You are currently viewing ვინ შეღებავს ქვაბს?

ვინ შეღებავს ქვაბს?

კობახიძემ რომ მიულოცა ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის დღე, ეგ თუ იციან რიგითმა ქოცებმა?
ძალიან დაიბნევიან, ძალიან, ვეღარ გაიგებენ რომელია პარტიის გენერალური ხაზი.
უკრაინის გინება, თუ “სლავა უკრაინის” ძახილი.
დიახ, ასე იძახის მათი პრემიერი იმ ვიდეომიმართვაში, უკრაინის საელჩომ რომ გამოუქვეყნა.
და არავინ თქვას ეს მილოცვა უბრალო პროტოკოლიაო.
თუ პროტოკოლია, გასულ წელსაც რატომ არ გააკეთა იგივე?
ძალიან სკოლზკი მასტია კობახიძე, ძალიან,
ღარიბაშვილზე უფრო მეტად სწორედ კობახიძის უნდა ეშინოდეს ივანიშვილს.
გავიხსენოთ ის განცხადებაც, სადაც თქვა, რომ თვითონ მეორე კაცია ქვეყანაში, და ყველაფერს ივანიშვილი წყვეტს.
ასეთი განცხადებები უმიზეზოდ არ კეთდება.
ფაქტიურად ხელი შეახოცა, და ყველაფერი აკიდა ივანიშვილს.
კობახიძე აშკარად დიდი ღალატისთვის ემზადება.
რადგან, გამორიცხულია, არ იცოდეს, რაც ელოდება ადრე თუ გვიან,
და სხვების ბედი რომ არ გაიზიაროს, უნდა დაასწროს, და უნდა უღალატოს მამამარჩენალს.
ამიტომაც სულაც არ გამიკვირდება, თუ ერთხელაც საქვეყნოდ გამოაცხადებს, რომ მთელი ეს წლები თურმე შიგნიდან ანგრევდა ავტოკრატიას, ძირს უთხრიდა სისტემას, და თურმე სწორედ ამიტომ ჩამოაშორა ივანიშვილს ყველაზე ერთგულები.
სწორედ ასე იტყვის დიახ, და თვალსაც არ დაახამხამებს.
და როდის?
ამისთვის ორი მოცემულობაა საჭირო.
ერთი უკვე სახეზეა,
უკრაინა – რუსეთის ფრონტზე უკრაინის წარმატებები უკვე ისე თვალშისაცემია, ტრამპიც კი აღარაფერს ამბობს ომის შეჩერებაზე.
და გუშინდელი დღე კიდევ ერთი დასტური იყო ამისა.
24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, დღისით, მზისით, და ყოველგვარი შიშის გარეშე, მთელი მსოფლიოს დასანახად გამოაფინა უკრაინამ რობოტები მიწაზე, და დრონები ცაში,
და დამღით, – “დამზადებულია უკრაინაში” .
ამის პარალელურად ათასობით კილომეტრის იქეთ რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის ქალაქები იბომბებოდა უკრაინული დრონების მიერ.
როცა მთელ რუსეთის ტერიტორიაზე საწვავის დეფიციტია,
როცა რუსი საკუთარ ქვეყანაში უკვე მობილიზაციასაც ვერ აცხადებს, აჯანყების შიშით,
და როცა ბურიატები, და ჩუქჩებიც კი ვეღარ გაყავს ძალით ფრონტზე, და ჩრდილო კორეელ ჯარისკაცებს ქირაობს უკრაინაში საომრად.
და ეს ყველაფერი ომის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ.
დიახ, ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო, და სამ დღეში აპირებდა დამთავრებას 4 წელი გრძელდება, და ამ ხნის განმავლობაში უკრაინამ მომავლის არმია შექმნა.
ყველაზე ბრძოლისუნარიანი და ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებით შეიარაღებული არმია, მილიონამდე ჯარისკაცით.
და შესაბამისად, დღეს, ყველაზე დახავსებულ ქართველ ობივატელსაც კი ესმის, რომ რუსეთთან დადებული ახალი “გეორგიევსკის ტრაქტატით”, ომს კი არ აიშორებს თავიდან, არამედ პირიქით – მოიახლოებს,
და ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე კვირაში რუსის ჩექმას ჩააცმევენ, და უკრაინის ფრონტზე გააგზავნიან ეშელონებით.
და ეს უკვე დიდი ტრიგერია ახალი საპროტესტო ტალღისთვის.
ობივატელის ეს განწყობა შეუძლია გამოიყენოს კობახიძესაც,
და თუ მართლაც სურს დაასწროს ივანიშვილს,
მისთვის ყველაზე კარგი მიზეზი ქუჩისკენ უბიძგოს მასას, სწორედ რომ რუსეთის საელჩოს გახსნა იქნება თბილისში.
სწორედ ამ მიზეზით დაწყებული მასობრივი პროტესტის დროს მიეცემა კობახიძეს საშუალება განუდგეს ივანიშვილს.
და პოლიტიკური განცხადებით მიმართოს დასავლეთსაც და ამერიკასაც, რომ იღებს პასუხისმგებლობას პირადად მართოს პროცესები, რომ ქვეყანა ისევ ევროპულ კურსზე დააბრუნოს.
და ევროპაც დაიჯერებს მის ამ ნათქვამსაც, და ამერიკაც.
რადგან ამ დროისთვის მართლაც კობახიძის ხელში იქნება ყველა სახელისუფლებო ბერკეტი, ძალოვანი სტრუქტურების ჩათვლით, რომ შეძლოს ივანიშვილის სრული განეიტრალება.
დიახ, ბოლო 30 წელი ყველა გადატრიალება მუდამ ზემოდან და ხელისუფლების შიგნიდან იწყებოდა საქართველოში, და ასე მოხდება ახლაც.
და არც ივანიშვილი არ იქნება ძალიან დიდი წინააღმდეგი ამის, თუკი სწორედ ისეთ გარანტიებს მიიღებს დასავლეთისგან, როგორც შევარდნაძემ მიიღო თავის დროზე, ჩაის დასალევად რო გაუშვეს სახლში.
და ეს ვითომ ოპოზიციაც შეეგუება ისევ ოპოზიციაში დარჩენას.
და სისტემური ქვაბი კიდევ ერთხელ გადაიღებება.
ნუ, ახლა ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს ყველაფერი ისე ჩამოვჩოთქე, როგორც სოსოიამ დაულაგა ბეგლარა მეწისქვილეს გერმანიის ამბები,
ჰიტლერს რო ჭკუა ქონდესო, ბაწარში უნდა უყრიდესო თავს,
მაგრამ თუ კობახიძესაც სურს ღარიბაშვილის ბედი არ გაიზიაროს,
და ივანიშვილსაც სურს გასაპნულ თოკს გადარჩეს,
ორივესთვის კარგი ვარიანტია ხალხის პროტესტის ფონზე ერთი ხელისუფლებაში დარჩეს, მეორე კი სამშვიდობოზე გაძვრეს.
ერთხელ უკვე იყო ასეთი მცდელობა, 2024 წელს ხელმეორედ რომ შემოაგდეს “რუსული კანონი”,
მაგრამ პროტესტმა არ მიიღო ისეთი რადიკალური ფორმები, როგორც 2023 წლის მარტში,
რადგან ჯენზი თაობამ დაიკიდა ოპოპარტიების “დვიჟენიები”.
სისტემას ახლა კიდევ ერთხელ შეუძლია ფერისცვალება სცადოს.
პოლიტიკურ თავშესაფარსაც რომელი ქვეყანაც მისცემს პოლიტდამნაშავეებს, არც ეს არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი.
და ჩვენ, რა ვქნათ?
ჩვენ, ვინც ვხვდებით, რომ სისტემური ქვაბის კიდევ ერთხელ გადაღებვა სისტემის შეცვლა არ არის?
ჩვენ ლუდი და ბატიბუტი მოვიმარაგოთ, და ეკრანებთან წინა რიგებში დავსხდეთ, რადგან უდაბნოში ხეტიალის 40 წელი არ გასულა ჯერ.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა