
1121 წლის მიწურულს მიადგა დავითი თბილისს.
გამეფებიდან მხოლოდ 32 წლის შემდეგ.
დიდხანს ემზადებოდა, მომენტს ელოდა.
აღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ თბილისი ჯანყდება და აჯანყებულებში უმეტესობა ქართველი დიდგვაროვნები იყვნენ.
ამას ხაზი უნდა გაესვას, – კრაზანების ბუდედ გადაქცეულ თბილისში, ათეულობით წლების განმავლობაში არაბების სამსახურში აღზევებულნი, დამპყრობელისგან დაპურებული, განებივრებული ქართველი დიდგვაროვნები რომ ვერ ჰგუობენ ცხოვრების წესის შეცვლას.
კიდევ ერთხელ გადაუარა დავითმა ქალაქს.
და მორჩა.
დაწყნარდა ქალაქი და ქვეყანაც.
ხო, მაშინ მიადგა დავითი თბილისს, როცა დანარჩენი საქართველო შემომტკიცებული ჰქონდა.
თავადები, ყველას რომ თავი მეფედ მიაჩნდა თავის მამულში – დამორჩილებული,
“სახლი ღვთისანი” ეკლესია , “ქვაბად ავაზაკთა” რომ იყო გადაქცეული – გაწმენდილი უზნეო მღვდელმთავრებისგან.
მაშინ მიადგა დავითი თბილისს, ადმინისტრაციული რეფორმები უკვე გატარებული რომ ჰქონდა,
“სააჯო კარი” -სასამართლო დაწესებული.
ლაშქარი – რეორგანიზებული.
დიდგორის ომი – მოგებული.
მეზობელი ტომები – შემორიგებულნი და ხარკდადებულნი.
აი, ყველაფერ ამის შემდეგ მიადგა თბილისს- სატახტოს.
თბილისის აღებიდან სამი წლის შემდეგ მიიცვალა მეფე.
და დატოვა ქვეყანა გადაჭიმული „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“.
და წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თბილისიდან რომ დაეწყო დავითს.
პირველად თბილისს რომ მიდგომოდა.
დამარცხდებოდა და დღეს აღარ იქნებოდა საქართველო.
და რა მინდა ვთქვა?
ფოტოს დახედეთ,
ქუთაისია,
14 მარტი.
2021 წელი, რიონის ხეობის დაცვისთვის გამართული მრავალათასიანი აქცია.
ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, როცა სისტემისგან უმართავმა, ქვემოდან შექმნილმა ძალამ მოახერხა და მრავალი ათასი ადამიანი შემოიკრიბა.
რადგან კონკრეტული იდეა იყო, საკუთარი მიწის დაცვის , და ეს იდეა გულწრფელმა ადამიანებმა გამოსწიეს წინ.
და ორწლიან ომში გაიმარჯვეს.
დიახ, ერთად და ერთი იდეის გამო თავმოყრილ ხალხს შეუძლია იდავითოს!
ჩვენი პირველი საჯარო განაცხადიც უპარტიო საქართველოზე სწორედ იმ აქციაზე გაკეთდა, 2021 წლის 14 მარტს, და სწორედ იმ მინიშნებით, თუ რა არის საჭირო სისტემური გარდაქმნების დასაწყებად, რომ აღარ მოგვიწიოს სხვადასხვა პრობლემის გამო , და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სისტემის მიერ დანთებული ხანძრის ჩასაქრობად წინ და უკან სირბილი.
დიახ, პარტიებმა თავისი დრო მოჭამეს, და განვითარების შემაფერხებელი გახდნენ არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში,
მსოფლიო ფინანსური ოლიგარქია, და გლობალისტები, სწორედ პარტიების მეშვეობით მართავენ ქვეყნებს.
ილიასეული “უპარტიო საქართველო”, ახალი ეროვნული იდეა უნდა გახდეს,
ხოლო რეფერენდუმის უფლება და არჩეულის უკან გაწვევის მექანიზმი, ამ ეროვნული იდეის განსახორციელებელი საშუალებები.
და კიდევ ერთი რამ და მნიშვნელოვანი.
სისტემური ცვლილებები თუ გვინდა ოდესმე დაიწყოს, ეს 30-წლიანი სტერეოტიპი, რომ პოლიტიკა თბილისში კეთდება – უნდა დამთავრდეს!
თბილისში უმეტესწილად პოლიტგარიგებებია და ყოველთვის ხალხის საწინააღმდეგოდ.
სისტემის შესაცვლელი ძალა რეგიონებშია და ქვეყნის გარეთ გახიზნულ ემიგრაციაში.
და თუკი ვინმეს მართლაც გულწრფელად სურს რაიმე შეცვალოს სასიკეთოდ,
მან, დედაქალაქიდან, პოლიტკრაზანების ბუდიდან კი არ უნდა დაიწყოს,
უნდა დაიწყოს რეგიონებით, და დაამთავროს დედაქალაქით!
დიდგორობას გილოცავთ!
დავითობას გისურვებთ!
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)