You are currently viewing მოკეტე, რა , შეჩემა

მოკეტე, რა , შეჩემა

ფილმში “ნატვრის ხე” ეროსი მანჯგალაძის პერსონაჟიც გემახსოვრებათ.
აი, ის, “აღსდექ, საქართველო” რომ აკერია პირზე.
კარგი ნაკითხი, კარგად მოსაუბრე.
უყურებ, გესიმპათიურება, ბავშვებს ანათლებს, ქვეყანას გულშემატკივრობს.
ერთი შეხედვით ასე სჩანს , ხო..
მომენტს გაგახსენებთ ერთს.
ეკლესიასთან არიან ბავშვები, ზოგი სახურავს უსწორებს შენობას, ზოგი ეზოს ასუფთავებს,ზოგი რას აკეთებს და ზოგი რას.
შრომობენ, მოკლედ, მართლა შრომობენ.
და ის მართლის მთქმელიც გამოჩნდება, და მოდითო ჩემთანო, გასძახის ბავშვებს.
მიატოვებენ ბავშვებიც საქმეს, ჯერ ამ პირაქაფებულს უსმენენ, მერე კოცნიან კიდეც ეკლესიის კედლებს, ისევ მისი მოწოდებით.
და ვერც ხვდებიან ბავშვები, რომ საქმეს მაშინ აკეთებდნენ, როცა ეკლესიას უვლიდნენ და არა მუხლდაჩოქილი დგომისას.
ისიც გემახსოვრებათ, როცა ვირზე უკუღმა შესმულ მარიტას ტალახს ესვრიან, რას აკეთებს ის “მართლის მთქმელი”.
გაიხსენეთ?
და რა მინდოდა მეთქვა,
თუმცა უკვე კი ვთქვი და ბარემ ერთსაც დავამატებ.
მე თუ მკითხავთ, ასეთი პაკაზუხა, პირაქაფებული, სხვისი ჭირის ფანჯრიდან (გინდ რეალური, გინდ ვირტუალური ) მოთვალთვალე და რიჟად მოლაპარაკე,
ასეთი კაცი, რომელსაც მხოლოდ მოთქმა და გოდება აქვს ხელობად, და ამას “მხილებას” ეძახის.
კაცი, რომელიც ყველაფერი ცუდადააო ამბობს, და არ ამბობს როგორ შეიცვალოს ცუდი კარგით, და რაც მთავარია არაფერს აკეთებს, რომ რაიმე შეიცვალოს – არის პირველ რიგში კედელში ჩასაბეტონებელი.
უსაქმურ ლაყაფისტებზე მეტი მაოხარი არა ყავს ამ ქვეყანას, რადგან საქმისმკეთებელსაც აკარგვინებენ დროს.
და კიდევ ერთიც.
ეროსი მანჯგალაძის იმ პერსონაჟს ფილში სახელი არა აქვს.
ყველას დანარჩენს აქვს, იმას არა აქვს.
ან რად უნდა სახელი, ვინც დღეს მასში თავისთავს ამოიცნობს, მისი სახელი ჰქვია.
მოკეტე, რა , შე ჩემა.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია).
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა