
” ქებაი, და დიდებაი..”
.
ქება და დიდება იწერებოდა მასზე და მისით,
და წინასწარმეტყველება ხდებოდა მისით და მასზე.
და გალობა და ლოცვა მი და მო, ბნეული,
და ამღერება მსოფლიოს დიდი ქალაქების სალოცავებში,
და მსოფლიოს მთავარ წიგნთსაცავებშიც მოხაზული და მოქარგული მისით იყო, და არის, ასონიშანი.
და მიწაზე სიტყვაძეგლებიც,
და კოსმოსში მრავალხმიანიც!
და თვით განკითხვაც!
როცა მოხდება, მოხდება მისით!
მეტი პატივი და დიდება მეტი, ვით, და ვინ უნდა მიაგოს რჩეულს, ღმერთისგან.
დღეც არისო, მისი,?
განა მისი დღე არ არის დღეყოველი, საათიც და წუთიც, და წამზე სწრაფი ფიქრიც მისით, – მისი დღეობა არ არის და დაბადება?
განა მისით არ გვიდგას სული, ყველას?
განა, მისით არ ვამცნობთ სხვას, როგორ გვიყვარს ის, რაც გვიყვარს,
და როგორ გვძულს ის, რაც გვიშლის ხელს, გვიყვარდეს?
განა მისით არ გვწამლავენ, და მისით არ გვწამლობენ?
განა მისით არ არის ნათლისღებაც და ზიარებაც, და ხსოვნით გაგრძელებაც არსცვლილი სიცოცხლის?
განა მისით არ არის სამოთხეც და ჯოჯოხეთიც?
გვახსოვს კი, ვისით?
განა, მართლა “დამარხულ არს”?
ის, არა!
და ის კი, და ცოცხლად, ვინც მას პატივს არ მიაგებს!
ვინც მას არ იცავს, ვინც მას არ იცვამს, ვინც მას არ იხდენს, სამოსელივით.
ვინც არ ამბობს ისე, როგორც საუკუნეების წინ ამბობდნენ, და ისე, როგორც საუკუნეების მერე იტყვიან!
დედა ენით და დედა ენაზე!.
არ ამბობ და მეტი კი არაფერია სიკვდილი!
ამბობ და მეტი არც არაფერია უკვდავებაც!
.
წერილებიდან “დრამატული დრამატურგია”
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია).
.