კი გვიყვარს ქართველებს ყველაფრის გათეატრალება, მაგრამ ახლა ის მომენტია, ყველაზე მეტად რომ გვჭირდება ეს.
მიდი, დოიაშვილო,
და მე პირადად, გაპატიებ, წლების განმავლობაში რომ დუმდი.
დიახ, გუშინ თეატრმა განაცხადა,
რომ ქვეყანაში ძალადობაა, უსამართლობა, სიღარიბე და შიმშილია, და რომ სისტემა საკუთარ ხალხს ეომება.
თეატრმა განაცხადა, რომ გაჩუმებას აღარ აპირებს და ეგ განცხადებაა უკვე მანიფესტი.
თეატრს შეუძლია შეცვალოს მაყურებელი.
წლებია უკვე ამას ველოდები, წლებია ამაზე ვსაუბრობ, რომ “ქართული თეატრი უნდა გახდეს ქართული.”
რომ ხელოვნება იარაღია, და ხელოვნება უნდა იყოს ჰეროიკული,
რომ უნდა ლაპარაკობდეს გმირებზე და გმირობაზე, რათა იგივე მოანდომოს მაყურებელს.
სწორედ ამაზე მაქვს საუბარი წერილებში “დრამატული დრამატურგია,”
და იგივე ხაზია ჩემს პიესებშიც “ჩაკრულო” და “სამოსელი N”, როცა ქალაქიდან ქალაქში, და სოფლიდან სოფელში დადიან პერსონაჟები და წარსულის გმირებს ახსენებენ მაყურებელს, და თან სცენიდან დასცინიან, და ამასხრებენ სისტემას.
ხელოვნებამ ასე უნდა იომოს.
სისტემის დასასრული იწყება მაშინ, როცა მასზე სიმართლეს ამბობენ, როცა ხმამაღლა დასცინიან, როცა მათ პატარაკაცობაზე საუბრობენ და როცა მათ საპირწონედ გმირებს აცოცხლებენ სცენაზე.
ანუ, როცა ობივატელს სისტემის აღარ ეშინია,
და თუ აღარ ეშინია, ის უკვე აღარაა ობივატელი,
და როცა ასეთი ადამიანების რიცხვი მრავლდება ისინი აუცილებლად პოულობენ ერთმანეთს, და სწორედ აქედან იწყება ძალადობის დასასრული.
დიახ, კარგია, კარგი, რაც დოიაშვილის თეატრმა გუშინ განაცხადა.
ძალიან კარგია, რომ ისინიც აპირებენ ქალაქიდან ქალაქში სიარულს, და ხელოვნებით სისტემის მხილებას,
მაგრამ უფრო მეტად, უფრო მიზანმიმართულად უნდა გაკეთდეს ეს, მეტი კონკრეტიკა, მეტი დეტალებია საჭირო სცენიდან,
მაყურებელმა უნდა დაინახოს სისტემის და მისი მსახურების ნამდვილი სახე.
მაყურებელმა უნდა იცნოს სცენაზე კრებსითი ბოროტება და მისი მრავალსახეობა – ივანიშვილიც, სააკაშვილიც, კობახიძეც, ბოკერიაც, მდინარაძეც, გვარამიაც, მურუსიძეც, – ყველა პოლიტაფერისტი, ვინც კი ამ 30 წლის განმავლობაში დაბადა სისტემამ.
გავიხსენოთ საუკუნეები, ქუჩაში გამოსული თეატრალიზებული სახალხო წარმოდგენები, – ყეენობა, ბერიკობა, სახიობობა, გავიხსენოთ მათი შინაარსი.
დიახ, სცენაზე უნდა იყოს სატირა,
და ყველაზე მთავარი – უნდა იყოს ჰეროიკა,
დღევანდელი გმირებიც უნდა “ავიყვანოთ” სცენაზე
და კარგი იქნება დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესების მოკლე ინსცენირებები.
მაყურებელმა რომ დაინახოს, ვინ და როგორ ეომება დღეს უსამართლობას.
მაყურებელმა უნდა დაინახოს სცენაზე მზია ამაღლობელის, ზვიად ცეცხლაძეს, ანდრო ჭიჭინაძეს, და ანდროს დედის – ლიკა გუნცაძეს ომი,
უნდა იცნოს გიორგი ახობაძის ტრაგედია, სისტემამ რომ დედა მოუკლა,
უნდა იცნოს ისიც, ვინც ციხეში მყოფ მეგობარს, ციხის კედელთან ელოდა, და ისეთებიც ვისი სახელები არც ვიცით ჯერ,
გვყავს სიმართლის მცველები და ჩვენ მათზე სცენიდან უნდა ვისაუბროთ.
და არ უნდა ამას ერთსაათიანი წარმოდგენები, და დეკორაციები, – ხუთწუთიანი ეპიზოდებშიც ჩაატევ სათქმელს.
ეს აუცილებელია, გვჭირდება ჩვენ დღეს ჰეროიკა, ომია დღესაც, და სწორედ ისე, როცა საუკუნეების წინ, ესქილეს ტრაგედიების შემდეგ მაყურებელი ომში რომ მიდიოდა, დღესაც უნდა მოახერხოს ქართულმა თეატრმა და ქუჩაში პროტესტით გასვლა უნდა მოანდომოს მაყურებელს.
დიახ, მივესალმები ახალი თეატრის მანიფესტს, – ემსახუროს სიმართლეს.
დიახ, თეატრს შეუძლია ობივატელი მეომრად გადააქციოს,
თეატრს შეუძლია შეცვალოს მაყურებელი,
და რომ შეცვალოს უნდა შეიცვალოს თვითონ,
აი, ამიტომ უნდა გახდეს ჰეროიკული,
გვჭირდება ძალიან ასეთი თეატრი.
სწორედ ისეთი, როგორიც სანდრო ახმეტელის თეატრი იყო.- ბოლშევიკური ტერორის დროს რომ შეძლო დახლეჩილი და ერთმანეთს დაპირისპირებული მაყურებლის გაერთიანება, იმით რომ ქართველობას ახსენებდა.
“ქართული თეატრი უნდა იყოს ქართული” ეს სანდრო ახმეტელის სიტყვებია, და დროა ეს სიტყვები ისევ ასრულდეს.
მიდი, დოიაშვილო,
და თუ ბოლომდე მიხვალ, მე პირადად მართლაც გაპატიებ დუმილს წლების განმავლობაში.
გაპატიებ, რომ დუმდი, მიწებს უცხოელებზე რომ ყიდდნენ,
რომ დუმდი, როცა საყდრისი ააფეთქეს,
ჩუმად რომ იყავი კოვიდფაშიზმის დროს ,
ხმა რომ არ ამოგიღია, რუსთაველის თეატრში რო ხინკალფართი მოაწყვეს ფულის ტომრებმა,
და მერეც, როცა ამავე სცენიდან სტურუას ლეკვებმა,- წულუკიძემ და მისნაირებმა – ” თეატრის ჭორებით” ლანძღეს ახმეტელი და ილია.
ხო, ახალგაზრდა და ნიჭიერი რომ დუმს ამას ვერ პატიობ ხელოვანს, თორე უკვე შემოქმედებითად გამოფიტული სტურუასგან და მარგველაშვილისგან, სკამს რო ებღაუჭებიან, არაფერი მიკვირს,
ნიჭიერი, და თან ამბიციური კაცია დოიაშვილი, და კი ვხვდები, რასაც აკეთებს და რატომ.
მაგრამ საქმე გააკეთოს, – შეცვალოს ხელოვნება, გახადოს თეატრი ქართული, ანუ, მებრძოლი,
შეიცვალოს თვითონაც,
და მაშინ მართლაც იქნება ახმეტელის ჭეშმარიტი მემკვიდრე,
და მერე შეარგოს ღმერთმა რუსთაველის თეატრის ტახტიც, და მაყურებელის აპლოდისმენტებიც.
ალალი იყოს!
.