You are currently viewing “მე მჯერა!”

“მე მჯერა!”

ნაცი და ქოცი და სხვა დანარჩენი პარტიული ბანდა, რა კლასიკური ნაგავია, ხომ ცხადია,
მაგრამ ეს მელაჩოვკები, გიორხელიძე, შაშიაშვილი, ლორთქიფანიძე, ჩაჩუა, და კიდევ სხვები, სისტემიდან გაშვებული მასტები, ისევ სისტემაში რომ ცდილობენ ჩაჯდომას, და კიდევ ვიღაც მოლაპარაკე თავი რომაა, მელოტი, ფული ამიკრიბეთო და ხელისუფლებაში მოვალო, და საქართველოს შევცვლიო, რო გაიძახის, და სხვაც ამათი მსგავსი, ღია, თუ ფარული რუსეთუმეებისგან, ფსევდოპატრიოტებისგან , თუ ფსევდოეროვნულებისგან, თუ ქვეყნის გადარჩენის ათასნაირი თეორიებით ტვინგამოტენილებისგან შექმნილი “აქეთა ფლანგი”, ხო, ეს ვითომ ფლანგი, და მაინც ცალცალკე მოფუთფუთე მასა, საცოდავად, სამარცხვინოდ, და საეჭვოდ გამოიყურება, და ამ სასტავების აუდიტორიის, – მსმენელების, თუ მკითხველების გონებრივ შესაძლებლობაშიც ძალიან მეპარება ეჭვი.
და საერთოდ, არსებობს ერთი უბრალო ტესტი, გაიგო ვინ ვინ არის,
ნებისმიერ მზეჭაბუკს, ვინც გპირდება გველეშაპისგან გიშველითო, ჰკითხეთ, სურს, თუ არა პარლამენტში ყოფნა.
ხო, ჰკითხეთ და პასუხი კარგად დაიმახსოვრეთ.
რადგან, ისეთ მზეჭაბუკებში, პარლამენტში მოჯდომის შემდეგ რომ გპირდებათ ხსნას, არასოდეს იქნება ის მზე, თქვენთვის რომ გამოანათებს.
მოიცათ, ახლა, ნუ ჩაიქნევთ ხელს,
ნამდვილი და ჭეშმარიტად სუფთა სახალხო ძალის ჩამოყალიბების ძალიან კარგი შანსი ჰქონდა რიონის ხეობის დაცვისთვის მოძრაობას, და კოვიდფაშიზმის წინააღმდეგ მოძრაობას, მაგრამ რადგანაც ამ მოძრაობების ორგანიზაციულად და სტრუქტურულად ფორმირება ვერ მოესწრო, ყოველი ახალი პრობლემის დროს, ადამიანური რესურსის თავიდან შექმნა გახდება საჭირო, რაც თავის მხრივ დიდ სირთულებთანაა დაკავშირებული.
არა უშავს, რადგანაც ერთხელ ეს მოხერხდა, და ბრძოლის შედეგიც ერთხელ უკვე დადგა, ხალხმაც საკუთარი თავის და ერთობის ძალაც ირწმუნა, და ნდობის ფაქტორიც კიდევ არსებობს, სხვა დროსაც არაფერია შეუძლებელი.
დიდი პოტენციალი და მომავალი აქვს ახლად შექმნილ დამოუკიდებელ პროფკავშირებს,
სწორედ დამოუკიდებელ პროფკავშირებს, და არა პეტრიაშვილის კანტორას,
და საერთოდ დამოუკიდებელმა პროფკავშირებმა შექმნეს განვითარებულ ქვეყნებში დემოკრატიაც, და განვითარებული ქვეყნები რომ განვითარებულია სწორედ დამოუკიდებელი პროფკავშირული მოძრაობების შედეგია, და ჩვენთანაც თუ ვინმეს მართლაც გულწრფელად სურს ამ ქვეყანაში რაიმე სასიკეთოდ შეცვალოს, ასეთ დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნაში უნდა მიიღოს მონაწილეობა, და შემდეგ ასეთი პროფკავშირების გაერთიანებისთვის უნდა იზრუნოს.
ეს პროცესიც დაწყებულია, და ძალიან, ძალიან კარგია ეს.
არის კიდევ ერთი რეალური გზა, ისეთი სტაბილური ადამიანური და ფინანსური რესურსის შესაქმნელად, რომელსაც მართლაც შეუძლია სისტემური ცვლილებების დაწყება, და ცვლილებების შენარჩუნებაც.
დიდი ეროვნული პროექტების მეშვეობით შეგნებული და პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ფორმირების გზა ყველაზე საიმედოა, და ყველაზე სტაბილური, მაგრამ იმდენად ხანგრძლივი პროცესია, ერთი თაობა არ ეყოფა ამას.
მაგრამ ამ მიმართულებითაც უნდა წავიდეს მუშაობა. აუცილებლად, უნდა წავიდეს, რათა დაღმართს აღმართი მოჰყვეს, და აღმართი კი აღარასოდეს არ გაგრძელდეს დაღმართით.
ეს აუცილებელია, და დაწყებულია ეს პროცესიც.
არის კიდევ ერთი სახალხო ძალა, ჯერ დაუკავშირებელი, ქაოტური, მაგრამ დიდი ძალა, – ემიგრაცია.
ემიგრაცია ის ძალაა, სისტემამ საკუთარი თავის დასაკლავად რომ ალესა, და ერთხელაც ბუმერანგივით დაუბრუნდება სისტემასვე.
ხო, საერთოდ, არ ვფიქრობ, რომ ისე ცუდად იყოს საქმე როგორადაც ცდილობენ წარმოაჩინონ საზოგადოების ნიჰილიზმის გაძლიერებაში დაინტერესებულები, და რაც არ უნდა ეცადოს სისტემამ უკვდავების წყალი სვას ჩასვრილი ობივატელის, და მედროვეების ხარჯზე, ადამიანებში აშკარად იზრდება თვითშეგნება და თვითორგანიზებასაც ვსწავლობთ, და მე მჯერა, ჩვენ შევძლებთ თავის დაცვის უნარის მქონე საზოგადოებად ჩამოყალიბებას, და ერიც კიდევ ერთხელ მოახერხებს ისეთი ფუნქციის თავის თავზე აღებას, კაცობრიობას ამ პატარა ერის არსებობის აუცილებლობაში კიდევ ერთხელ რომ დააჯერებს, და უდაბნოში ამდენი ხეტიალის შემდეგ აუცილებლად და კიდევ ერთხელ გავალთ სამშვიდობოზე.
ეს გარდაუვალია.
და საიდან ვიცი ?
უბრალოდ ვიცი, როგორ ხდება ეს, და ვიცი ისიც, რომ ეს მიხვედრა, ადრე თუ გვიან, დადგება ყველასთვის, ჩაირთვება საჭირო ალგორითმიც და ქვეყანაზე მართლაც ალალად გულშემატკივარი ხალხი დაიწყებს ერთმანეთის ძებნას და ერთმანეთს იპოვიან.
ისტორიული მახსოვრობაც, და ეს ბოლო 30 წლიანი გამოცდილებაც და თავის გადარჩენის ინსტიქტიც აუცილებლად მიგვიყვანს აქამდე,
ასე ხდებოდა ადრე, და ასე მოხდება ახლაც.
აბა, მართლა სასწაულებმა კი არ გამოგვატარეს საუკუნეები.
და კიდევ ახალი თაობის მჯერა მე,
უკვე დამოუკიდებელ ქვეყანაში გაზრდილი თაობის, ინტუიციით რომ ხვდება რა არის ერისთვის აუცილებელი და საჭირო მომენტში იმ აუცილებელის დასაცავად რომ დგება.
სხვა დანარჩენმა წაიკითხოს ილია, წაიკითხოს სიღრმისეულად, და არა ციტატების დონეზე,
წერია იქ ყველაფერი.
ცოდნა არ ვნებს, ვნებს არცოდნა.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა