
გასაღები ” ვეფხისტყაოსანის” ცხრაკლიტულებისა,
ანუ ” ესე ამბავი სპარსული”.
.
თავისი არსებობის მანძილზე იშვიათია პერიოდები და ხანმოკლე, როცა ქართველს შეეძლო დალხენილად ეგრძნო თავი.
მით უფრო გიკვირს, როგორ მოასწრო და შექმნა ყოველივე ის, რაც მას გაწელილი საუკუნეების განმავლობაში აძლებინებდა.
მოასწრო და შექმნა, რისი არდამკარგავი და გადამცემი მაინც უნდა იყოს მომავლისათვის ყოველი თაობა, თუ ახალს და ღირებულს ვერაფერს შემატებს.
იმისთვის, ეს რომ შეძლო, სული უნდა ჩაგბერონ ჯერ.
ის სული, მისაღებად რომ უნდა იყოს ჯერ მზად და მერე გადასაცემად.
ბავშვობიდან იწყება ეს ყველაფერი და ვინ ადრე მიდის აქამდე, ვისთვის მთელი სიცოცხლე იწელება ეს გზა და ვიღაც კიდე ისე მიდის იმ ქვეყნად, საერთოდ ვერ ხვდება რას ნიშნავს იყო ქართველი.
და რომ მიხვდე ამისთვის გჭირდება სწორედ რუსთაველი.
დიახ, გავიხსენოთ როდის აღმოვაჩინეთ ხელმეორედ “ვეფხისტყაოსანი”.
მისი დაწერიდან ხუთი საუკუნის შემდეგ, ყველაზე მეტად რომ გვიჭირდა, ყველაზე მეტად რო ჰქონდა დაცემული ერს ზნეობა, – მამა შვილს რომ ყიდდა და დედა რომ ცოცხლად მარხავდა, და რა ჰქმნა მაშინ “ვეფხისტყაოსანმა”?,- გავიხსენოთ.
ამცნო, თუ როგორი იყო ერთ დროს ის, ვინც ახლა ადამიანს არ ჰგავდა- შეარცხვინა, სული შეურყია, ტარიელობა მოანდომა, ავთანდილობა, თინათინობა და ნესტანდარეჯანობა. – ადამიანობა მოანდომა.
ისეთი ქვეყანა მოანდომა, სადაც ღირსება არსებობს.
და განა რუსთაველის დროს არ იყო მტრობა და შური?
არ იყო კაცის კვლა და ღალატი, მაგრამ რას უმღერა, ხო?
და რომ მივხვდეთ, თუ როგორ შეძლო რუსთაველმა ეს, და რატომ მოქმედებს ჩვენზე ასე მისი სიტყვა, და რომ ვიცოდეთ, როგორ უნდა დავიცვათ რუსთაველი, რომ მან , ჟამიანობის დროს, ისევ ჩვენ დაგვიცვას – უნდა გვესმოდეს, თუ რა არის „ვეფხისტყაოსანის“ გასაღებიც.
დიახ, არსებობს კოდი,
და უფრო მარტივი გასაგები რომ იყოს რაზეა საუბარი, მოკლედ შევეხები ჯერ იმ ნაწარმოებს, რომელსაც „ვეფხისტყაოსანზე“ კარგად იცნობს მკითხველი.
ვინც მიაქცია ყურადღება რომანში “დათა თუთაშხია ,” დათას და მუშნის ფიზიკური და გონებრივი მონაცემების მსგავსებას, და იმასაც, დათას სიკვდილის მერე მუშნიმაც რომ დაკარგა ცხოვრების აზრი და გარდაიცვალა და კიდევ ბევრ საგულისხმო დეტალს ,- მისთვის ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ ავტორი დათა და მუშნის იპოსტასებით ადამიანური არსის ორ საწყისზე საუბრობს.
დიახ, ადამიანის საკუთარ თავთან ომის თეატრია გაშლილი წიგნში,
ადამიანის “მე” -ზე მისი იპოსტასებით საუბრის ფორმა რა თქმა უნდა, თუთაშხიას ავტორს არ გამოუგონებია და საერთოდ, ვერაფერს იტყვი ახალს ისეთს, რაც სხვას არ უთქვამს, მაგრამ გააჩნია რა ფორმით ამბობ სათქმელს და რა სიღრმით.
და მაშინ რაღა უცხო კლასიკოსებისკენ გავიხედოთ, როცა ადამიანის სულის წიაღებში ქართულ თვალზე უკეთესად მართლაც არ ჩაუხედავს არავის ჯერ.
რუსთაველი მყავს მხედველობაში,
აქვე ვიტყვი, – თუ თუთაშხიას შემთხვევაში საკუთარ თავთან მეომარი დათა დამარცხდა, რადგან თავს უღალატა, იმით, რომ ნანოს სიყვარულზე ნებით თქვა უარი – რუსთაველმა თავის გმირს ეს დიდი ომი მოაგებინა.
რადგან რუსთაველმა მოახერხა და ნათქვამში ჩადო ის გზა, რითაც შესაძლებელია ადამიანი საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყოს.
შეძლო ეს რუსთაველმა, მისცა ეს გზა ქართველს და ისეთი ფორმით , რომ წესით ყველა დროის ობივატელმა უნდა გაიგოს.
დიახ, რუსთველისეული ფრაზა “ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანევი” კოდი და გასაღებია “ვეფხისტყაოსნის”,
და ამ ფრაზას მხოლოდ ის მიიღებს პირდაპირმნიშვნელოვნად, ვინც საერთოდ ვერ ხვდება მეტაფორებით გადავსებული ნაწარმოების ალეგორიულობას და მის მრავალგანზომილებიან სიუჟეტურ ქარგას.
რა თქმა უნდა, არანაირი სპარსულის ტექსტის გადმოქართულებაზე არანაირი საუბარი არ შეიძლება იყოს.
არც არსებობს მსგავსი სიუჟეტის ტექსტი რუსთაველამდე ეპოქის ძველსპარსულ, გინდა არაბულ ლიტერატურაში.
მაგრამ რუსთაველი ამ ფრაზით იმ ლიტერატურულ ხერხის გამოყენებაზე მიგვანიშნებს, რომელიც ასე გავრცელებული იყო ძველაღმოსავლურ ეპოსში და რომელსაც თუთაშხიას ავტორმაც კი მიმართა, და მით უფრო ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ არც რუსთაველი გაწერდა “ამბავს” უბრალო ამბად , ერთხაზოვნად.
დიახ- რუსთაველი 8 საუკუნის ასაკის ამ მრავალგანზომილებიან ნაწარმოებში, რეალური, ისტორიულ მოვლენების და რეალური ფაქტების ასახვის პარალელურად ერთი და იგივე ადამიანის სულიერ მეტამორფოზებზე საუბრობს,
უფრო სწორედ, ერთი და იგივე პიროვნების სულიერი ემოციების გადმოცემას ემსახურება სხვადასხვა პერსონაჟის შემოყვანაც და რეალური ფაქტების და მოვლენების, და სხვადასხვა გეოფრაფიის შემოტანაც ნაწარმოებში.
და გასაგები ხდება, ისიც, რომ რუსთაველი ისტორიული, რეალური მოვლენების პარალელურად , თავის სულის ლაბირინთებში მოგზაურობს, და არა სხვადასხვა ქვეყნებში, და რომ ამ მოგზაურობის დროს თავის ემოციებს ხვდება,
საკუთარ ემოციებს ანსხეულებს, და ურთიერთობს, საუბრობს, კამათობს, მეგობრობს, თუ მტრობს მათთან და არა ადამიანებთან.
და იქედან გამომდინარე , რა კომპრომისზე მოუწია წასვლა რეალურად რუსთაველს, თუ პირიქით, რა უკომპრომისობა გამოიჩინა მან რეალური სიყვარულის გამო, იქარგება ვეფხისტყაოსანის სიუჟეტიც, და იძერწებიან პერსონაჟების ხასიათებიც.
დიახ, ტარიელი, ფრიდონი და ავთანდილი ერთი ადამიანის – ვეფხისტყაოსნის ავტორის – სამი იპოსტასია, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი პერსონაჟიც, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომენტში რომ შემოჰყავს რუსთაველს, ამ ყველა დროის და ეპოქის გენიოსს.
დიახ, ყველა მოქმედი პერსონაჟი და მათ შორის ქალი პერსონაჟებიც მთავარი გმირის – რუსთაველის – სულიერი მდგომარეობის გარეალურებული, გაფიზიკურებული სახეები არიან.
და „ნესტანდარეჯანს“ მათ შორის მთავარი ადგილი უკავია, რადგან გმირი მას „ეძებს“ ,
და შესაბამისად „ ვეფხისტყაოსანის“ კოდის შემდეგ, ნაწარმოების მრავალგანზომილების მიმნიშნებელი თვითონ პოემის სათაურიც „ ვეფხისტყაოსანი“ და შემდგომ პერსონაჟების სახელებიც ხდება.
