You are currently viewing ნიჭი და უმაქნისი

ნიჭი და უმაქნისი

თუთაშხია რომ ამბობს, მაინც მოგზავნილი მგონიხართო ქალბატონო.

აი, ეს თუთაშხიასეული თქმა, ერთი სისტემის მსახურ ორივე ღობის სასტავს გეხებათ.

პირველით დავიწყებ, და ვიტყვი.

მეც დავიჯერებდი იმ “წეატრალთა” გულწრფელობას, ახლა რომ აკეთებენ სცენიდან, თუ ეკრანიდან, თუ სოცქსელებიდან განცხადებებს, ხმა რომ ამოეღოთ მაშინ, როცა ძალის გამოყენებით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, და შემდეგაც, წლების განმავლობაში ძალადობაზე და სისტემურ დანაშაულზე რომ ეთქვათ რაიმე სცენიდან.

თუნდაც ახლახან, ხმა რომ ამოეღოთ, როცა რუსთაველის თეატრში ფულის ტომრებს ორსართულიან სუფრებს უშლიდნენ,

ხმა რომ ამოეღოთ მაშინ, როცა კოვიდტერორს გაუწვა თეატრი, მაშინ როცა მაყურებელს არ უშვებდნენ თეატრში.

დაგიჯერებდით, ამ 30 წლის განმავლობაში რაიმე ჭეშმარიტად საზოგადო პრობლემა რომ აგეტანათ სცენაზე, და არა ცისფერთა პროპაგანდა, ანდა გაყალბებული ისტორია ქართული თეატრისა, და ილიას გინება არ დაგეწყოთ სცენიდან, ანდა თუნდაც ცილისწამება მედეასი არ წაგეღოთ ევროპაში, და უამრავი ასეთი მავნებლობა არ ჩაგედინათ, ანდა საერთოდ უაზრო ოხვრა რომ არ ისმოდეს თქვენი წარმოდგენებიდან, თუ რაოდენ ამაოებაა, ყოველივე ამაო.

ახლა გამიხდით გავროშები, მარატები და რობესპიერები?

ცალტრაკობის თამაში არ არის ხელოვნება.

ხო, ამით მოვრჩები, თქვენზე, სისტემური ბოსტნის ერთ ღობეზე საუბარს.

ახლა მეორე ღობეში ჩაწნულებისკენ გავიხედოთ.

სცენა არ უნდა იყოსო პოლიტიკური განცხადებების ადგილიო?

სისტემის ნასუფრალიდან გადაგდებულ ძვალზე მონადირის გარდა ვინ იტყვის ამას,

ან ბაიყუშის გარდა ვინ იტყვის?

ამ აზრის გამხოვანებლებმა მსოფლიო თეატრის ისტორია თუ არ იციან, ქართული თეატრის ისტორია მაინც არ უნდა იცოდნენ?

უნდა იცოდნენ, რას აკეთებდნენ და რატომ აკეთებდნენ ქართული თეატრის მამები.

და თუ ბოლო 30 წელი თეატრს შებერებულმა მაოძედუნებმა გადაუხვიეს გზას, და მათი ძალისხმევით თეატრი უძვრება სისტემას, და ყველა დროის ხელისუფლებებს, და უწვება ძალადობას, ეს არის სწორედ ქართული თეატრის ტრაგედია,

ნონსენსიც, და პარადოქსიც!

რადგან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართული თეატრი, – რომელმაც სულიერება ბოლშევიკურ სცილასა და ქარიბდას შორის უვნებლად ატარა,- იმის მაგივრად რომ დღეს, დამოუკიდებლობის წლებში, უფრო მეტად ყოფილიყო ეროვნულ პოზიციების დამცველი, და ყოველივე ეროვნულის წინწამომწევი, და საყოველთაო ნიჰილიზმის ფონზე, უფრო მეტად ყოფილიყო ჰეროიკული, – დღეს თავისი სცენა ადამიანის მდაბალი ინსტიქტების გამოფენად გადააქცია.

ქართული თეატრი უნიტაზურ ხელოვნებად გადააქცია.

მაყურებელს რომ წელს ქვემო რიტუალებს აჩვენებს, ამ სიტყვის გინდა პირდაპირი, და გინდა გადატანითი მნიშვნელობით, და მაყურებელს აჯერებს, რომ არაფრის შემძლეა და უსუსური საცოდაობა.

და აჯერებს იმიტომ, რომ ობივატელმა არ იფიქროს, რომ ძარცვავენ, ამცირებენ, ქვეყნიდან დევნიან, შიმშილით და უწამლობით ჰკლავენ, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას პარავენ.

და იმიტომ ხდება, რაც ხდება , რომ სისტემა არ შეცვლილა საქართველოს გასაბჭოების დღიდან,- ის სისტემა, ყველა მამაძაღლი მედროვე კოსტუმივით რომ ირგებს მხრებზე.

თეატრი პოლიტიკური იარაღი არ უნდა იყოსო?

როცა სისტემა ანტიეროვნულ მაკულატურას აფინანსებს და უშვებს სცენაზე, განა თვითონ არ იყენებს თეატრს პოლიტიკურ იარაღად?

და თვითონ თუ იყენებს, რად უშლის სხვას?

ან რად აქეზებს თავის ლეკვებს უყეფონ სიმართლის მთქმელს?

განა სიმართლის დევნაც პოლიტიკა არაა?

დიახ, თუ დღეს სადღაც გაიღვიძებს თეატრი, და სცენიდან იშვიათად, მაგრამ მაინც წამოშუქდება რაღაც ჭეშმარიტება, ამას მაყურებელი უნდა მიესალმოს, თუ რა თქმა უნდა მაყურებელია და არა ყველაფერს შეგუებული, და ჩასვრილი ობივატელი,

და მით უმეტეს, თეატრის პირველადი დანიშნულების აღსრულებას სცენაზე, თვითონ ხელოვანი უნდა მიესალმოს.

თუ რა თქმა უნდა, მართლაც ხელოვანია, და არა ხელოსანი.

მაგრამ თქვენ, ბოსტნის ორთავ ღობეზე გადახეულო ბატონებო და ქალბატონებო, აქეთურებო, და იქეთურებო,

აი, თქვენ, და თქვენს პატრონებს გეშინიათ სწორედ ჭეშმარიტი ქართული თეატრის,

მოგზავნილები მგონიხართ მეთქი, ვთქვი, ორივე მხარე, და აბა, როგორ უნდა გაგაგებინოთ,

რომ ხელოვნებამ და ნიჭმა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერი რეჟიმის დროს ეროვნული, და სახელმწიფოებრივი საქმე რომ უნდა აკეთოს.

ხელოვნება და ნიჭი მაყურებელს, მსმენელს, მკითხველს, ქართველობას რომ უნდა ახსენებდეს მუდამ, და რაღაც კარგის და დიდებულის სამოქმედოდ რომ უნდა მოუწოდებდეს.

და თუ არ აკეთებს ამას, მითქვამს, და კიდევ გავიმეორებ –

ნიჭი და უმაქნისი,

ჩემიც გავხან და სხვისიც!

.

წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”

.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)

 

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა