You are currently viewing არასოდეს თქვა, – არასოდეს!

არასოდეს თქვა, – არასოდეს!

2019 წლის 2 ივნისი. სპექტაკლი ” ჩაკრულო,” – პრემიერა.
მთელი 7 წელი გავიდა.
არასოდეს თქვაო, არასოდესო, ხო?
მართლაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ 48 წლის ასაკში ისევ სტუდენტი გავხდებოდი, და თან უკრაინაში.
და რომ 2014 წლის გაზაფხულზეც დონეცკის თეატრ-სტუდიის სცენაზე გორინის პიესის მიხედვით ჩემს პირველ სპექტაკლს დავდგამდი.
ხოლო ერთი წლის შემდეგ, 2015 წელს, თვითონ დავწერდი პიესას უცხოპლანეტელ ლადიკოზე , კოსმოსში გადაკარგული და მივიწყებული “ჩაკრულო” რომ დაუბრუნა ქართველებს.
და მით უმეტეს, ვერ წარმოვიდგენდი, პიესის დაწერიდან სამი წლის შემდეგ, 2018 წელს, უკვე თბილისში, “ კანუდოსის თეატრი “ თუ დავაარსებდი ,
რომელსაც პირველივე სპექტაკლის პრემიერიდან სულ რაღაც ერთ თვეში სცენას დაუკეტავდნენ პოლიტიკური მოტივით, და არც ერთ სხვა თეატრის სცენაზე აღარ აუშვებდნენ.
ხო, “არასოდეს არ უნდა თქვა, არასოდეს”,
და ვიცი ისიც,
რომ ვერც ერთი გამოგონილი ამბავი ვერ იქნება რეალობაზე უფრო დრამატული,
ვერც ერთი რეჟისორი ვერ იქნება შემთხვევითობაზე მეტი ხელოვანი,
და ვერც ერთი გენიალური მსახიობი ვერ ითამაშებს ისე, როგორც ცხოვრობს.
და შედეგად იყო სწორედ,
2019 წლის 2 და 8 ივნისის წარმოდგენა.
ერთი სპექტაკლის ორი სრულიად განსხვავებული წარმოდგენა!
7 წელი გავიდა, ხო..
მაგრამ კანუდოსის თეატრის პირველი ხუთი თვის თითოეული წუთი, საათი და დღე მახსოვს .
და რატომ პირველი ხუთი თვე?,
იმიტომ, რომ არასოდეს არ უნდა თქვა, – არასოდეს.
რადგან იყო კანუდოსის თეატრის მეორე ხუთი თვეც.
რადგან 2024 წელს ისევ მქონდა მცდელობა თეატრის აღდგენის, და ახალი პიესით, და ისევ პოლიტიკურით, – თუ როგორ დაამხეს დიქტატურა ბრაზილიაში დოჩანაშვილის წიგნით,
დიახ, “სამოსელი პირველით”.
და არც გამკვირვებია, რომ ამ ჯერზე, სცენამდე მიგვიშვეს კი არა, ხუთი თვის რეპეტიციები ჩაგვიყარეს წყალში.
რეპეტიციების დამთავრების საშუალებაც კი აღარ იყო.
მაგრამ თეატრით ცხოვრების კიდევ ხუთი თვე ხომ იყო?
ისევ ხუთი თვე, – მეორე ხუთი თვე.
ანუ, ჯამურად, გამოდის, – სულ ათი თვე კანუდოსში, ხო?
და ამიტომაც დავწერ კიდევ ერთ პიესას და დავდგამ სპექტაკლს თვითონ ამ თეატრზე,
რადგან კანუდოსის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან იმ ათი თვის განმავლობაში, როცა თეატრი ცხოვრობდა, არ დარჩენილა ჟანრი, რომლის მიხედვით არ განვითარებულიყო მოვლენები რეპეტიციებზე, თუ რეპეტიციებს შორის.
სცენაზე , თუ სცენის გარეთ.
ადამიანებთან, თუ სისტემურ მანქანასთან.
იყო რეალური ურთიერთობა და ეს ურთიერთობა იყო დრამაც, კომედიაც, ტრაგედიაც, სატირაც, დეტექტივიც, ფანტასმაგორიაც, – ყველაფერი იყო.
იყო, გაგება, გაუგებრობაც, ინტრიგაც, შიში, იმედი, დიდი ღალატიც, გარდაცვალებაც, და დაბადებაც იყო,
ლეგენდის დაბადება, ხო,..
და ისევ ახალი იმედები, და ისევ თავიდან ყველაფერი, და ისევ ხანგრძლივი, და იძულებითი პაუზა.
ხო, 7 წელი კი გავიდა, მაგრამ რეალურად მხოლოდ ათი თვე ცხოვრობდა თეატრი.
ანუ, სამი დღე რეპეტიცია, დღეში 2 საათი, კვირაში 6 , და თვეში 24 საათი .
და ასე ათი თვე,
ანუ, ” ათი დღე კანუდოსში”.
და აგე, სახელიც იმ ახალი პიესის, რომელსაც აუცილებლად დავწერ.
დავწერ პიესას იმის შესახებ,
თუ როგორ ომობდა ერთი პატარა თეატრი ქვეყანაში, სადაც “ქართული თეატრი არ არის ქართული”.
დიახ, დავწერ ასეთ პიესას.
და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით დიდ სცენაზე.
და ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ომი მოვიგეთ!
მე მინდა, ასე რო იყოს!
და , ასეც იქნება!
და არასოდეს თქვათ, არასოდეს !
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა