთისმშობელი ლამაზი იყო, როგორც თვითონ…“
სასწაული თქმა იყო მართლაც.
დიდი იყო, დიდი, დოჩანა,
უსაშველოდ დიდი, ისეთივე დიდი იყო, როგორც თვითონ.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
გაზეთი ” საადგილმამულო” #4
.