
არ ვიცი, არის თუ არა ეს “ლექსი” ისევ მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოში, მაგრამ მე გეტყვით, თუ რა გზას გადის ეს თეთრად ნაწველი ვიღაცის გონებიდან წიგნის ფურცლამდე.
არ გამოვრიცხავ, მაგრამ არა ვარ მომხრე შეთქმულების თეორიისა, თითქოს ვიღაც ზის სადღაც, სპეციალურად უშვებს სასკოლო წიგნებში ასეთ სისულელეებს, და მიზნად აქვს მომავალი თაობის დაჩლუნგება.
საბოლოოდ მაინც ასე გამოდის.
თუმცა საქმე უფრო მარტივადაა და ყველაფერი იწყება იქედან, რომ ..
აი, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რამდენს მოგიწონებიათ ისეთი რამ , რაც არ იყო მოსაწონებელი.
მაგრამ უბრალოდ , ჩათვალეთ, რომ არაფერი უჭირს , თუ ვიღაც ნაცნობის, ან უცნობის, ერთ ნაცოდვილარ ლექსს, ან ჩანახატს შეაქებთ.
ჰაა, აღიარეთ ახლა, რამდენს გაგიკეთებიათ ეს?
არ ვამბობ, რომ ყველას ესმის ლექსი და პოეზია,
მაგრამ ძალიან ბევრ, და ძალიან კარგ და გემოვნებიან ისეთ პოეტსაც ვიცნობ, ვისაც შეუძლებელია ცუდის და კარგის გარჩევა არ შეეძლოს, მაგრამ რატომღაც ძალიან დიდ უნიჭოებას მაინც რომ უკრავს ტაშს.
და არ მითხრათ ახლა, – არაო.
რატომ უნდა აწყენინო, ხო?
დიდი ამბავი, კაცი თავის ჭიას ახარებს, და გაახაროსო, ხო?
მაგრამ შექებით წახალისებული მეორეს წერს ასეთს. ცხვირწინ გიფრიალებს და კვლავ შექებას ელოდება.
მერე მესამეს, მეოთხეს,
მერე წიგნის გამოცემის სურვილიც უჩნდება,- გამოსცა კიდეც თავისი ხარჯით, არ დაენანა,
პრეზენტაციაც გააკეთა, და სწორედ შენ და შენნაირები დაპატიჟა, ვინც აქებდით,
და აი, უკვე ის სცენაზეა და ყვავილებში ჩაფლული,
პოეტი ჰქვია და უკვე დარწმუნებულია, რომ მთაწმინდის გზას ადგას.
ხოდა, მეორე წიგნიც გამოსცა, მესამეც, მეათეც,
ლიტკონკურსებშიც მონაწილეობს, – არ აცდენს არც ერთ ღონისძიებას, სადაც ლექსი და მოთხრობაა.
სანაცნობო, ანუ, საჭირო წრეც გაზარდა, საახლობლოც.
სხვა პოეტები და მწერლები გაიცნო, უფრო მეტად ისეთები, როგორიც თვითონაა.
სულ ერთად არიან, – ყველგან და ყოველთვის, ერთმანეთის წიგნების პრეზენტაციაზე დადიან, ერთმანეთს აქებენ, ერთმანეთს ტაშს უკრავენ, გენიოსს ეძახიან.
აბა?,
ასეთებს ერთმანეთი სჭირდებათ, მათზე უკეთესს რო გასაქანი არ მიეცეს, თორე მერე ამათ ვინღა წაიკითხავს.
ხო, ჩემო ბატონო, ამასობაში ეს შენი ნაქები, და შენგან ყელმოღერებული მწერალთა კავშირშიც მიიღეს.
ლამის მწერალთა სახლში ათენებს და აღამებს.
სხვადასხვა საღამოებზე პატიჟებენ.
ლექციების წაკითხვაც კი დაიწყო ლიტერატურაზე,
გაზეთებში იბეჭდება, რეცენზიებსაც კი წერს სხვის შემოქმედებაზე.
სამინისტროებშიც გაიკაფა გზა, საზღვარგარეთ დაიწყო მიწვევით სიარული, ემიგრანტებს რომ გააცნოს მისი “შემოქმედება”.
აბა, რა, აბა, რა..
კონკურსებშიც კვლავ მონაწილეობს, ახლა უკვე ჟიურის შემადგენლობაში.
და როგორ ფიქრობთ ამ კონკურსებში ვის ლექსს იწონებს? რა თქმა უნდა თავისი ნაცნობის, ან თავისნაირის.
გავაგრძელო?
რაღა გავაგრძელო, გასაგებია, რაც იწყება ერთი უბრალო მოწონებით, ხო?
რაც იწყება ერთი პატარა ჭიის გახარებით,
იმ ჭიის, მერე ყველგან რომ აღწევს, ყველა სფეროში, და ყველაფერს რომ აჭიანებს და ალპობს.
და რომ მრავლდება და მრავლდება,
და მკითხველსაც ჰგონია, რომ სწორედ ასეთი ჭიანი ლექსია ლექსი,
ასეთი ჭიანი სპექტაკლია – სპექტაკლი.
ასეთი ჭიანი ფილმია ფილმი, კინო, ფერწერა, მუსიკა, მეცნიერება, ჟურნალისტიკა, ეკონომიკა, კანონები და პოლიტიკაც.
და ასეთი ჭიანი ხელისუფლებაა ხელისუფლებაც.
და მერე, გადაშლი მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოს და ბაც..
აგე, ლექსი ბუზზე და ბეგემოტზე.
და თუ ნამუსი გაქვს, ისღა გრჩება, რომ ენაზე იკბინო, და იჯავრო, რომ ერთხელ, ვიღაც იდიოტს იდიოტობა მოუწონე.
თუ ნამუსი გაქვს , ხო,
თუ არა, და ტაში კუკური.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.