და ამის შემჩნევაც არ არის ძნელი, თუ გავიხსენებთ,
რომ სიტყვა „ნესტანდარეჯანი“ – ნიშნავს – “ის, რაც არსად არ არის” ,
ანუ, რაც ფიზიკურად არსად არ არის, მაგრამ სულიერებაა, რომლის გარეშე საკუთარ თავთან და სხვასთანაც ჰარმონია შეუძლებელია.
ტარიელი კი, ანუ “ტარიქელ”,, – ღმერთისკენ მავალს ნიშნავს,
ანუ, გამოდის, რომ პიროვნება ღმერთის გზით (საკუთარი თავის შემეცნებით, ) ეძებს მას „რაც (ფიზიკურად, ხელშესშესახებად, ) არსად არ არის“ , ანუ ეძებს სულიერებას, ანუ ღმერთს ეძებს,
რადგან სულიერება და სიყვარულია სწორედ ღმერთი, რადგან მხოლოდ სიყვარული ხდის ადამიანს სახედ და ხატებად ღმერთის.
და ამ გზით ჭეშმარიტებისკენ, და სამყაროს გააზრებისკენ მიდის.
დიახ, მთავარი გმირი იმ „მდგომარეობას“ ეძებს , რომლის გარეშე სულიერი წონასწორობა დარღვეული აქვს.
და როცა პოემის „ნესტანდარეჯანზე“ ვისაუბრებთ , მასზე უნდა ვისაუბროთ, როგორც იმ “ჭეშმარიტებაზე”, იმ “გზაზე” რომელიც საშუალებას აძლევს მთავარ გმირს მიაღწიოს ჰარმონიას თავის სხვა იპოსტასებთან და ქვეიპოსტასებთან,
„გზა“, რომელიც აკავშირებს, და აწონასწორებს,
გულს -გონებასთან,
პასუხისმგებლობას- გრძნობებთან,
ზნეობას- ადამიანურ ცოდვებთან,
ღმერთის სახებად ყოფნას – მიწიერებასთან,
დიახ, სისუსტეების დაძლევის უნარია სწორედ სულიერება.
და როცა ნესტანდარეჯნის მამიდა დავარი, ანუ “და – ვარ” შემოდის პოემაში, უნდა მივხვდეთ, რომ ეს იმ მორალია , რომელიც ურღვევს მთავარ გმირს ამ სულიერ წონასწორობას, და კონფლიქტში შეყავს თავისთავთან,
და “ჭეშმარიტებას” ქაჯეთის (ანუ ცოდვების ციხეში) გამოკეტავს, – “გზას” გადამალავს,
ერთი პერსონაჟის სულში ხდება ეს ყველაფერი, ერთის, თორემ მართლა ქაჯებს კი არ მიყავთ დასაკარგავში „ნესტანდარეჯანი.“
და ასე შემდეგ, ასმათიც, ფატმანიც, ფრიდონიც, და სხვა პერსონაჟებიც – ემოციებია განსხეულებული და ერთი ადამიანის სხვადასხვა სულიერი მდგომარეობის გადმოსაცემად სჭირდება ავტორს.
ეს პერსონაჟებიც მრავალგანზომილებებით არიან, ისევე როგორც მთავარი გმირი, ისევე როგორც საერთოდ ადამიანის ქვეცნობიერი და თითოეულ მათგანზე თვალის მიდევნება ისევე რთულიცაა და მარტივიც, როგორც ადამიანის განცდების სიტყვით გადმოცემა.
ამიტომაც არის რთულიც და მარტივიც ჩვენთვის “ვეფხისტყაოსანი”,
ისევე რთული და მარტივი, როგორც საკუთარი თავი.
და მიუხედავად ამ მიხვედრამდე ჩემი დამოუკიდებლად მისვლისა, მე ვერც ვერასოდეს გავბედავდი ამოდენა თემაზე საქვეყნოდ საუბარს, რომ არ მეგულებოდნენ ამ საკითხში ჩემი დიდი „მოკავშირეები“, შალვა ნუცუბიძის და ზვიად გამსახურდიას სახით, რომლებმაც ჩემზე დიდი ხნით ადრე ისაუბრეს რუსთაველის გმირის მრავალსახეობაზე,
მაგრამ „ვეფხისტყაოსნის“ კოდის ყველაზე უკეთ და ყველაზე პოეტურად ამხსნელის სახელი, ჩემის აზრით მაინც სხვას ეკუთვნის.
