You are currently viewing “ბერლინამდეც მიხვალ”

“ბერლინამდეც მიხვალ”

1941-1945 წლების რუსეთ-გერმანიის ომის “სამამულო ომად” მოხსენიება ან მაგარი გაუნათლებლობაა, ან აშკარა რუსიზმის სუნი უდის.
ყოველ წელს 90 000 ქართველი გაყავდათ მონღოლებს, და საკუთარ ომებში გვაომებდნენ.
1256 წელს ალამუთის ციხესთანაც გვაომეს, ასასინების ციხესთან, მკვლელების ციხესთან,
ავიღეთ ციხე, დროშაც აღვმართეთ,
მაგრამ იმ გამარჯვებას არ აღვნიშნავთ, ხომ,?.
რადგან არ იყო ჩვენი ომი, არ იყო სამამულო ომი.
დიდგორი გვახსოვს, – სამამულო იყო და იმიტომ,
შამქორი გვახსოვს, ბასიანი გვახსოვს, ხრესილი გვახსოვს, მარტყოფი გვახსოვს, და ვამაყობთ კიდეც იმ ომებში გამარჯვებით, –
ალამუთის ომს არ ვახსენებთ,
ისევე, როგორც არც ერთ იმ ომს, სადაც კი ძალით მივყავდით ოსმალოს, სპარსელს, თუ არაბს.
არც ის ომი იყო ჩვენთვის სამამულო, ჯვაროსნებს რომ ვეხმარებოდით.
არ ვახსენებთ ავღანეთის იმ ომებსაც, არც მაშინ, როცა რუსმა წაგვიყვანა იქ საომრად, და არც მაშინ, როცა ამერიკელებმა გვაომეს.
და არა იმიტომ, რომ ორივემ წააგო, – არ იყო ის ომები სამამულო და იმიტომ დავივიწყეთ.
და რატომ წააგეს იცით ამხელა ქვეყნებმა ომი პატარა ავღანეთთან?
დიახ, – ავღანელებისთვის ის ომი სამამულო ომი იყო, და იმიტომ.
ჩვენთვის კი არა, – ამიტომ არ ვახსენებთ.
დრო მოვა, 9 მაისს მხოლოდ იმ ფაქტის გამო გავიხსენებთ, რომ პატარა საქართველოდან ამ ომმა 350 000 ადამიანი შეიწირა, და არა მგონია ეს ფაქტი საზეიმო იყოს.
მაგრამ განა დაიღუპებოდა ამდენი, ჩვენ რომ რუსს არ გავესაბჭოებინეთ და ომის დაწყების მომენტისთვის დამოუკიდებელი რომ ვყოფილიყავით?
ანდა დაგვიპყრობდნენ საერთოდ, 1921 წელს საქართველოს 350 000 ჯარისკაცი რომ გამოეყვანა რუსის წინააღმდეგ?.
რა თქმა უნდა, – არა და ვერა.
დიახ, სულ სხვა რამ არის საინტერესო, როცა 1941 -1945 წლის ომზე ვსაუბრობთ.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ქვეყანამ, რომელიც 1921 წელს ტაბახმელასთან მხოლოდ 200-მდე იუნკერით იომა, 20 წლის შემდეგ 700000 ჯარისკაცი გაუშვა ფრონტზე.
ის, რაც ვერ მოხერხდა 1921 წელს საქართველო -რუსეთის ომის, და ვერ მოხერხდა 1924 წლის აჯანყების დროს, შესაძლებელი გახდა 20 წლის შემდეგ.
სისტემამ შეძლო და 1924 -1940 წლების რეპრესიებით, პლიუს ყოვლისმომცველი და მიზანმიმართული იდეოლოგიით, ლოზუნგებით თანასწორობაზე, და შესაბამისად საბჭოთა მენტალობის ახალი ადამიანის შექმნით შეძლო და 700000 ქართველს ჩააცვა ჯარისკაცის ფარაჯა.
და აქედან ნახევარი რომ დაიღუპა, ვთქვი უკვე.
გავიმეორებ – 700000 ქართველი გაიყვანა ფრონტზე.
ეს კოლოსალური რიცხვია, უზარმაზარი რიცხვი, ამდენ ჯარისკაცზე ბევრი დიდი სახელმწიფოც კი ვერ იოცნებებს, და პატარა საქართველოს დღეს რომ შეეძლოს იგივე, თუნდაც ამ რიცხვის მესამედის იარაღის ქვეშ დაყენება, ნებისმიერ მტერთან ომში გავიმარჯვებთ.
რაც ზემოთ ვთქვი ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბჭოთა წყობა სჯობდა.
ქვეყნისთვის ომი რას ნიშნავს რომ გავიგოთ, ისრაელის ხსენებაც კმარა.
და გამოდის, რომ საზოგადოების უმრავლესობას ქვეყანა სამშობლოდ მიაჩნია მაშინ, როცა არსებობს და გამართულად მუშაობს ის საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტრუმენტები, – ოჯახი, სკოლა, უნივერსიტეტი, კულტურის დაწესებულებები, სამეცნიერო, სოციალური და ეკონომიკური ინსტიტუციები, საინფორმაციო საშუალებები, და ეროვნული ელიტა – რომლებსაც საზოგადოება ამ აღქმამდე მიჰყავს.
საბჭოეთის დაშლასთან ერთად საბჭოეთზე მორგებული ინსტრუმენტებიც გაცვდა და ვითომ დამოუკიდებელ საქართველოში, კაპიტალიზმზე მოუქნელად გადაწყობილმა სისტემამ ამ 30 წლის განმავლობაში საზოგადოების წინააღმდეგ იმუშავა, და ჩვენი თვითშეგნებიდან რაც დარჩა ახლა, მხოლოდ იმისთვისღა კმარა, იმ ჩვენი ბაბუებით ვიამაყოთ, რომლებიც ერთ დროს ტყვიას არ შეუშინდნენ 21-ში, 24-ში, თუ 41-ში და რაც დაგვრჩა ესეც გაქრება ჩვენს თაობასთან ერთად, და გამქრალია კიდეც, რადგან ჯერ კიდევ აგერ, აფხაზეთისთვის და სამაჩაბლოსთვის ომებმა გამოაჩინა, რომ საზოგადოების უმრავლესობა ქვეყანას სამშობლოდ ვეღარ აღვიქვამთ, თუ მის დასაცავად მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტი ომობს.
და მის მერე კი წელიწადში ერთხელ თუ ვიხსენებთ გასახსენებელს და უფრო უარესიც, სანთლის დასანთებად იმ ბაბუების სასაფლაომდეც ვერ მივდივართ, რომლებიც ერთ დროს ბერლინამდე მივიდნენ.
30 წელი დავკარგეთ.
დღეს რომ ომი დაიწყოს, დიდ ქვეყნებთან კი არა, სომხეთთანაც კი წავაგებთ ომს.
არა გვაქვს სამშობლოს აღქმა, არა,
თორემ ეს 30 წელი ამ პოლიტნაგვებს, ქვეყანას რომ ძარცვავენ და გვიყიდიან, კი არ ავიტანდით.
აქციებზე არ გამოდის ხალხი, და ამ ხალხს ჯარისკაცის ფარაჯას ჩააცმევ?
და გამოდის , რომ დღეს სანამ მშვიდობაა, იმ ინსტრუმენტების შექმნაზე და მათთვის ისეთი შინაარსის მიცემაზე უნდა ვიზრუნოთ თვითშეგნების აწევაში რომ დაგვეხმარება, და ქვეყანას რომ სამშობლოდ გადაგვიქცევს,
და უნდა ვიზრუნოთ ჩვენ თვითონ, ქვემოდან, თვითორგანიზაციით, დამოუკიდებლად, რადგან სისტემას, რომელიც არ შეცვლილა 100 წლის განმავლობაში და ისევ რუსული, და ისევ საბჭოურია, სულ სხვა ინტერესი აქვს.
სისტემა სხვა ომშია.
ომში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, და თავის ჯარისკაცები ყავს.
ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ
ეროვნული პროექტების განხორციელებით, ადამიანური და ფინანსური რესურსის შექმნით, და ამ რესურსის მიზანმიმართული გამოყენებით იმ ინსტრუმენტების შექმნაზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც თვითშეგნების აწევაში დაგვეხმარება.
და ვერც გარეული მტერი ვერ მოგვერევა და ვერც შინაური.
სკოლებში და უნივერსიტეტებში სამხედრო საქმეს და სამოქალაქო თავდაცვას არ ვსწავლობთ, და როგორ გინდა ომი მოიგო?
ჰეროიკულ ფილმებს არ ვიღებთ, ჰეროიკულ სპექტაკლებს არ ვდგამთ, წიგნებს არ ვწერთ, გმირებზე არ ვსაუბრობთ და როგორ გინდა გმირი გაიზარდოს?
ძალით ვერ აომებ ადამიანს, რომ იომოს მან უნდა იცოდეს რას კარგავს, ან რა დაკარგა უკვე.
და გამოდის, რომ გინდა პირდაპირი, გინდა გადატანითი მნიშვნელობით ჩემი და შენი ომი შეიძლება იყოს მხოლოდ ის ომი, რომელშიც შენი ნებით მიდიხარ, რწმენით, იდეით, და არა ის, რომელშიც ძალით მიყავხარ.
დიახ, გავიმეორებ, და ხაზგასმით-
ჩემი და შენი ომი, სამამულო ომი შეიძლება იყოს მხოლოდ ის ომი, რომელშიც შენი ნებით მიდიხარ, და არა ის, რომელშიც ძალით მიჰყავხარ.
და როცა ომში შენი ნებით შედიხარ, რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი იყოს მტერი, მაინც “ბერლინამდეც მიხვალ”.
ხო, ასე გამოდის.
აი, ესაა ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ნამდვილი სამამულო ომის, საკუთარ თავთან ომის და საერთოდ, ომების შესახებ.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა