
ამ წინადადების ბოლოს კითხვის ნიშანი უნდა იყოს.
რადგან ძალიან ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი.
და ტყუილად ნუ ვიმშვიდებთ თავს ამ პათეტიკური შეძახილით.
მესმის, რა აზრიც არის ამ ფრაზაში ჩადებული,
მაგრამ ყველა გაგებით,
ვერ მოკლეს კი არა, – მოკლეს, ილია.
და დასაფლავების დღეს, კიდევ ერთხელ მოკლეს,
აი, მაშინ , ილიას საფლავთან რომ აგინეს მიცვალებულს სოციალ-დემოკრატებმა, და ამ ამბავს რო გაუჩუმდა ის საზოგადოება, ილიას თანამოაზრედ რო აცხადებდა თავს.
დიახ, აკაკი წერეთელიც, დავით სარაჯიშვილიც, იაკობ გოგებაშვილიც, ექვთიმე თაყაიშვილიც, ნიკო ნიკოლაძეც,
დიახ, იმ ადამიანებმა, – ვის სახელებსაც დიდი პატივისცემით მოვიხსენიებთ დღეს, და რომელთა სახელობის ქუჩები და ინსტიტუტები არის დღეს, – ხმაც კი არ ამოიღეს ილიას დასაცავად.
ილიას მკვლელობა ეს იყო, თუ იყო.
იმ დღის შემდეგ კიდევ რამდენჯერ მოკლეს ილია, და დღესაც კლავენ.
მკვლელობაა სწორედ, ილიაზე რომ ვამბობთ ერის მამააო, და მის სიტყვაზე ერთხელაც კი არ გაგვივლია ქართველებს.
თუ არ ჩავთვლით, 80-იანი წლების ეროვნულ მოძრაობას, და მის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის ფაქტს.
მის შემდეგ კი საერთოდ დავივიწყეთ.
დავიწყებაა სწორედ, რადგან საზოგადოების უმრავლესობამ დღესაც კი არ იცის, რა არის ილია.
ვინ არის კი არა, “რა არის ილია”,
დიახ, მისი ბიოგრაფიის, და თუნდაც მისი პუბლიკაციების კითხვა არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას აქვს ცოდნა, თუ ” რა არის ილია”
ანუ, რა არის “ილიას გზა”.
მაგრამ ახლა სხვა რამის თქმა მინდა.
რომ გადარჩენილიყო 1907 წლის 12 სექტემბერს, და იმ დღიდან ერთი 15 წელი კიდევ, რომ დასცლოდა ილიას, რა მოხდებოდა?
ამ კითხვაზე პასუხია საინტერესო.
დამოუკიდებლობას ხომ მოესწრებოდა.
დიდი ალბათობით, მთავრობაშიც იქნებოდა, მის თანამოაზრეებთან ერთად,
შესაბამისად, არც მთავრობა იქნებოდა მენშევიკური,
და შესაბამისად არ იქნებოდა სოცდეკების დიდი ღალატიც.
და 21 წელს ვერ გაგვასაბჭოებდა რუსი.
რომლის არმია რამდენჯერმე მოიგერია გენერალმა კვინიტაძემ.
ომის პირველივე დღეებში 1500 რუსი ჯარისკაციც აიყვანა ტყვედ, და კონტრშეტევაზეც გადასვლას აპირებდა, როცა უკანდახევის ბრძანება მიიღო ჟორდანიასგან.
და მისი და მისი მთავრობის ქვეყნიდან გაქცევამ კი საერთოდ დემორალიზაცია შეიტანა ჯარში.
ვერ გაგვასაბჭოებდნენ, დიახ,
ხელისუფლებაში მენშევიკების მაგივრად ილია და მისი თანამოაზრეები რომ ყოფილიყვნენ.
და სავარაუდოდ ვერც სტალინი შეინარჩუნებდა გავლენებს რუსეთში, რადგან საქართველოს სსრკ შემადგენლობაში ყოფნა იყო რუსი ბოლშევიკების ელიტაში ჯუღაშვილის ყოფნის გარანტი.
სავარაუდოდ, ტროცკი გახდებოდა ლენინის შემდეგ გენსეკიც, მსოფლიო რევოლუციაზე და სამხედრო კომუნიზმზე რო ოცნებობდა.
და სავარაუდოდ მსოფლიო ომსაც გააგრძელებდა,
და რუსი, კიდევ ერთხელ დამარცხდებოდა, და საბოლოოდ დაიშლებოდა.
და რამდენ უბედურებას გადავრჩებოდით, ხო?
გადავრჩებოდით 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ რეპრესიებს, 37 წლის რეპრესიებსაც,
მეორე მსოფლიო ომიც არ შეიწირავდა 300 000 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლეს,
გადავრჩებოდით ომის მერე ქართველების გადასახლებას ყაზახეთში,
გადავრჩებოდით 1956 წლის სისხლიან 9 მარტს,
1989 წლის 9 აპრილს, და 1991 წლის პუტჩს და თბილისის ომს.
აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომებს ავიცილებდით თავიდან.
მის მერე კიდევ რამდენ უბედურებას გადავრჩებოდით, დღემდე, რაც გვჭირდა და გვჭირს დღესაც.
და აბა, თავს როგორ ვიმშვიდებთ, ვერ მოკლესო ილია?
ისიც მოკლეს, და ქვეყანაც მოკლეს.
და კლავენ დღესაც, – რადგან არ ვიცით მეთქი, ილია, და არ დავდივართ მეთქი, მის სიტყვაზე.
ერთი კია,
იმ წლის 12 სექტემბერს, რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა,
მე და შენ, ვინც ახლა ამას კითხულობ, არ ვიქნებოდით, არ ვიარსებებდით.
რადგან საბჭოთა კავშირში არ დაიბადებოდნენ ჩვენი მშობლები, და ესე იგი, ვერც ვერასოდეს შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
ვერ შეხვდებოდნენ, და ჯანდაბას ჩვენი თავი,
თუ ის კაცი გადაურჩებოდა წიწამურს.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.