
უნიჭო რითმამ წალეკა ქვეყანა,
ხო, ჩემო ბატონო,
წალეკა, ათასჯერ ნახმარმა, ყალბმა ემოციამ, უადგილო პათეტიკამ, ინსტიქტების გამოფენამ.
არა, ლექსი არ არის აგიტპროპაგანდა, ლექსი არ არის სამშობლოს ასჯერ ხსენებაც, გულის და სულის შეჯვარებაც, წვიმაზე საუბარი, მთვარეზე ყმუილი და ცრემლის გადმოყვავილება ფურცელზე.
ნაღდი ლექსი ამ ყველაფერს ისე დაგანახებს, რომ არც ახსენებს სადმე ამ სიტყვებს.
ლექსი, ნაღდი ლექსი – რითმა, მეტაფორა და მოულოდნელობაა.
ხო, აბა?
ლექსი, კარგი ლექსი, ნაღდი ლექსი , დიდებული ლექსი ახალი, ხალასი , მეტაფორული აზრის რითმით გაწყობაა და პლიუს მოულოდნელი, აღმოჩენასავით ფინალი.
გავყვეთ, მოდი, ნაღდი ლექსის ამ სამებას:
რითმა – მეტაფორა – ფინალი.
რითმა?
რითმა აუცილებელია, – ურითმო “ლექსი” ლექსი არ არის.
თორე პოეზია სვეტიცხოველშიცაა, ქალის “პახოდკაშიც” , მამენტ.
ურითმო და სისხლგათეთრებული სიტყვათა გროვა გაუსვენებელ მკვდარს ჰგავს, ნეკროლოგს,
ჰა და ჰა, სადღეგრძელოც შეიძლება გამოვიდეს ძალიან ხელგაწაფულის ხელში.
ხელგაწაფული ვახსენე, რადგან ნაღდი ლექსის წერა რომ შეეძლოთ “თეთრი ლექსის” ავტორებს, არ გააჭენებდნენ ურითმო სიტყვას.
კაცო, კი არ ვუშლი, წერონ, მაგრამ ლექსად ნუ გვტენიან სითეთრეს, და თუ უნდათ მანიფესტი, ანდა მოხსენებითი ბარათი დაარქვან.
კი მესმის, – ახლა რაც ვთქვი უამრავი თეთრად მწერალი გადავიმტერე, მაგრამ პრეტენზიებით შეუძლიათ ბროდსკის მიმართონ, ჯერ კიდევ როდის თქვა, ” ველრიბრი ოსტატობის და ნიჭის არქონაა, სხვა კი არაფერიო”.
ნუ, რა თქმა უნდა, თუ იციან საერთოდ ვინ არის ბროდსკი.
ხო, რას ვამბობდი?- ვაგრძელებ.
მეტაფორა?
მეტაფორა, ხატოვანი სახეებით გამოთქმული ემოცია ლექსში- აუცილებელია.
სხვანაირად ლექსი უბრალო ამბავის უბრალო თხრობაა.
ნაღდი ლექსადწყობილი კი ემოციების კრიალოსანია და ნიჭმა ეს ემოციები ისე უნდა გადმოსცეს და ფიქრი სიტყვაში ისე უნდა ჩასვას, სული შეგიგუბდეს და საკუთარი გეგონოს მკითხველს.
და ფინალი.
ოო, ფინალი – აუცილებელია.
ლამაზი ფინალი გვირგვინია ლექსის.
არ არის ლამაზი, მოულოდნელი, აფეთქებასავით ფინალი და ლექსი აღარ არის დიდებული .
მტკნარია და დუნე, რაც არ უნდა გაწყობილი იყოს “ეო – მეო ” რითმით და რაც არ უნდა სავსე იყოს მეტაფორებით, მაინც, ხო, კარგი ფინალის გარეშე ლექსი არ არის დიდებული.
ლექსის ფინალი ავტორის ფიქრის იმ სიკვდილივით უნდა იყოს, მკითხველის ფიქრის სიცოცხლეს რომ აძლევს დასაწყისს.
აი, ის უნდა იყოს, შენც რომ იცი და რო ვერ თქვი, ენა რო დაგება და დაგასწრო და დაგახალა სხვამ.
და ეს დახლაა სწორედ, უკან რომ გაბრუნებს და მეორედ, მესამედ, და მეათედაც რომ გაკითხებს ერთი და იმავე ლექსს.
ასეა ეს.
და ნუ აწრიალდება ახლა ზოგი პაეწიჩესკაია ნატურა.
ასეთი ნაღდი ლექსი არც მე არ გამომდის ყოველთვის, შე კაცო.
.
წერილებიდან “დრამატული დრამატურგია”
.
