
ოსკარით დაჯილდოებაზე რო გამოდიან და მადლობას რო ეუბნებიან თავის საახლობლოს, თქვენ რო არა, ოსკარს ვერ ავიღებდიო..
სულ მიკვირდა, როგორ უნიჭოდ თამაშობდნენ კინოვარსკვლავები ამ ეპიზოდს.
მაგრამ მერე გადის დრო, და ერთხელაც აღმოაჩენ, რომ ცხოვრებამ და ადამიანებმა შენც გადმოგცეს ჯილდო..
და გადმოგცეს შენივე თავი, – მეობა.
ჯილდოდ თუ სასჯელად, ეგ გააჩნია, როგორ ხედავ, მაგრამ ფაქტია გადმოგცეს, და უკვე შენი ჯერია, რას იტყვი ხმამაღლა, ან გაიფიქრებ შენთვის.
და რამდენად გულწრფელად.
“გუჯა ბიძია” მხოლოდ სახელი არ არის, ვინმემ რომ დამიძახოს და გავაგონო.
არც მხოლოდ ფსევდონიმი არ არის, ორიოდე წიგნის გარეკანზე რომ წააწერო, ანდა გაზეთის ფურცლებს დაადო ნიშნად.
არც ასობგერების ნაკრებია საძიებელ სისტემაში რომ შეიყვანო და სოცქსელმა და გუგლმა ამოგიგდოს ვინ ხარ და რა ხარ.
სიტყვების ეს დაწყვილება ჩემთვის აი, ის არის, აი, რაღაც..
“რაღაც”,? – რავი, მრწამსი რო ვთქვა, ტეხავს, პათეტიკა.
მსოფლიომხედველობა ვახსენო და საერთოდ გააჟრიალებს ზოგიერთს.
ბრენდი ვთქვა, მარიაჟობა გამოდის,
უფრო ალბათ, რაღაციდან თუ რაღაცისკენ სვლაა, ნიშნული, ბიძგი.
ნუ, რაც არი, არი,
ოსკაროსნების დედაც,
ნაღდად არ ვამბობ ახლა ლამაზად თქმისთვის.
და ზუსტად ვიცი, ამ სახელის მატარებელი კაცი, რამეს რო ვიტყვი, მინდა, არ მინდა, რომც ვკვდებოდე, მაინც უნდა გავაკეთო.
ეს “მინდა, არ მინდაც, ” უმიზეზოდ არ მოდის.
კი მაქვს ნაამბობი პატარა ჩანახატში ” ვის გინდათ წითელი ბუშტები,” პირველად 2011 წელს რო გამოვაქვეყნე.
იმ ბიჭზე, თავის დარდებს და სიხარულებს სულის ჩაბერვით ბუშტებში რო აგროვებდა,
და თუ რა დიდი კაიფია ჯერ სხვისი გაგება, და მერე მის გვერდით დგომა, სწორედ იმ მომენტში დავიდა ჩემამდე, 12 წლის ბიჭის მადლობით სავსე და მართლაც ბუშტივით დასკდომამდე დაბერილი სიტყვები “გუჯა ბიძია” რომ გავიგონე.
მანამდეც ალბათ ამ გაგების ვიყავი, მაგრამ იმ მომენტში ფიზიკურად ვიგრძენი როგორ დაფიქსირდა , თუ ჩაბეტონდა ჩემში ეს “რაღაც”.
მის მერე ეს სიტყვები მართლაც ბევრს მავალდებულებს.
“რა ყველას მამიდა ხარო” რომ არის გამოთქმა, აი, ასეთ პონტში ყველას და ყველაფრის ბიძიობას და ჩემი თუ სხვისი ნათქვამი სიმართლის პატრონობას მავალდებულებს,
მაიძულებს უფრო მეტი გავაკეთო , ვიდრე ამის ტრაკი მაქვს.
დოჩანაშვილის მანუელო რო ამბობს-, მინდა, არ მინდა, გმირი გამოვდივარო,
გმირობაზე ბოდიში, ვერც გავქაჩავ და არც ვაპირებ, რადგან კარგად ვიცი გმირების სიკვდილის შემდეგ ბოზებს რომ მიჰყავთ პარადი ამ ქვეყანაში,
მაგრამ ცოტათი უფრო კარგი რო ვიყო, ვიდრე სინამდვილეში ვარ, მართლა მაიძულებს ეს სახელი.
ასე აღვიქვამ, ხო,
უცებ არ მოსულა ეს აღქმაც..
ამ მოსვლაში უამრავი ადამიანი მეხმარებოდა და მეხმარება დღემდე,
ოჯახის წევრებზე და ახლო მეგობრებზე არას ვამბობ, მათი გავლენა კოსმოსური შავი ხვრელივითაა, ვერაფრით დააღწევ თავს,
მაგრამ ის ადამიანებიც კი, ვინც დროის მცირე მონაკვეთში იკვეთებოდნენ ჩემთან, და ასანთის ერთი ღერის გაკვრას ჰგავდნენ, მოქმედებდნენ ავად თუ კარგად,
და მარყევდნენ უბრალო შეხმიანებით, იმის მიხედვით, ვინ რა რეაქციას გამომტყუებდა საპასუხოდ,
ასეთი რეაქციების მრავალჯერადობით იცვლები შენც.
იფილტრები.
აი, ისე, ღვინოს რო გადაიღებ ერთხელ, ორჯერ, და ლექთან ერთად კარგიც კი იკარგება, მაგრამ იწმინდება, და დგება ღვინოც, სუფრაზე გასატანი.
და რია ვიცი, ქაშერი ვარ, თუ ძმარი ახლა, მაგრამ რაცა ვარ,- ვსვამ, და მსიამოვნებს.
და ამიტომაც ვუხდი მადლობას შემთხვევით გამვლელ ცუდსაც და კარგსაც, სულელსაც, და ჭკუით გატენილსაც, იდეურსაც და ობივატელსაც, ჩათლახსაც და ალალსაც, გამყიდველსაც და ერთგულსაც, უმადურსაც და მადლიერსაც , რადგან მწამს და მჯერა, ის კაციც მნიშვნელოვანია სამყაროსთვის, ის ვაშლის ხე რო დარგო, ნიუტონს რო დაასკდა თავზე, ნაყოფით.
ის უსახელო კაცი რო არა, კაცობრიობა ვერც დახსნიდა, თუ რა არის მიზიდულობა.
და მიზიდულობა რო ყველაფერია, ხო ვიცით, არა?
მიზიდულობის გამო მკითხულობთ, ახლაც..
და ყველანი ჩემი წერილების, ლექსების, მოთხრობების, სტატიების, პიესების ყოფილი , თუ მომავალი პერსონაჟები ხართ,
მთავარი მოქმედები პირები, თუ მეორეხარისხოვანი, თუნდაც მეორე რიგში მყოფი მეცამეტე სოკო,
და ვწერ თქვენზე და თქვენთვის იმიტომ,
რომ ახლა მე გადავცე ვინმეს ჯილდოდ მისივე თავი.
ეგაა,
მადლობა, ყველას, რომ ხართ,
თქვენ რომ არა, მე ვერ ვიქნებოდი ” გუჯა ბიძია”
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
