You are currently viewing არ მესმის

არ მესმის

ხელი რომ გამეშვა და სულ რამდენიმე ნაბიჯიც კი რომ გადამედგა, ფიქრიც კი არ მინდა, თუ როგორ გაგრძელდებოდა მერე ჩემი ცხოვრება.
ხო, ვისაც 90-იანი წლების ბოლოს როსტოვში, თუნდაც მცირე ხნით მოუწია ყოფნა, ემახსოვრება ჭრელი მოსახლეობით, და ათას ენაზე მოლაპარაკე, ათასი რჯულის, და გაგების ბანდებით და სექტებით ამოტენილი ქალაქი.
წარმოიდგინეთ, მოშლილ სოციალიზმში აზელილი კაპიტალიზმი,
კრიმინალიც ქუჩიდან ხელისუფლებაში გადამძვრალი და პირიქით, კაბინეტებიდან ქუჩაში გადმოსული,
და გასაგები გახდება, რო არანაირი კანონი აქ არ მუშაობდა – ფულით და იარაღით იმართებოდა ყველაფერი.
მაგრამ ვერც ფულით და ვერც იარაღით ვერ გამოვასწორებდი შეცდომას ამ ქალაქში ახალი ჩასული კაცი, იმ დილით, სულ რამდენიმე ნაბიჯი რომ გადამედგა ტროტუარზე და ბავშვის გარეშე.
ხო, იმ მომენტამდე ორიოდე წუთით ადრე, თითქმის ცარიელ სამანქანო გზაზე მათესთან ერთად ფეხით მიმავალი, მოულოდნელად, ვიღაც ქალმა გამაჩერა, და ეგრევე დამიწყო, სადა ხარ, ამდენი ხალხი გეძებთ, რატომ გვემალებიო.
ხმადაბლა მეუბნება, ხო, – აშკარად ერიდებოდა თითოოროლა გამვლელის ყურადღების მიქცევას.
მეთქი, ვინა ხარ, პირველად გხედავ, საერთოდ მიცნობ?
სახელი მაინც თუ იცი მეთქი, ჩემი,
არც მისმენს, თავისას უბერავს, იქეთ გადავიდეთო, მეუბნება, – მანიშნებს მოაჯირისკენ,
დატოვეო აქ, ბავშვი, რატომ უნდა გაიგოსო ჩვენი ჩხუბის ამბავი, – მექაჩება ხელზე.
და ამ დროს, არ ვიცი, რა ძალამ მომახედა უკან, ვხედავ, 20 მეტრის დაშორებით უნომრო მანქანა მოგვყვება ნელი სვლით,
მანქანაში ორი შავგრემანი მამაკაცი.
წამებში ხდება ეს ყველაფერი,
დავინახე თუ არა მანქანა, მოვტრიალდი, ქალი ბავშვისკენ იყო უკვე გადახრილი,
მათე მოვიზიდე ჩემსკენ, ავიყვანე და მასთან ერთად ავარდი ტროტუარზე, და სანამ გამალებული ვფიქრობდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა, მანქანამ აუჩქარა სვლა, და გაგვცილდა რამდენიმე მეტრით წინ,
ქალიც გაეკიდა, ჩაისვეს მანქანაში და გაქრნენ მოსახვევში.
სანამ ხალხმრავალ ადგილზე არ გავედი, არ გავჩერებულვარ.
მერე, სახლში მისული, მთელი ერთი კვირა გარეთ არ გამიხედავს.
რო გავიგე, ამ ასაკის ბიჭებს რო იტაცებდნენ ქუჩებში ციგანთა ბანდები, და ჩეჩნეთში რომ გადაჰყავდათ.
ვერანაირად ვერ ვიპოვიდი.
და ვერც ვერავინ დამეხმარებოდა, –
გავიკითხე და ვერც ჩავერეოდითო, მითხრეს.
ზოგმა ისიც თქვა, იქნებ დაემთხვაო რაღაცეებიო,
ანდა, იმ ქალს ვიღაცაში აერიეო, იქნებ.
კიდევ იქეთ დაიწყეს ჩემი დაბოლება.
მაგრამ თუნდაც ასე ყოფილიყო, თავის დაზღვევა სჯობს ყოველთვის, მერე სინანულს.
ფოტოზე ის წელია, ხო,
სხვა დღეა ოღონდ, მაგრამ ისე მაქვს მათეს ხელი ხელში, მეტყობა ალბათ, ისევ შიში.
და რატო გავიხსენე?
რავი, შეიძლება სხვამ მეტი იწვალა, და ისე გაზარდა შვილი,
მაგრამ ჩემთან, მათეს გაჩენამდეც, იმდენი რამ მოხდა, იმდენი სანერვიულო, – იმდენი გაჭირვება, შიმშილი, ავადობა და ოჯახის წევრების ზედიზედ გარდაცვალება,
რო ამ ყველაფრის ფონზე მათეს დაბადება ერთადერთი ნათელი წერტილი იყო,
მაგრამ მის მერეც არ ვიყავით დალხენილი.
და როცა ახლა ვიღაცეები მეუბნებიან, ან მაგრძნობინებენ, რა დაფეთებული ხარო შვილზე, – ასე მგონია, ეს ხალხი არ ცხოვრობდა მაშინდელ საქართველოში.
ანდა, ყველანი პროფესორების , აკადემიკოსების, დირექტორების, ქალაქკომის მდივნების, და ცეხავიკი და სხვა მაყუთა ხალხის ოჯახებში ჩამოაგდო წერომ,
ზაფხულობით არტეკის ბანაკით, და ზამთრობით ბაკურიანით, კარაქიანი პურით და ზედ ხიზილალით, შავი გაზოცდაოთხებით სკოლამდე რომ მიყავდათ მამიკოების მძღოლებს.
ცხოვრებაში არაფერი და არავინ ცუდი რო არ უნახავთ,
ისე რო გაიზარდნენ და მერე ისინიც მათი მშობლებივით ყველა მთავრობას რო მოერგნენ.
ყველაფერს რო ეგუებოდნენ,
და ალბათ , ახლაც ასე არიან,
და შვილებიც, ალბათ, სხვებმა გაუზარდეს.
ასე მგონია, ხო,
ღმერთმა მშვიდობა მისცეთ,
მაგრამ ვერ ვუგებ ამ ხალხს.
არ მესმის მათი.
და არც მინდა, მესმოდეს.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა