You are currently viewing ტაივანური როქი

ტაივანური როქი

რა მაინტერესებს, და ექსპერტების ექსპერტი არსებობს?
ეგ ვინღაა და ალბათ , აი, ის მასტი, ვინც ყველაფერი იცის ექსპერტების შესახებ,
რად მინდა და რამდენჯერ ვიკითხე რომელი კვერცხიდან იჩეკებიან ეს ექსპერტები მეთქი, და ვერავინ მითხრა პასუხი.
ისევ მე მომიწევს ამ თემაზეც დისერტაციის დაწერა.
მართლა რა ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია ამ ქვეყანაში.
აბა, ბიჯო, რატომ არ უნდა იცოდეს სამხედრო ექსპერტმა, და გენერალმა, საერთოდ თავდაცვის სამინისტრომ, ელჩებმა, ტელევიზიების ბოსებმა, და მათ მაგივრად რატომ უნდა ვაუწყო მე, დონეცკის თეატრალური სტუდიის ძლივს კურსდამთავრებულმა გუჯა ბიძიამ, ჩემს შეშინებულ ერს, რომ სულ მარტივად შეიძლება გადაწყდეს მისი უსაფრთხოების საკითხი, და ასი წელი ვეღარ გაუბედავს ვერც რუსი, ვერც თურქი, და ვერც უცხოპლანეტელი საქართველოს ომს, თუკი შეერთებულ შტატებს ექნება ისეთი ოფიციალური ვალდებულება საქართველოს მიმართ, როგორიც არსებობს ამერიკასა და ტაივანს შორის, და რომელიც კონგრესის 1979 წლის 10 აპრილის ფედერალური კანონით არის დამტკიცებული.
ამ კანონის თანახმად ამერიკა იღებს ვალდებულებას გაუწიოს ტაივანს მყისიერი სამხედრო დახმარება საჭიროების შემთხვევაში.
და სწორედ ამიტომ ძალიანაც კი წრიალებს ჩინური დრაკონი, მაგრამ წრიალის გარდა სხვას ვერც ვერაფერს აკეთებს, თორე აქამდე ასჯერ გადაყლაპავდა იმ წერტილს, ტაივანი რომ ჰქვია სახელად.
ასეთივე ორმხრივი ვალდებულება აქვს ამერიკას ფილიპინებთან, სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთანაც.
და მიტომაც იღიმებიან კორეიკები, ფილიპოჩკები, ტაივანჩიკები და იაპოშკები ბედნიერად და არც არავინ ეკითხება იქ ერთმანეთს “აბა, ომი გინდა” ?
და ეჭვი მაქვს, რუსზე გაბრაზებული სომეხიც მალე შეეფარება ასეთ ქოლგას და ისე მალე, რომ რუსი თვალისდახამხამებასაც ვერ მოასწრებს.
სომეხი კი უშველის თავს,
და ჩვენ?
ოდესმე ჩვენც, და ამერიკის დახმარების გარეშეც, და ნაღდი ქართული გზით, მაგრამ სანამ ის ოვერტონის ფანჯარა ამუშავდება, კავკასიურ სახლს და მსოფლიო მცირე ერების კავშირს რო მოიაზრებს, როგორც ჩვენაირი პატარა ერების უსაფრთხოების გარანტიას, მანამდე ტაივანურ ვარიანტზე მაინც ვისაუბროთ
ბევრმა ვისაუბროთ, ბევრი ვისაუბროთ, და იქნებ დაიძრას პროცესი.
ის სხვა საქმეა, უნდა თუ არა ამერიკას ჩვენს გამო თავისტკივილი, მაგრამ შენ რომ გინდა თავი არ გტკიოდეს, ხომ უნდა გააგებინო და იქნებ დაჯდეს დუშაში.
ამიტომ უნდა ვისაუბროთ,
და იქნებ გამოდნეს რაიმე, სანამ სხვა საშველი გამოჩნდება.
ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ, ვისაც მართლა გვაწუხებს ამ ტანჯულა ქვეყნის ბედი და მომავალი, თორე როდის იყო კვერცხიდან გამოჩეკილები ასეთ თემებზე საუბრობდნენ.
ვაჰ, ესენი კაი გამახსენდა, კინაღამ დამრჩნენ უყურადღებოდ.
ხო გასაგებად ვამბობ პატივცემულო ექსპერტებო? გენერლებო, თავდაცვის სამინისტრო, ტელევიზიების ბოსებო, პოლიტაფერისტებო, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აღარ იყოს საჭირო არც რუსის უკანალში შეძრომა, და არც ნატო, და არც მისი ღია კარი?,
შეგიძლიათ დახუროთ,
და ბარემ პირიც დახურეთ, ე მანდ რაიმე არ შეგიფრინდეთ.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7

.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა