
ცოტნეს რო კითხეს, პოლიტიკაში რატომ არ მიდიხარო, და რა მინდაო პოლიტიკაში, როგორ მოვიგო იმ ხალხის გული, ვისაც ერთნაირად უყვარდათო პატრიარქიც, ჯაბა იოსელიანიც, და ზვიად გამსახურდიაცო, და მაშინ მეც ხომ ამათსავით დაბნეული, ანდა აფერისტი უნდა ვიყოო.
ეგ არის, დიახ.
უმრავლესობა დაბნეული, ანდა აფერისტია,- ანუ ფარისეველია,- და ამიტომაც ხან ერთი უყვარდება და ხან მეორე, და ხან მეთხუთმეტე.
აბა, რა უნდა იფიქრო, როცა იგივე ხალხმა, რომელმაც გამსახურდიას მისცა დიდი უმრავლესობით ხმა, მერე შევარდნაძეს, გამსახურდიას მკვლელს დაუჩოქა, – არ მიგვატოვოო.
შევარდნაძის მერე მისი ჩამომგდები მიშა შეუყვარდათ,
შემდეგ ბიძინა,
მერე კიდევ რამდენი პრეზიდენტი, და რამდენი პრემიერი უყვარდათ, და ყოველი მომდევნოს შეყვარებასთან ერთად, წინა “შეყვარებულს” ქვებით ქოლავდნენ.
და ამასთანავე უყვართ ოტია იოსელიანიც, – თხუთმეტჯერ შეყვარება, ბოზობააო, – რომ თქვა.
დიახ, უმეტესწილად ან დაბნეულია ხალხი, ან ფარისეველი.
რადგან გამოდის, რომ პიროვნება კი არა, პიროვნების რანგი, მისი მდგომარეობის ხარისხი, თანამდებობა, ანუ მისი “სკამი” უყვართ.
და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბევრ შემთხვევაში ეს სიყვარულიც გულწრფელია.
ნუ, ახლა, ოტია იოსელიანივით მოსწრებულად და მოკლედ თქმა არ გამომივა, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა “ორიოდე სიტყვა” ჭეშმარიტი ქრისტეანობის, და ფარისევლობის ჩემეულ გაგებაზე.
ჩემთვის, ყველაზე დიდი მოულოდნელობა და განსაცდელი ის იყო, სამი მიცვალებული რომ გავიყვანე ოჯახიდან, და ჯერ კიდევ ახალგაზრდამ.
მერე კიდევ, ბევრი უახლოესი მეგობარიც.
და მაშინაც ვერ მოვიკალი ჯავრით თავი, და ახლა მით უმეტეს, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ვერც რომელიმე სასულიერო პირის გარდაცვალებაზე მექნება გამძაფრებული რეაქცია, და ვერც რომელიმე პოლიტიკოსზე, თუ სხვა ცნობად სახეზე.
პირიქით რომ იყოს, ფარისეველი ვიქნები მართლაც.
მით უმეტეს, თუკი იცი ვის რა უკეთებია, ხო?
პრინციპში, ვინც იყვნენ ჩემთვის დიდები და ავტორიტეტები, უკვე კარგა ხანია იმიერში არიან.
შესაბამისად, დღევანდელ პოლიტიკოსებზე აღარაფერს ვიტყვი, რადგან ერთი ნაგავია ყველა,
მაგრამ ჩემთვის, მართლმადიდებლისთვის,- ვინც ეკლესიაში ღმერთს ვთხოვ ძალას, რომ პირველ რიგში ჩემში არსებული ეშმაკი დავამარცხო, – ღირსეულ სასულიერო პირსა და პასუხისმგებლობის მქონე საერო პირს შორის ტოლობის ნიშანია, და აი, ამ უბრალო ლოგიკიდან გამომდინარე :
თუ მართლმადიდებლობა, და ღვთისმსახურება, კეთილი ქმედებისკენ მოწოდებაა და მადლის გაცემა არის,
და თუ ღვთისმსახურება ზნეობრიობა და მორალია,
და თუ ღვთისმსახურება სიმართლის თქმა და სიმართლის დაცვაა,
მაშინ გამოდის, რო ნებისმიერი სამოქალაქო პირი, ვინც ამ პრინციპებით ცხოვრობს, – ღვთისმსახურია.
და ღვთისმსახურია ცოტნე გამსახურდიაც , მიუხედავად იმისა, არც ღმერთი წამს, და არც მისი მოციქულები, არც ბერმონაზონი, – მაინც ღვთისმსახურია.
რადგან უფრო მეტად მიმდევარია ქრისტეს ათი მცნების, ვიდრე ბევრი თქვენთაგანი.
და ეს მაშინ, როცა სხვა, მის ადგილზე მართლაც გაბოროტდებოდა, ქვეყანაც შეჯავრდებოდა და ადამის მოდგმაც, მამის მკვლელობის გარდა, იმდენი რამ დამართეს ყველა დროის ხელისუფლებებმა და იმ საზოგადოებამ, ქრისტესმიერი რომ ჰგონია დღესაც თავი.
მაგრამ არ მოხდა ასე, – ვერ ჩაკლეს მასში ადამიანობა, ხო?
დიახ, ჩემთვის შინაარსობრივად არანაირი განსხვავება არ არის ღირსეულ სასულიერო პირსა და სულიერების, და პასუხისმგებლობის მატარებელ საერო პიროვნებას შორის.
განსხვავება მხოლოდ შესაძლებლობაშია,
რა თქმა უნდა, რიგით ადამიანს უფრო ნაკლები შეუძლია ვიდრე სასულიერო პირს, და მით უმეტეს იერარქს, რომლის ხელშია მობილიზებული საეკლესიო ქონება, მიწები, შენობა-ნაგებობანი, ფინანსები, ჰყავს მრევლი, აქვს ტელევიზია, ამბიონი, ინფორმაციის გავრცელების საშუალებები.
აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერა.
რა თქმა უნდა, მეტი შეუძლია, და ვალდებულია კიდეც აკეთოს სიკეთე- ვალდებულია, დიახ.
ვალდებული!
და რა გამოდის,?- რადგან მეტი საშუალებანი აქვს, და უფრო სჩანს მისი ნაკეთები, – ამიტომაც უფრო იმსახურებს თაყვანისცემას?
თუ პირიქით, ის უფრო მეტად უნდა გვყავდეს დაფასებული, ვისაც არა აქვს, და მაინც გასცემს უანგაროდ?
დიახ, ზვიად გამსახურდია იყო ასეთი, – არ ქონდა და გასცემდა, და იქამდე გასცემდა, რომ ბოლოს რაც დარჩა, ყველაზე ძვირფასი, ისიც კი გასცა, დაუნანებლად, – საკუთარი სიცოცხლე.
დიახ, ცოტნეც არის ასეთი- არ ქონდა და გასცემდა, ეხმარებოდა უამრავს, და ამბობდა სიმართლეს, და იცავდა სიმართლეს, და არ შეეძლო არ ეკეთებინა ის, რასაც აკეთებდა.
და სხვაც ბევრი ვიცი, ვინც ასეთია.
დიახ, ჩემთვის ესეც ღვთისმსახურებაა, ერისმსხურებაც, და სულიერებაც.
და აქვე კითხვაც მაქვს, – ასეთი მორალის მქონე ადამიანების წინააღმდეგ წასვლა, ასეთი ადამიანების მტრობა, ასეთი ადამიანების დევნა, – არ იყო და არ არის ყველა დროში უზნეობა, და დანაშაული.?
და თუკი ეს ასეა, როცა ეს ხდებოდა, სად იყვნენ დანარჩენი ქრისტესმიერები, ერიც და ბერიც?
და კიდევ მეორე კითხვაც, –
თუ რიგითი ადამიანის ცოდვამადლი ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას საზოგადოებაზე და სახელმწიფოზე.
სამაგიეროდ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების, თუ ზოგადად სახელმწიფოს პირველი პირების შესაძლებლობებიდან გამომდინარე მათი შეცდომები, თუ მიზანმიმართული მავნებლობა, ერის და სახელმწიფოს წინაშე, გამოუსწორებელი დანაშაულის ტოლფასად არ უნდა ჩაითვალოს?
დანაშაულის, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს?.
აი, ამ კითხვებზე პასუხები უნდა გვქონდეს, როცა ვინმეს შეფასება გვინდა.
უბრალოდ ადამიანური შეფასება, თორე კანონსამართალი რომ ისევ ურმით დადის, ეგ გასაგებია.
ეს რაც სამართალს შეეხება.
თორემ მე, პირადად, როგორც ერთი ქრისტიანი, რა თქმა უნდა, მივუტევებ ყველას, ვისაც კი ერთხელ მაინც დასცდება საჯაროდ პატიების თხოვნა, და ამ სიტყვიერ სინანულს რეალურ საქმეებს მოაყოლებს.
და რადგან ილია მეორემ ეს, თავის სიცოცხლის ბოლოს რამდენჯერმე გააკეთა, – რა თქმა უნდა, მასაც უნდა ჩაეთვალოს ეს ქმედება მონანიების მცდელობად.
თუნდაც იმის გამო, ილია ჭავჭავაძე წმინდანად რომ შერაცხა, და ამით “ეროვნული იდეის” უზენაესობა რომ გახადა ხელშეუხებელი.
და შესაბამისად, ყველა იმ პიროვნების სახელიც, ვინც თავი შეწირა ამ იდეას.
და თუ ვინმე მართლაც ქრისტესმიერად თვლით თავს, და პატრიარქს მართლაც სცემთ პატივს, ვერც ილია ჭავჭავაძეს, და ვერც ზვიად გამსახურდიას, და ვერც სხვა იდეაშეწირულებს, უდიერად ვერ უნდა მოიხსენიებდეთ.
ვერც მათ, და ვერც იმათ, ვინც ახლაც გარუსების წინააღმდეგ, და ავტოკრატიის წინააღმდეგ, და დამოუკიდებლობისთვის, და ქვეყნის თავისუფლებისთვის გულწრფელად იბრძვის, და სწორედ ამისთვის ზის ციხეში, თუ დგას ქუჩაში, თუ ომობს უკრაინაში – საქართველოსთვის ომობს, დიახ, რომ შენამდე არ მოვიდეს ომი და მტერი.
დიახ, თუ ქრისტესმიერი ხარ, პატივს უნდა სცემდე მას ვინც გულწრფელად იბრძვის თავისუფლებისთვის.
გასაგებად, ვამბობ?
და კიდევ, ისიც არ არის თვალის ასარიდებელი –
მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2017 წელს თანამოსაყდრე დაუნიშნეს, და ნებისმიერ დროს შეეძლოთ პატრიარქობიდან ჩამოეშორებინათ,
მაგრამ ივანიშვილის გეგმას, და ერის გენოციდს მაინც რომ შეუშალა ხელი, – კანაფის პლანტაციების გაშენება, და თაობების განარკომანების მცდელობა რომ არ დაუშვა.
მის მერე მეტის გაკეთება არც შეეძლო, ისეთ სიტუაციაში ამყოფეს დარჩენილი წლები.
ხომ არ დაგავიწყდათ ივანიშვილის მაშინდელი განცხადებები, რომ “პატრიარქი დაიღალა, რომ პატრიარქს დასვენება სჭირდება,.”
და რომ ” პატრიარქსაც ეშლება რაღაცეები.”
და ვისაც პატრიარქზე მართლაც შეგტკიოდათ გული, ხმა მაშინაც უნდა ამოგეღოთ.
თქვენ თუ არ გახსოვთ ეს ყველაფერი, მე მახსოვს, და სხვაც ბევრი რამ მახსოვს.
და ვფიქრობ, რომ თავის ცოდვებზეც და მადლზეც საკმარისად მიიღო მისაღები ღმერთისგანაც და კაცისგანაც ილია მეორემ.
ისევე, როგორც ყველა ჩვენთაგანი ვიღებთ.
ვინა ვართ, რო უცოდველი?
ამიტომაც, 93 წლის, შინაპატიმრობაში მყოფი, დაუძლურებული, და წამლებით გათიშული პატრიარქის გარდაცვალებაზე უბრალო, ჩვეულებრივი, ადამიანური თანაგრძნობაღა დამრჩა.
მაგრამ არაფერი გამკვირვებია.
მე სხვა რამ მიკვირს,
თუ ამდენი ღვთისმოშიში, თუ ამდენი მორწმუნე, თუ ამდენი ქრისტესმიერია ყველა, ამ 30 წლის განმავლობაში რით ვერ დალაგდა ეს ქვეყანა?
მე და ცოტნემ შეგიშალეთ ხელი?
თუ, იმიტომ ვერ დალაგდა, რომ მეფე ერეკლეს გასვენებას ერთიც არ ვაკლდებით, და მეფე ერეკლეს ომების დროს კი საკუთარი ბებიის გასვენებას ვიმიზეზებთ?
ეგ არის, ეგ,
და ისევ ცოტნეს დიდ ბაბუას, კონსტანტინეს დავესესხები.
საზოგადოებას, სადაც ” ამდენი დაბნეულია, ან აფერისტი” გამსახურდია კი არა, ალექსანდრე მაკედონელი ვერ გაამარჯვებინებს.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)