დიახ, – პოეტი ქალბატონი თამარ ერისთავის ( 1932-2014)
„ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები”,
ანუ „ვეფხისტყაოსნის“ მეორე განზომილება”
1995 წელს არის გამოცემული, და ამ რამდენიმე წლის წინ სულ შემთხვევით ჩამივარდა ხელში, და სრულიად დამიდასტურა ჩემი ვარაუდები რუსთაველის პოემის კოდის და მრავალგანზომილების შესახებ.
პატარა, 95 გვერდიანი, ლამაზქართულით დაწერილი ნააზრევის ტირაჟი სულ 500 ცალია და ვეჭვობ, მის შესახებ ფართო საზოგადოებამ იცოდეს.
მართლაც, რომ უუუფაქიზესი პოეტური სულის მქონე ადამიანი თუ შეძლებდა ასეთი, ყველასაგან გამორჩეული კუთხით დაენახა რუსთაველი.
მიჰყვები ქალბატონ თამარის ნანინანატრ ფიქრს, და აკეთებ აღმოჩენას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადრეც გრძნობდი რა ღვთის გენი იდო ამ ნაწარმოებში, ხვდები მეტსაც, რომ ერთი ადამიანის გენიალური ჩანაფიქრიც კი შეიძლება დახსნას მეორემ, თუკი ნაამბობს გულისთვალს მიადევნებს.
და თან ისე, როგორც ეს ქალბატონმა თამარმა შესძლო, და შეძლო მართლაც შეუდარებლად, და რუსთაველის საკადრისად.
დიახ, „ვეფხისტყაოსნის“ კოდის არსებობა ჩემთვის უდაოა.
მაგრამ ქალბატონ თამარს მის ნაშრომში აქვს პასუხიც იმ კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი, და მისი პასუხიც ამ კითხვებიდან გამოდის:,
„ვინ შეიძლება სცოდნოდა რუსთაველს ასე კარგად, თუ არა საკუთარი თავი?
ვისი სულის ცხრაკლიტულებში ჩაგვახედა რუსთაველმა და ასე ზედმიწევნით?“,
და თუკი, ტარიელიც, ავთანდილიც და ფრიდონიც ერთი და იგივე პიროვნებაა, ანუ თვითონ რუსთაველის იპოსტასები არიან, და მაშინ ქალბატონი თამარ ერისთავისთვის, თუ ვინ არის „რუსთაველი“ ამ კითხვაზე პასუხი ისევ „ვეფხისტყაოსანის“ სიუჟეტშია.
დიახ, ვინ შეიძლება ყოფილიყო ტახტის პირდაპირი მემკვიდრე?,
ვის ჰქონდა უფლება ეთქვა, რომ საქართველო „ ჩემი არის, არვის მივცე ჩემგან კიდე“?
და ვისთვის არის „ და- ვარ“ არსით გამოხატული ზნეობრიობის დარღვევა თამარისადმი ხორციელი სიყვარული?,
და ბოლოს, ვინ ირჩევს მხოლოდ სულიერ სიყვარულს და ვინ ამბობს აჯანყებაზეც და ტახტზეც უარს?,
და ვისთვის არის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი საქართველოდან გადახვეწა?
ხო, ვიცი, ვიღაც მეტყვის, მესმისო, ვისაც გულისხმობსო ქალბატონი თამარ ერისთავი, მაგრამ მას ხომ თვალები დათხარესო, და გარდაიცვალაო, პატიმრობაში.
რა გითხრათ, აბა, – მემატიანე, და თან საეჭვოდ მიკერძოებული მემატიანე, ასეთ ფაქტებს მართლაც დებს,
მაგრამ თამარ ერისთავს ისე პოეტურად, და რაც მთავარია „ვეფხისტყაოსანის“ სიღრმეებში ისეთი ჩასვლით აქვს დასაბუთებული კითხვებზე პასუხი, რომ უნებურად მიყვები და გინდა ირწმუნო, რომ აჯანყების შემდეგ ტახტზე უარის „ ნებაყოფლობით“ მთქმელისთვის თვალისჩინის შენარჩუნებაც და გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი ქვეყნის გარეთ სამშვიდობოზე გაყვანაც, და ამ ფაქტის საიდუმლოდ შენახვაც, რომ არ იქნებოდა პრობლემა იმისთვის, ვისთვისაც არ იყო სულერთი მომავალი „რუსთაველის“ სიცოცხლე და არსებობა.
დიახ, კითხულობ და გჯერა ქალბატონი თამარის, რომ რუსთაველი, იგივე დემნა ბატონიშვილი, სამშობლოდან გადახვეწით არ მარცხდება, რადგან ის არ ამბობს უარს სიყვარულზე.
გჯერა, რადგან მართლაც ასეა,- ვინც არ უნდა იყოს „ვეფხისტყაოსანის“ ავტორი,
ის არ მარცხდება, რადგან მისი „ღმერთისკენ მიმავალი გზის“ აღწერა, საკუთარ თავთან ომი და საკუთარ თავზე გამარჯვება, „ვეფხისტყაოსნის ამბით“ – განსხეულებული ბრუნდება საუკუნეების მერე ისევ საქართველოში, და იკავებს ღირსეულ ადგილს ყოველი ქართველის გონებაში.
დიახ, იკავებს ღირსეულ ადგილს, რადგან გვასწავლის გზას სულიერებისკენ.
დიახ, „იკავებს ტახტს“ და მეფობს საუკუნეები ,
და სწორედ ასე ასრულებს თავის დანაქადნს, – რომ საქართველო მისი არის,
დიახ, საქართველო „ვეფხისტყაოსნისაა“, ზნეობისაა, და ამ ზნეობისკენ მიმავალი გზისაა,
დიახ, ამას გვასწავლის, ამით მეფობს რუსთაველი, და ვერანაირ უკეთურ და ბოროტ ძალას არ ძალუძს მისი დამცირება, ვინც არ უნდა ეცადოს ამას.
მართლაც კეთილად მშურს იმათი, ვისაც წინა აქვს ბედნიერება გაეცნოს ამ დიდებული ქართველი ქალბატონის ფიქრს.
და ვთვლი, რომ მისი გამოკვლევა სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამებშიც უნდა იყოს შეტანილი, და ქრესთომატიულად უნდა ისწავლებოდეს.
რომ მომავალ თაობას დაეხმაროს “ვეფხისტყაოსნის” მართებულად აღქმაში და გააზრებაში.
და კიდევ უფრო რომ დაფასდეს და დაცული იქნას ბოროტი ხელყოფისგან ის განძი, რაც გვაქვს.
და დღეს მით უმეტეს, როცა არის რუსთაველის დამცირების, გაუბრალოების და შეურაცხყოფის მიზანმიმართულად მცდელობები.
და მე მართლაც მიკვირს, როგორ შეიძლება წელიწადნახევარი დგამდე სპექტაკლს „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, და თუ თამარ ერისთავის გამოკვლევას არა, არ გაეცნო ნუცუბიძის, და გამსახურდიას აზრს მაინც ამ საკითხზე?
თუკი მართლაც შურისძიება და შეურაცხყოფა არ გსურს რუსთაველის?
შურისძიება, რადგან ვერ გაიგე რუსთაველი, და ვერც ხვდები საერთოდ რატომ დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“ .
დიახ, – , თუ რომელიმე რეჟისორი მომავალში გადაწყვეტს გადაიღოს ფილმი ან დადგას სპექტაკლი რუსთაველის ნაწარმოების მიხედვით, ანდა სკოლებში და უნივერსიტეტებში, როცა დავიწყებთ რუსთაველზე საუბარს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რაც “ვეფხისტყაოსნის” კოდით არის ახსნილი.
მხოლოდ ამ გზით თუ მივუახლოვდებით ოდნავ მაინც ამ ნაწარმოების სიდიადეს.
და იმ უდაოდ საინტერესო, აქამდე უცნობი სილამაზის გარდა რასაც ვეზიარებით, მივხვდებით კიდევ ერთ მიზეზს, თუ რატომ უნდა გვახსოვდეს “ვეფხისტყაოსანი”,
რატომ და
რომ მოგვინდეს ადამიანობა და რაღაც კარგი, და ზეამაღლებული გავაკეთოთ ამისთვის.
რატომ, და,
გვჭირდება ჩვენს ეს, – მე , შენ, იმას, და იმასაც კი, ყველაფერს რომ არიდებს თვალს, სჭირდება,
იმიტომ რომ
” გააზნაურდეს ქუეყნისა მოქმედნი, და გადიდებულდეს აზნაურნი და გახელმწიფდეს დიდებულნი, და იყოს მდიდრად ესე სამეფო, რომელ აზნაურის ყმანი მათთა პატრონის სწორად იმოსებოდეს და იქცეოდეს.“
და, დაე, იყოს, ასე!
.
28. 04. 2026
.