
ბოლოსიტყვაობის მაგიერ..
.
და ბოლოს, და კიდევ ერთხელ, –
დიდი იდეები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი თანამედროვეობა უკეთესობისკენ შეცვალონ, არ იწერება თანამედროვეებისათვის.
მივაწერო ახლა ამ ფრაზას ლაო ძი, მარკესი, ანდა ჯოისი, თუ ამ ერთხელ შინაურ მღვდელსაც დაუჯერებთ?
ასეა, ასე,
გინდა ერის, გინდა კაცობრიობის კოლექტიურ მახსოვრობაში ათეული წლობით იდეის შენახვა, შეფასება, გაანალიზება და შემდეგ განხორციელების მცდელობის პროცესი ბიბლიაში სწორედ იმით აისახა, 40 წელი რომ ატარა მოსემ ებრაელები უდაბნოში.
რა თქმა უნდა, ალეგორიაა უდაბნოში სიარული,
რადგან, როცა მიხვედრა არაა, რეალობის აღქმა არაა, და პასუხისმგებლობა არაა, ჩათვალე რომ საზოგადოება უდაბნოშია, და იდეაც, იდეა კი არა, ხმაა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.
დიახ, ეროვნული მნიშვნელობის და ზოგადსაკაცობრიო იდეები არ იწერება თანამედროვეობისთვის.
და საკმაო დროის გასვლა და საკმაო მწარე გამოცდილების დაგროვებაა საჭირო, რაც უნდა გაკეთდეს, იმის აუცილებლობას რომ მიხვდეს საზოგადოება, შესაფერისი რეალობაც რომ დადგეს და იდეებს რომ მიუბრუნდნენ თაობები..
მაგალითებისთვის, კაცობრიობის ისტორიისკენ რომ არ გავიხედოთ, ილია, და ზვიადია ზემოთქმული სიტყვების დასტური.
ილიას გარდაცვალებიდან მხოლოდ 70 წლის შემდეგ რომ მიუბრუნდა ქართული საზოგადოება ილიას სწავლებას, ჭეშმარიტმა ეროვნულმა მწერლობამ და ეროვნულმა ლიტერატურამ რომ შემოინახა.
მიუბრუნდა და მიაღწია კიდეც დამოუკიდებლობას, მაგრამ უფრო მეტი ვერ მოასწრეს.
რადგან, ის სისტემა, რუსული ოკუპაციით და გასაბჭოებით რომ დამყარდა საქართველოში, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
რადგან ასეთი სისტემა გაუნათლებელ ობივატელზე დგას.
და რაც მეტია ობივატელი მით ძლიერია სისტემა.
ამიტომაც ვერ მოასწრეს დიდი იდეების გატარება რეალობაში და მხოლოდ ამიტომ, რომ ვერ მოასწრეს, ელოდება ილიასეული “უპარტიო საქართველოს” იდეაც დღესაც თავის დროს,
ელოდება ჯერ დამნახავს, შემფასებელს და მერე მის ცხოვრებაში გამტარებელ ჭეშმარიტ ეროვნულ ელიტასაც,-
ჭეშმარიტს, და არა სისტემისგან დაპურებულს და შემოგდებულს.
ელოდება თავის რიგს, სწორედ ისე, როგორც გამსახურდიასეული “კავკასიური სახლის” იდეა, – ისევ და ისევ ილიას სწავლებიდან რომ მოდის.
ახალ რეალობაში გადატანა უნდა ამ იდეასაც, განვითარება.
დიახ, არა მხოლოდ კავკასიელი ერების, არამედ მსოფლიო მცირერიცხოვანი ერების კავშირის შექმნა და ცენტრით საქართველოში, საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ.
220 მილიონი მოსახლეობით მსოფლიო მცირე ერების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირი სრულიად შეცვლის გეოპოლიტიკას, და სწორედ ჩვენნაირი მცირე ერების სასარგებლოდ.
ესეც უნდა გაკეთდეს, აუცილებლად.
30 წელი დავკარგეთ, – დაგვაკარგვინეს.
ეს იდეები დღესაც აქტუალურია, შესავსები და ხელისუფლებებზე ზემოქმედების დასაკანონებელი მექანიზმების – სრულუფლებიანი რეფერენდუმით და გაწვევის წესის – მეშვეობით განსახორციელებელი.
გვჭირდება ჩვენ ამ იდეების რეალიზება.
გვჭირდება ამ იდეებიდან წამოსული ფუნქციების საკუთარ თავზე აღება,
მსოფლიო გეოპოლიტიკის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი მოთამაშეც რომ გავხდეთ, და ახალი ისტორიის დაწერის საშუალებაც რომ მოგვეცეს.
სამყაროს უნდა ვჭირდებოდეთ, უნდა,.
უნდა ვჭირდებოდეთ ერიც და ადამიანიც,
სამყარომ არსებობა რომ გაგვიხანგრძლივოს.
.
საადგილმამულო ალმანახი #3
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.