You are currently viewing როცა ვიცი სიმართლე

როცა ვიცი სიმართლე

ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ, ვისაც ვაბრალებდი ჩემი დის სიკვდილს, იმ ექიმს ჩავუსაფრდი.
და არ ვიცი, რა სასწაულმა გადაარჩინა, იმ საღამოს, იმ ქუჩაზე რომ არ გამოიარა.
იმან არ გამოიარა, თორემ მისი მოკვლის თუ არა, ცემის სურვილი არ გამქრალა არსად.
და მხოლოდ მერე და მხოლოდ მაშინ, როცა გავიგე, მამა უნდა გავმხდარიყავი, ჯერ არ დაბადებულ ბავშვს ვაჩუქე იმ ექიმის სიცოცხლე.
რატომ გავიხსენე?
რატომ და ვფიქრობ ახლა,
მამაჩემი რომ ცოცხალი იყოს, და ამ კაცის დღეში იყოს, რას ვიზამდი, მეთქი.
როცა ვიცი სიმართლე,
როცა უკვე ვიცი, რომ ათასობით ადამიანს მახე დაუგეს,
როცა ვიცი, პროვოკატორების მეშვეობით ხალხი პრეზიდენტის სასახლის გალავანისკენ რომ გაიტყუეს.
იქ სადაც საერთოდ არ იდგნენ პოლიციელები,
წესის მიხედვით რომ უნდა ყოფილიყვნენ.
მაგრამ არ იდგნენ სწორედ იმიტომ, პრეზიდენტის სასახლის წინდაწინ გადახერხილ რკინის მოაჯირთან უპრობლემოდ რომ მისულიყვნენ პროვოკატორები,
და ერთი ხელის დარტყმით რომ დაეწვინათ ის მოაჯირი მიწაზე,
მოაჯირი, თორემ ჭიშკარს ძვრაც კი ვერ უქნეს, რადგან ჭიშკარი არ იყო წინასწარ გადახერხილი.
შემდეგ ისევ პროვოკატორები გადავიდნენ პირველები პრეზიდენტის სასახლის ეზოში, და ხალხიც შეძახილებით გადაიყოლიეს,
და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდნენ გარეთ, შენობაში ჩასაფრებული სპეცრაზმელები.
და მხოლოდ შეტყუებული ხალხი შერჩათ ხელში.
და აგერ, 5-5 წელი ჩამოურიგეს.
და მათ შორის 72 წლის ბავშვთა ექიმსაც.
ვინაც, შეიძლება სულაც ციხეში დაასრულოს სიცოცხლე.
მაშინ, როცა აუზში დაღუპული მარიტას სიკვდილში დამნაშავეები გარეთ არიან,
როცა ვერარაჩკის და შოვის სტიქიების დროს დაღუპულთა სიკვდილში დამნაშავეები გარეთ არიან,
როცა კოვიდის დროს სავადმყოფოებში გარდაცვლილი ხალხის სიკვდილში დამნაშავეები გარეთ არიან.
და როცა ამ 30 წლის განმავლობაში ქვეყნის მართლაც გამყიდველები, და მძარცველები, და ათიათასობით ადამიანის უსახლკაროდ, უწამლოდ და ულუკმაპუროდ დამტოვებლები გარეთ არიან და სრულ კომფორტში.
ხო,
როცა ეს ყველაფერი ვიცი, ვფიქრობ მეთქი, რას ვიზამდი, მამაჩემი რომ ამ კაცის ადგილზე ყოფილიყო, და მისთვისაც 5 წელი რომ მიესაჯათ.
და ვფიქრობ,
მას, ვინც არის ამ ყველაფრის დამგეგმავი, და მართლაც დამნაშავე – და, აი, ამ კაცის ფრჩხილადაც რომ არ ღირს, – ღმერთის და მისი სამართლის თუ არ ეშინია,
გამწარებული კაცის განაჩენის მაინც არ ეშინია?
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა