You are currently viewing ეროვნული პროექტის ანატომია, – წერილი მეორე

ეროვნული პროექტის ანატომია, – წერილი მეორე

2019 წელს, როცა ამ აქციის ორგანიზება დავიწყე, სრულიადაც არ მქონდა იმის იმედი, რომ ამ მოთხოვნებს შეგვისრულებდნენ.
მაგრამ პრეცედენტი უნდა შექმნილიყო, და მოსახლეობას უნდა გაეგო, თუ როგორ შეიძლებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხისთვის გადაცემა.
და მაშინ ასეთი ინფორმაციის გასავრცელებლად აქციაზე უკეთესი საშუალება არ იყო.
და დღეს არის?
დიახ, არის, და ვისაუბრებ ამ ახალ საშუალებაზეც,
მაგრამ მანამდე ვიტყვი ისევ.
არ იცის, არა, ობივატელმა, რომ ამ ტელევიზიის მართვა შეუძლია.
ობივატელმა არც ის არ იცის, რომ ამ ტელევიზიას საკუთარი ჯიბიდან აფინანსებს.
არ იცის.
და მერე სწყინს, ჩემს მეზობელ ავთოიას, კაცს უნივერსიტეტი რომ აქვს დამთავრებული, ობივატელს რომ ვეძახი.
არ იცის, ამ ტელევიზიის მეპატრონე რომ შეუძლია გახდეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშველობით.
რომ ვუთხრა, არ დაიჯერებს.
ამიტომ მას არაფერს არ ეტყვის არც ის მოთხოვნები, რაც ამ ფოტოზეა გამოფენილი,
და ამ ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოსთან მაშინდელი შეხვედრის ვიდეოჩანაწერიც რომ ვანახო, ტელევიზიამ რომ ჩაიწერა და მის არქივში რომ ინახება, – მაინც ვერაფერს გაიგებს.
მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, რომ ვასიკო მაღლაფერიძეს ერთხელაც წამოუარა, და პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სააქციო საზოგადოებად გადაკეთებასთან დაკავშირებით.
ხო, დავუშვათ, და მოხდა სასწაული, და პარლამენტმაც ეს კანონპროექტი დაამტკიცა,
და ტელევიზია გახდა სააქციო საზოგადოება, და მოსახლეობას დაურიგდა უფასოდ სახელობითი აქციები, მისი შემდგომი გადაყიდვის გარეშე.
და ტელევიზიის შესანახად რაღაც მინიმალური გადასახადის გადახდის ვალდებულებით,
მაგრამ პირდაპირ გადახდით, და არა სახელმწიფო ბიუჯეტის გავლით.
და შემდეგ ამ 3 მილიონზე მეტმა აქციონერმა ელექტრონულად, ინტერნეტით, პირდაპირ და გამჭირვალედ თვითონ აირჩია ამ ტელევიზიის სამართავად სამეთვალყურეო საბჭოც, და ტელევიზიის დირექტორი.
აირჩია კომისიაც, ვინც გააკონტროლებს ამ საბჭოს და დირექტორის მუშაობასაც,
და ამოიქოქა ტელევიზიაც,
დიახ, ამას ვითხოვდით 2019 წლის 2 და 3 ნოემბერს.
ამაზე ვეომებოდით ვასიკო მაღლაფერიძესაც.
და რომ ვყოფილიყავით მაშინ ტელევიზიის წინ ათიათასები, და ვყოფილიყავით მრავალი დღე – გამოვიდოდა ეგ საქმეც.
და იქნებოდა მერე ჩემი ავთოია, და კიდევ მისი მაგვარი 3 მილიონი ავთოია ტახტზე წამოწოლი ეკრანების წინ,
და იმას კი არ გაიკვირვებდა სად მიდის მისი 80 მილიონი წელიწადში, არამედ პირიქით,
ტელევიზიის მოგებიდან მიღებულ პროცენტს დაითვლიდა, და უფრო მეტიც,
ტელევიზია ილაპარაკებდა სიმართლეს.
მხოლოდ სიმართლეს,
და არა იმას, რაც დღეს ისმის ამ ტელევიზიიდან.
წარმოიდგინეთ, ხო?
ზღაპარია, არა?
მაგრამ მართლაც შეიძლება, ეს რომ მოხდეს.
და მართლაც რომ შეიძლება, ამას როგორ უნდა მიხვდეს ობივატელი?
დიახ,
სწორედ იმ ეროვნული პროექტის მეშვეობით, სადაც იგივე სქემაში მიიღებს მონაწილეობას, რომელზეც ახლა ვილაპარაკე.
არ ვგულისხმობ ახალი ტელევიზიის გაკეთებას.
სხვა მიმართულების პროექტს ვიწყებთ.
მაგრამ ნებისმიერი ეროვნული პროექტის აქციების მფლობელი ობივატელი ავთოია უნდა იყოს.
და რაც მეტი ასეთი მფლობელი ეყოლება მით უკეთესი.
ობივატელმა უნდა დაინახოს, რომ ეს სქემა მუშაობს,
რომ მისი ნებასურვილის გარეშე არაფერი არ ხდება, რომ ის მართავს პროცესებს პროექტში,
რომ ავთოიებს შეუძლიათ მოხსნან, და დანიშნონ პროექტის სამეთვალყურეო საბჭოც, დირექტორიც, და აკონტროლოს ყველაფერი რაც პროექტთან არის დაკავშირებული.
შეუძლიათ ეს,
და თუ ობივატელ ავთოიას ერთი ჩვეულებრივი პროექტის წარმატებით მართვა შეუძლია, მაშინ რატომ არ შეუძლია მართოს ის ტელევიზიაც, რომელსაც წლებია მილიონებით აფინანსებს?
ხვდებით ხო, საითაც მიმყავს ავთოია?
და კიდევ მეტიც.
ტელევიზია თუ შეუძლია მართონ ავთოიებმა, მაშინ ქვეყნის ასეთივე სქემით მართვა შეუძლიაც, არა?
შეუძლიათ, დიახ!
აი, რა შეიძლება დაიწყოს ერთი ჩვეულებრივი პროექტით.
სრულიად არაპოლიტიკური პროექტით.
მაგრამ ბევრი რამის და ბევრი ვინმეს აგორება რომ შეუძლია,
და აგორებულ ქვას რომ ხავსი არ ედება, კი ვთქვი უკვე.
აი, რატომ არის პროექტი ეროვნული.
და რა პროექტია?
ვისაუბრებთ მის შესახებაც, მალე, სულ, მალე.
.
გუჯა ბიძია.
08. 09. 2026
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა