You are currently viewing სინდისი მაინც მექნება მშვიდად

სინდისი მაინც მექნება მშვიდად

ვიტყვი კიდევ ერთხელ, სინდისი მაინც მექნება მშვიდად, რომ ჩემს წილად ყველაფერი ვეცადე, ამ საკითხზე სამოქალაქო დაპირისპირება რომ არ დაიწყოს.
დიახ, ამ დღეებში რამდენიმე წერილი გამოვაქვეყნე იმაზე მინიშნებით, უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე თბილისში რუსეთის საელჩოს გახსნიან, მეთქი.
და პარალელურად რუსეთთან ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზეც დაიწყება მოლაპარაკებები და ორმხრივი შეხვედრები.
დიახ, დაიწყება, – ტყუილად არ გაგვიხსენეს და არ გვიქეს გეორგიევსკის ტრაქტატი.
ამ ყველაფრის შესახებ უკვე აგერ, რუსი ოპოზიციაც გვაფრთხილებს.
დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ და არის ასეთი რუსეთიც.
ვინც, გაგიკვირდებათ, და ბევრ ქართველზე უკეთ იცის, რომ არც გეორგიევსკის ტრაქტატი არ გულისხმობდა რუსეთთან მიერთებას,
მხოლოდ სამოკავშირეო ხელშეკრულებას გულისხმობდა.
მაგრამ საბოლოოდ დამოუკიდებლობა დავკარგეთ.
მაგრამ იმას, რასაც რუსეთში ამჩნევენ, საქართველოში საერთოდ აიგნორებენ პოლიტსასტავები.
არადა, ეს ყველაფერი მართლაც მოხდება,
საელჩოც გაიხსნება, და ორმხრივი სამოკავშირეო ხელშეკრულებაც დაიდება, თუ ამაზე რეაქციას არ გავაკეთებთ.
მაგრამ სანამ რუსი დაიწყებს ჩვენი ჯარისკაცების რუსეთ-უკრაინის ფრონტზე გაგზავნას, მანამდე ძალიან ცუდი პროცესების მონაწილე შეიძლება გავხდეთ.
დიდი სამოქალაქო დაპირისპირების მონაწილენი.
და წითელ ნაჭერს თვითონ რეჟიმი ააფრიალებს.
და იმით, რომ ყოველგვარი წინასწარი საუბრების და ინფორმაციების გამოტანის გარეშე გახსნის რუსეთის საელჩოს, ზედ რუსთაველის გამზირზე.
დიახ, ფაქტის წინაშე დაგვაყენებს.
დიახ, პროვოკაციულად, რომ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ უბიძგოს.
და მთელი საზოგადოებაც ორ ბანაკად რომ გახლიჩოს.
თუ რაში ჭირდება ეს რეჟიმს, ამის შესახებ უკვე ვთქვი წინა წერილებში.
და რაც შეიძლება მოხდეს, ვისაუბრებ კიდევ.
კი ვერაფერს შევცვლი, მაგრამ სინდისი მაინც მექნება მშვიდად, მეთქი, კი ვთქვი უკვე.
და ამ დროს ოპოზიციური პარტიები საერთოდ გამყინვარებაში არიან.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართულ პოლიტიკურ წრეებში საერთოდ ვერ ამჩნევენ რა პროცესები იქოქება ნელნელა და ისევ უდარდელად არჩევენ პოლიტშოუებს,- კიდევ ვის დაიჭერენ და ვის არა, და ვის რამდენ წელს მიარჭობენ.
არ ვამბობ, რომ სისხლის სუნს ვერ გრძნობენ, განსაკუთრებით ას სარზე გადამხტარი პოლიტნაგვები.
მაგრამ ჩუმად არიან, რადგან პარტიულები, ორივე მხრიდან, ხომ მუდამ იმ ტურებივით, და მოროდიორებივით იქცევიან, ბრძოლის მერე მიცვალებულებს რომ ძარცვავენ,
და ამიტომ ისინი არასოდეს არ შეუშლიან ხელს ესკალაციას, – პირიქით, დაინტერესებულნი არიან სამოქალაქო დაპირისპირებაში.
პოლიტნაგვებს, ორივე მხრიდან, ნაგვობას ვერ მოაშლევინებ,
მაგრამ რეჟიმის პროპაგანდით მოწამლული, და პრორუსულად განწყობილი რიგითი ობივატელების გაფრთხილება შეიძლება და ეს მიზანიც აქვს სწორედ ჩემს წერილებს ამ თემებზე.
ნუ გაწირავთ თქვენი ქმედებებით საკუთარ შვილებს უკრაინის სტეპებში ჩასახოცად.
დიახ, არ მოგიტანთ რუსის ჩექმა მშვიდობას, პირიქით ომს მოგიახლოებთ.
ამიტომაც ასჯერ გაზომეთ და აწონეთ, სანამ რაიმეს გააკეთებთ, ანდა იტყვით, სახლში, სამსახურში, თუ სოცქსელებში თუნდაც.
კითხულობენ და გისმენენ თქვენივე შვილები, და თქვენი ახლობლების შვილებიც, თუ რას ამბობთ, და როგორ ამბობთ,
და ისე ნუ იზამთ, ახლანდელმა თქვენმა ნათქვამმა წლების მერე ისევ თქვენ ჩამოგასვაროთ თავზე.
ნურც იმას იფიქრებს ვინმე პოლიტროჟა, ან სახელისუფლებო ტელევიზიების წარმომადგენელი, ან ტროლი, რუსის ჩექმა შემოვა და ამაგი დამიფასდებაო.
სტალინმა ზესახელმწიფოდ გადააქცია რუსეთი, ომიც მოიგო და რუსებმა მაინც მოთხარეს.
ბერიამ დაზვერვის სამსახური შეუქმნა და ატომური ბომბი მისცა რუსს, და მაინც დახვრიტეს.
იმ ქართველ ბოლშევიკებზე აღარაფერს ვამბობ, ვინც რუსის მე-11 არმიას შემოუძღვა საქართველოში,
არც იმათზე, ვინც აქ დახვდა რუსის ხიშტს ტაშით.
ყველანი დედაბუდიანად და ოჯახებიანად რეპრესიებში მოყვნენ,
და დღეს, ახლანდელ მელაჩოვკა რუსეთუმეებს რატომ გგონიათ, რომ რუსი დაგიფასებთ გულმოდგინებას?
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)-
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა