You are currently viewing კანუდოსის თეატრი უნდა დაბრუნდეს!

კანუდოსის თეატრი უნდა დაბრუნდეს!

რაც 2019 წლის 8 ივნისს მოხდა,
არის გასახსენებელი და ვიხსენებ კიდეც ყოველწლიურად.
სხვა რეჟისორს რომ ქონდეს ასეთივე ისტორია, ყოველ წელს კი არა, ყოველდღე გაიხსენებდა.
ჩვენი სპექტაკლის ” ჩაკრულოს” წარმოდგენამდე ერთი დღით ადრე პუბლიკაცია დავდე სერგო ზაქარიაძეზე.
იმის შესახებ , თუ როგორ შექმნა საკუთარი თავი სერგო ზაქარიაძემ, – როგორ გახდა ის დიდი,
და ბოლოს ვთქვი, მოდით მეთქი, ხალხო , იქნებ და ამ სპექტაკლიდანაც იწყება კიდევ ერთი ლეგენდა, მეთქი.
და რას ვიფიქრებდი, რო წინათგრძნობა მალაპარაკებდა.
არ ვიცი სხვისთვის როგორ, მაგრამ ეს გოგონა, ფოტოზე რომ არის, ჩვენი თეატრისთვის უკვე ლეგენდაა.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ წარმოდგენამდე ზუსტად ერთი საათით ადრე ვგებულობ, ერთ-ერთ მსახიობს სპექტაკლში მონაწილეობის მიღება რომ აღარ შეუძლია,
ნუ, არ შეუძლია, და მორჩა,
და წარმოიდგინეთ სიტუაცია,- ხიჩკოკის სიუჟეტის დარი რო იყო მაშინ ჩემთვის.
ყველა ბილეთი გაყიდულია,
სულ მალე მაყურებელი დაიწყებს დარბაზში შემოსვლას, და სცენიდან კი რვა გაოგნებული სახე მიყურებს.
წარმოუდგენელია სპექტაკლის ჩატარება იმ მსახიობის გარეშე,
დუბლიორი არ არის.
როლი ძალიან მნიშვნელოვანია,
სცენა ფინალური,
სადაც მთელი წარმოდგენის კვანძი იხსნება.
სადაც თავს იყრის ყველაფერი, რაც სპექტაკლში ჩავდე.
სადაც არის გასაღები ყველა თეატრალური მეტაფორის, მხატვრული სახის, და ალეგორიის.
რომლის გარეშე სპექტაკლი არ არის სპექტაკლი.
მაგრამ გამოსავალი არ სჩანს, – უნდა გავაუქმო წარმოდგენა,
და უცებ, – მეთქი, იმ “გოგოს დამიძახეთ”.
სულ ახალი მოსული იყო მაკა გოგებაშვილი ჩვენთან, ეპიზოდური როლი ჰქონდა,
სულ რამდენიმე წამიანი,
მალე ერთ მოქმედებაში წამყვანი როლი ჩაიბარა,
მაგრამ ის როლი სხვა რამეა, უკვე გათავისებული.
იმ დღეს კი მას შეუძლებელი უნდა გაეკეთებინა.
მხოლოდ ნახევარი საათი ჰქონდა.
მხოლოდ ოცდაათი წუთი,
რომ უცხო ტექსტი ესწავლა და თან ხასიათში ჩამჯდარიყო.
შეუძლებელი უნდა გაეკეთებინა მისთვის მის მეწყვილესაც, Гога Чантуридзе
ფარდის გახსნამდე მხოლოდ მას შეეძლო ეთქვა მისთვის მთავარი სიტყვები.
რადგან მე უკვე მაყურებლის წინ ვდგავარ და სპექტაკლზე ვესაუბრები, რომ დაწყება ცოტა კიდევ გადავწიო, და კიდევ რამდენიმე ზედმეტი წუთი ქონდეთ მსახიობებს როლზე სამუშაოდ.
ყოველ წუთს ოქროს ფასი აქვს.
და ეს ყველაფერი სტრესულ მდგომარეობაში, დანარჩენი მსახიობების აჭრილი სახეების ფონზე.
როცა ფარდას მიღმა უკვე მაყურებლის ხმა, და სუნთქვა გესმის,
როცა იცი, რომ ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული,
როცა სპექტაკლის გადარჩენა მხოლოდ შენ შეგიძლია,
როცა რვა წყვილი თვალი იმედით შემოგცქერის,
როცა ამ როლის გარდა სხვა როლიც გაქვს,
და იმ როლის სიტყვები საერთოდ შეიძლება დაგავიწყდეს,
როცა უკვე სპექტაკლიც დაიწყო,
როცა უკვე თამაშობ ,
და მაინც ახალ როლზე ფიქრობ,
როცა უკვე ფინალური მოქმედებაც მოახლოვდა და კვლავ სცენაზე გადი,
და გული გასკდომაზე გაქვს..
და პირველი რეპლიკა უნდა თქვა,
და საკუთარი ხმა უნდა გაიგონო..
რომ მიხვდე, გექნება , თუ არა ძალა, თქვა შემდეგიც..
და მან ეს შეძლო, შეძლო, შეძლო,
და შეძლო გენიალურად.
დიდი დღე იყო მართლაც,
და დიდი ნიჭიც სცენაზე.
დიახ, ასე იწყებოდა ლეგენდა!
ასე იწყებოდა თეატრის ისტორიაც, და ასეთი თეატრის ისტორია უნდა გაგრძელდეს.
“ კანუდოსის თეატრი “ სცენაზე უნდა დაბრუნდეს,
და, დაე, იყოს, ასე!
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა