You are currently viewing იქნებ

იქნებ

რატომ ქურდობთ პატივცემულებო?
ხო, უკვე მერამდენე მეუბნება, რომ სადღაც ნახა ეს , და სულ სხვისი სახელით და გვარით.
ერთგან კიდევ, რომელიღაც სცენიდან წაუკითხავთ, როგორც უავტორო.
ეს რო მითხრეს, ის გამახსენდა,
2016 წელს რომ წავიკითხე მე თვითონ, მაჩაბლის 13 -ში.
ხო, იქ, ადრე მწერალთა სახლი რო ერქვა, და ახლა რაღაც გაუგებრობა რომ არის.
იშვიათად ვკითხულობ ხალხში ლექსს, და არც მაშინ წავიკითხავდი, რომ არა წალაპარაკება მაშინდელი ღონისძიების მომწყობებთან.
“ცისფერყანწელთა” 100 წლისთავის საღამო გამართეს მაშინ, მიშველაძეს მიჰყავდა,
ასეთი ბაიყუშური არაფერი მინახავს, ეძინათ დარბაზში,
და მეთქი, ხალხო რას აკეთებთ, რაც აქ ხდება ეს რო ენახა პაოლოს, მეორედ მოიკლავდა თავს, ახლა უკვე მოწყენილობისგან მეთქი.
ორი-სამი სიტყვა, წიგნების დარიგება თუ გაყიდვის მცდელობა, და მერე დაშლა – არმოშლის თქმა, კმაყოფილი სახეებით.
და ეს იმ ცისფერყანწელების საღამოზე, ხეებზე რომ გადიოდნენ, ხიდიდან რომ ხტებოდნენ, მანიფესტაციებს რომ აწყობდნენ, წარმოდგენებს დგამდნენ, პერფომანსებს, პროკლამაციებს რომ წერდნენ.
ცეცხლი არსად აღარ სჩანს თქვენს კავშირში და რა ჯანდაბამ ჩაგფერფლათ მეთქი, დღეს, ცისფერყანწელთა ორდენის დაარსებიდან ასი წლისთავზე, ამ შენობაში.
ხო, ეს ვთქვი, იქ, მაშინ, და შენო ვინა ხარო, მეკითხებიან.
მეთქი, სახელი არ გინდათ, აგერ ლექსს წაგიკითხავთ, და მიხვდებით რატომაც გითხარით ის, რაც გითხარით, მეთქი.
წავიკითხე, არც მითქვამს ვინ ვიყავი, ისე წამოვედი.
ხოდა,
დაებედა თუ რა არის, მის მერე დასეირნობს ეს ლექსი ხან უსახელოდ და უპატრონოდ, ხან სხვისი გვარსახელით,
რავი, რა ვთქვა,
ვიცი, ბევრი სხვა ავტორიც აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში, და ზოგადად, რაღაც არის მოსაფიქრებელი ქურდობისგან თავდასაცავად.
მოვიფიქრებ ამასაც, აგე, მოვიცლი ცოტას, და მოვიფიქრებ, მაინც ჩემი გასაკეთებელია ამ ქვეყანაში ყველაფერი.😉
მანამდე, აგერ ვდებ, მაინც, 2016 წლის 8 ივნისის გაზეთ ” სახალხო განათლებას,” სადაც პირველად დაიბეჭდა ეს ლექსი,
ვდებ, ხო, რავიცი, იქნებ, რა ჰგონიათ..
.
იქნებ, ჰგონიათ, რომ მაჩაბელმა დაიხრჩო თავი,
და მორჩა, მტკვარი, მშიერ ტალღებში სხვას აღარ ელის,
დრო ისევ ისე ბოროტია და ანჩხლი და ავი,
მჭამელი ნიჭის და მტკვრისკენ მიდის კვლავ, მაჩაბელი.
იქნებ, ჰგონიათ, რომ აღარ კვდება სადმე ნიკალა,
და დიდებული უბრალოება ჭლექს არ ახველებს,
რომ მის მაგივრად გზა, ყალბმა ფერმა ვერ გაიკვალა,
ვერ დაუმალა ნაღდი ფერწერა გულგრილ მნახველებს.
იქნებ, ჰგონიათ , აღარ დაეძებს ფანჯარას გალა,
და არითმია არ ბოჭავს რითმას გიჟის ხალათით,
და რომ პოეტი, მართლა პოეტი დრომ ვერ დაღალა,
რომ ვერ გაუგო – ბრბო ისევ არის ნიჭის ჯალათი.
იქნებ, ჰგონიათ, რომ მკვლელი ტყვია გამოილია,
და ვეღარ აგნებს წიწამურის გზას მედროვე, მურთხი,
ილიას მერე უკვე რამდენჯერ მოკლეს ილია,
და რამდენ მკვლელსაც შეაშრა პირზე აკაკის ფურთხი.
იქნებ, ჰგონიათ, მტკვარმა ვინმესთვის ვერ მოიცალა,
იქნებ, ჰგონიათ, რომ აღარ კვდება სადმე ნიკალა,
იქნებ, ჰგონიათ , ილიას მკვლელი გარდაიცვალა,
იქნებ, ჰგონიათ, აღარ ასკდება ქვაფენილს გალა..
იქნებ, ჰგონიათ?
იქნებ, გგონიათ?!
.
გუჯა ბიძია
,
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა