You are currently viewing რატომ დავდივართ ერთ წრეზე?

რატომ დავდივართ ერთ წრეზე?

აქ, 2017 წლის 15 მაისია,
როცა ფილარმონიაში საკონსტიტუციო განხილვის დროს მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე მორატორიუმის გაუქმება გავაპროტესტეთ.
და ორთვიანი ომის შემდეგ მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა კონსტიტუციაში ჩაიწერა.
ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულების მქონე, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხში ერთ პოზიციაზე მყოფი ადამიანების და ორგანიზაციების ძალისხმევით.
ბევრი იძახა მაშინ კობახიძემ, მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვას კონსტიტუციაში ვერ ჩავწერთო, მაგრამ მაინც მოუწია ამის გაკეთება.
ეს პლაკატი მე და ცოტნე გამსახურდიას გვიჭირავს ხელში,
ცოტნეს, – კაცს, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს იცავდა სიმართლეს,
ამას იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც ვერ, ან, “არ” ხვდება, – როცა დღეს, ახლანდელი მანიაკის რეჟიმს ეომები, ეს არ ნიშნავს, რომ წინა მანიაკის მომხრე ხარ, – არამედ ეს ნიშნავს, რომ იმ სისტემას ეომები, რომელიც მანიაკებს ბადებს.
ელემენტარულია ეს, და როცა ამას ვერ ხედავს ვინმე, ან იდიოტია, ანდა ფულის გამო იდიოტობს.
ნუ, კარგი გავყვეთ ისევ მიწის თემას,
2020 წელს, კიდევ ერთი დიდი ღალატი ჩაიდინა ქოცმა,- როცა სწორედ სალომე ზურაბიშვილის ხელისმოწერით კანონმდებლობაში შეიტანეს შესწორება, და უცხოელ კომპანიებს მიწის განუსაზღვრელი რაოდენობით შესყიდვის უფლება მისცეს,
სწორედ ამ ღალატის საშუალებით იყიდება 2020 წლის შემდეგ არაბებზე, ირანელებზე, თურქებზე და რუსებზე დიდი რაოდენობის მიწები.
მაგრამ , 2020 წელს, როცა ამის შესახებ განგაში ავტეხეთ, უკვე არც ერთი ორგანიზაცია აღარ დაგვიდგა გვერდით,
გითხრათ რატომ, თუ ხვდებით ?
ნუ, კარგი, იმ მთავარს დავუბრუნდები, რის გამოც დავიწყე ახლა ამ თემაზე საუბარი.
როცა ყველა პრობლემა, და სისტემური დანაშაული კანონით პრავდება, ანუ, როცა რეჟიმი კანონით გეომება,- ეს იქნება მიწის უცხოელებზე გაყიდვა, ან რუსული კანონი, თუ ისეთი არაადეკვატური კანონიც კი, როგორიცაა გზის გადაკეტვაზე ციხე და პირბადეების ტარებაზე ჯარიმები, – ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, პირველ რიგში კანონების შეცვლის საშუალება უნდა გვქოდეს.
საიდანაც მოდის პრობლემა, იმის შეცვლის უფლება უნდა გქონდეს, თორემ პრობლემის მხოლოდ გაპროტესტება არაფერს მოგვცემს, პრობლემის სათავეს თუ არ მივადექით.
და ვერც ხელისუფლების შეცვლა ვერ მოგვიხსნის ამ პრობლემას, და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ქოცი, თუ ნაცი, თუ შალიკო, მიწას და წიაღისეულს მაინც გაგიყიდის, და რუსაც თავს წაუღუნავს, და ამას ყოველთვის სახელმწიფოებრივი ინტერესით ახსნის.
კანონის მიღების და გაუქმების უფლება უნდა ქონდეს ხალხს!
და გვქონდა კიდეც ასეთი უფლება,!
და ეს უფლება ჯერ კიდევ 1995 წელს ჩამოგვართვეს შევარდნაძის კონსტიტუციით.
და სწორედ ამიტომ ხდება, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დარბის ხალხი, იმის მაგივრად, რომ იმას წავართვათ ასანთის კოლოფი, ვინც ცეცხლს გვიჩენს.
დიახ, როცა რაიმეს აპროტესტებ, – იქნება ნამოხვანჰესის აშენება, ბალდის კანიონი, ჭიათურის მაღაროები, სვანეთის წყალში ჩაძირვა, უმუშევრობა, საბანკო სისტემა, სასამართლო სისტემა, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი, თუ მიწის უცხოელებზე გაყიდვა, თუ რუსული რეჟიმი, თუ სხვა პრობლემა, კონკრეტულ მოთხოვნებთან ერთად აუცილებლად მთავარი, – კანონების მიღების და გაუქმების უფლებაც უნდა მოითხოვო.
პარტიები ამ საკითხს არასოდეს არ წამოწევენ წინ, რადგან ამ უფლების ხალხისთვის გადაცემა საერთოდ ჩამოშლის პარტიულ სისტემას.
პარტიები კი იმ ტოტს არ მოჭრიან, რომელზეც სხედან.
დიახ, რეფერენდუმით კანონის მიღების და გაუქმების უფლება რომ გვქონდეს ხალხს, რუსული კანონების წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე 340 დღე წინდაუკან სიარული არ დაგვჭირდებოდა, და არც არაბული დასახლებების თბილისში აშენებაზე ყვირილი, და კიდევ რამდენ უბედურებას გადავრჩებოდით.
მაგრამ უმრავლესობა რომ ვერ ხვდება, და რომ ვერ არჩევს რა არის მთავარი და რა არის მეორეხარისხოვანი, და რა უნდა გაკეთდეს, და როგორ, მთავარი პრობლემა რომ გადაწყდეს, ამიტომ დავდივართ 30-წლიან წრეზეც ერთი მანიაკიდან მეორე მანიაკის ხელში.
გასაგებად ვამბობ?
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა