You are currently viewing სულთათანა

სულთათანა

“სულთათანა”
..
დავდებ აქაც.
ვიღაც მოცლილი შემოეხეტება , ისეთი, დრო რომ დაეკარგა, ან დროს რომ დაეკარგა , ნახავს, და ვინც ნახავს, მინდა იცოდეს, რომ იმაზე მეტი მნიშვნელოვანი რაც მის სულში ხდება, ამ წუთს, და ამ წამს, არც არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე.
ეს სონეტთა გვირგვინი პირველად 2014 წელს გამოვაქვეყნე.
სონეტთა გვირგვინი -,ანუ სონეტთა ერთობლიობის განსაკუთრებული ფორმა, 15 სონეტისაგან შედგება. პირველი სტრიქონი მეორე სონეტისა, უნდა იმეორებდეს პირველი სონეტის ბოლო სტრიქონს, მესამე სონეტის პირველი სტრიქონი , მეორე სონეტის ბოლო სტრიქონს და ასე შემდეგ. მეთოთხმეტე სონეტი მთავრდება პირველი სონეტის პირველი სტრიქონით , და საბოლოო , მეთხუთმეტე სონეტი უნდა შედგებოდეს , წინა თოთხმეტი სონეტის პირველი სტრიქონებისგან .
არსებობს იტალიური, ფრანგული და ინგლისური, ანუ “შექსპირისეული ” ტიპის სონეტი,
რითმათა შემდეგი თანმიმდევრობით. abab cdcd efef gg .
სწორედ ამ ფორმით წარმოგიდგენთ “სულთათანას”
მოქმედი პირები:
1.სული – სხეულში მყოფი ენერგია.
2.შავჩოხიანი – სულის სტუმარი (მწუხარება, ტანჯვა )
3.თეთრჩოხიანი – სულის სტუმარი (სიხარული, ბედნიერება )
4 .წამი – დრო , როცა შემთხვევითობა დგება
5. შემთხვევითობა – შუამავალი მოცემულ დროში სულსა და მის სტუმრებს შორის.
6. სხეული – სულის სამყოფელი დროის მოცემულ მონაკვეთში, შემთხვევითობის დადგომის წინ და მერე.
და რის შესახებაა?
როგორც სიტყვაა ფიქრის შედეგი, ისე ადამიანის სულიც, სრულ მოცემულობამდე , ყოველწამობრივი მეტამორფოზით მიდის.
წამის განმავლობაში იბადება, ან კვდება , წამის განმავლობაში ბერდება, ან ცხოვრებას იწყებს თავიდან, წამის განმავლობაში მძიმდება, ან მსუბუქდება კვლავ.
და სანამ სხეულის ფიზიკური გარდაცვალების შემდეგ მარადიულ, ერთგვაროვან, უცვლელი სიდიდის მდგომარეობაში გადავიდოდეს, უსასრულო რაოდენობის ასეთ წამს განიცდის .
მთელი სიცოცხლე გრძელდება სულის სულთათანა.
1…
ესალმებიან კვლავაც ერთმანეთს, უხმოდ, თავდაკვრით,
ადრე მოსისხლე მტრებად გაყრილნი ერთად დგებიან ,
მარადისობის ორი მსახური, წესების დაცვით,
ერთმანეთს ახლაც, ძალდატანებით ესალმებიან.
შავჩოხიანი თეთრჩოხიანის გახედავს ნაბადს,
ზეწრად გადაშლილს თვალს აარიდებს , გადგება განზე,
თავის მოსასხამს ასწლეულობით ნატარებს, ნაცადს,
მხრებზე იტოვებს, შემოწებებულს თითქოსდა ტანზე.
თითქოს და ხვდება, აქ არ მოუწევს ჭიქის წაქცევა,
ხვდება, არ უნდა მისი დანახვა , მას, ვისაც უჭირს,
თერთჩოხიანის მანსპინძელივით ყოფნას და ქცევას
მიჩვეულია , ბევრჯერ უნახავს, და აღარ უკვირს,
***
მაგრამ დგას ჩუმად, იცის, რომ უნდა აივსოს თასი,
იცის ორივემ წესი და რიგი , ზრდილობის ფასი.
2 ..
იცის ორივემ წესი და რიგი , ზრდილობის ფასი .
უარს ვერც ეტყოდნენ მათ შუამავალს, შემთხვევითობას
კანონზომიერს, შემაერთებელს ერთის ,ათასის
ბედისწერასთან , – ვერც დაუშლიდნენ წამით გართობას.
და არჩევანსაც აქ ვეღარავინ მიისაკუთრებს,
ვერ იტყვის, რომ მან მოისურვა და ეს ასე მოხდა,
შემთხვევითობა არიგებს მხოლოდ ამგვარ საჩუქრებს,
შემთხვევითობამ შეყარა ერთად, უბრძანათ მოცდა
ერთი წამისთვის, როცა შეგრძნება გასხეულების
ყველაზე მძაფრად დგება , და წამით გვირგვინოსანით
სხეულს იგრძნობენ , ზოგადად ყოფნას მიჩვეულები
ერთიც, მეორეც – თეთრჩოხოსანიც ,შავჩოხოსანიც.
***
ამ წამისათვის გადაუტკეპნეს მიდამო ნაცრით,
ხელფეხშეკრულებს, მოვალეობით ნაქსოვი ბაწრით .
3 –
ხელფეხშეკრულებს, მოვალეობით ნაქსოვი ბაწრით,
არ უკვირთ წამის დაბადება და გარდაცვალება,
დაბადების და გარდაცვალების ადგილის გაცვლით,
ჭეშმარიტებას არ ემუქრება ფერისცვალება,
და არც სიმართლის კლებით იცვლება ჭეშმარიტება,
თუმცა ამქვეყნად სუყველა თავის სიმართლით დადის,
და თუნდაც ყაროს სიტყვები ვინმემ მარგალიტებად,
სხვა სიმართლისთვის მუდამ ექნება ხარკი სახადი:
რადგან სიცოცხლეს ვალად სულ ადევს მისი სიკვდილი,
რადგან სიცოცხლე სიკვდილის გამო უქმად არ ცდება,
რადგან სიცოცხლე არის სიკვდილის მუდამ სირცხვილი,
რადგან სიცოცხლე სიკვდილის მერე უფრო ფასდება.
***
ერთმანეთს მიტომ ამკობენ მუდამ, ფარჩა- ატლასით,
ნაძალადევი, გადავსებული უჭირავთ თასიც ..
4
ნაძალადევი, გადავსებული უჭირავთ თასი,
სიკვდილ – სიცოცხლეს უხდებათ კიდეც ალავერდობა,
ზიარჭურჭელში მოთავსებული ავი ბაასით,
ერთმანეთთან სულ ჩახუტება და თან არ დანდობა,
და რომ სიცოცხლე იმ ქვეყნად არის – ამის მტკიცება,
რომ იქ წასული, კვლავ რომ ბრუნდება სხვა სიცოცხლეში,
რომ სასიკვდილო მარტოსულობით სული მწირდება,
და სიცოცხლეშიც რომ შეიძლება, რომ გახდე ლეში..
რომ დაბადებით , სიცოცხლე მყისვე, იქვე მცირდება ,
თუმცა სიცოცხლე წამებს იმრავლებს სხვა სულის პოვნით,
რომ უკვდავებაც მხოლოდ სიკვდილის მერე იწყება ,
და რომ სიცოცხლე მკვდარსაც აცოცხლებს , წასულის ხსოვნით.
***
თავის სიმართლით დარწმუნებული, ამტყდარი წამით,
პირისპირ დგება თეთრი და შავი , ნათელთან ჟამი.
5
პირისპირ დგება თეთრი და შავი , ნათელთან ჟამი,
და ავ მუსაიფს ირეკლავს ექოდ ტოლობა ძველი,
შავჩოხიანის – მუდამ მოსისხლე, სიცოცხლის ხამის,
თეთრჩოხიანის – ბევრჯერ ნანახი სიკვდილის მკვლელის..
პირისპირ დგანან, როგორც ყოველთვის, ოხვრაზე სულის,
განსაკუთრებულ ზღვარს რომ მიადგა თავის ცხოვრების,
განვლილი გზებით თვითკმაყოფილი, თუ გულმოსული,
რომ ვერც გებულობს მასთან მოგზავნილ ენას მსტოვრების.
ვერ ხედავს მსხვერპლი, როგორ ქანაობს თავზე სასწორი,
აღმა და დაღმა, როგორ ყოყმანებს სასწორის პინა ,
არც ესმის მიზანს, როგორ ერთობა მის სულთან ორი,
როგორ მსჯელობენ, დასტოვოს სულმა თუ არა ბინა.
***
და სურთ ორივეს თავის სიმართლით სხვისას უყელოს,
და უსმენს მაჯას თეთრი და შავი ჩოხის სახელო.
6
და უსმენს მაჯას თეთრი და შავი ჩოხის სახელო,
დასაბადებლის სუსტ ბიძგებს რომ გავს, დედის წიაღში..
თეთრს უნდა სული აქ დასარჩენად შეასახელოს,
შავს უკვე შეყავს იქ გასაგზავნთა ცალკე სიაში.
როგორც მიმინოს მგეშავი ყურში , სახელს, ნათლობის
ჩაძახის სხეულს , ორ ნაპირად რომ გაყოფილს მოჰგავს,
თეთრჩოხიანი , სახეს ღებულობს მისი ახლობლის,
და მიზეზები აქეთ დარჩენის საბუთად მოჰყავს.
გაღმა ნაპირს კი შავჩოხიანი უახლოვდება,
სახეზე ნიღბით სინანულის და დანაშაულის,
და გაბზარული ხმა ცოდვებისა ერთად გროვდება,
და შედეგს დადებს – სიკვდილიაო დღესასწაული.
***
არა, არ შრება შავზე ოფლი და თეთრზე ცვარნამი,
თუმც ასწლეულებს მოითვლის მათი შეხვედრის წამი.
7
თუმც ასწლეულებს მოითვლის მათი შეხვედრის წამი,
ვალდებულება უკვე ჩამჯდარი ჭუჭყივით ფრჩხილში,
დაღლასაც ვერ გრძნობს მრავალჯერადი ამ მელოდრამით,
და თუ მაინც და …ანცობის სურვილს ჩაისვამს წილში.
ერთფეროვნებამ რომ დაახველოს , გაცინებისას,
ბევრჯერ გახდება შავჩოხიანის მცდელობა ფუჭი,
სადღაც ვიღაცას , ნაცვლად იმ ქვეყნად დაძინებისა –
გაეღვიძება თეთრჩოხიანის დასტურით მუჭის.
ანდა პირიქით, გაეკიდება ვიღაცა სიკვდილს,
გაბეზრებული , ვერც დაეწევა და ვერც მიაგნებს ,
ვეღარც ჩერდება , კვლავ გააგრძელებს უაზრო სირბილს,
მარადიულიც ვითომ ვერ ხედავს , ცოტას იანგლებს.
***
ჰო, მაინც არ ღირს შეყრა ნებითად დავასახელოთ,
იძულებითი არის ეხლაც ის, სახელდახელო..
8 –
იძულებითი არის ეხლაც ის, სახელდახელო,
და ნაჩქარევი, როგორც ყოველთვის, უდროო არის,
იმისთვის , ვისაც ყრმას ამწესებენ საიმნათელოდ,
იმისთვისაც კი , ვინც წლოვანების, გამხდარა ყვავის.
იმისთვის , ვისაც მეგზურად ყავდა კითხვის ნიშანი,
ვინც პასუხების ტყეში ხეს ჭრიდა, ხეზე ამძვრალი,
ვისაც დღე ერთი და უთვალავი ქონდა მიზანი,
ვინც წვეთს არ სვამდა და სხვებისათვის კი ჩანდა მთვრალი.
მისთვისაც , ვისაც კეფაზე კვალი ემჩნევა ფეხის,
ვისაც თვალები მკვლელის დააქვს და ქცევა აქვს მონის,
ვისთვისაც სხვისი სულის ზეიმი არის ქელეხი,
ვინც არ გაურბის , პირიქით ეძებს მზერას გორგონის.
***
ყველას ჰგონია, უდროოდ ხდება განგების წერა…
ერთ წერტილს, ტყვიად ქცეული , წყვილად, ეცემა მზერა..
9
ერთ წერტილს , ტყვიად ქცეული , წყვილად ეცემა მზერა,
სხეული ხვდება, მიზნად აქციეს , მიწა დაიძრა,
და სულს მოესმის შოლტის სტვენა, თუ შოლტის სიმღერა,
ყოფნა -არყოფნის ბედაურმა რომ ტანზე დაიკრა.
და ცარცის წრეში ჩამდგარი იცდის ჩუმად სხეული,
წვეთად ეხება , უპოხავს სახსრებს მზერა, მსაჯული,
ხან ხტის, ხან ცხრება შავი თუ თეთრი ტალღით ძლეული,
სხეული , თორემ სული ტალღების არის ნათლული.
სხეულზე როკვა ნიშანი არის გასამართლების,
სასამართლოსთვის გამოძიება ხომ ქმნის ნიადაგს,
დარბაზშიც შავი და თეთრი ალის შუქზე, სანთლების,
სხვა გზა არც მოსჩანს , გამოსავალი ლოდინია და ..
***
განკითხვის წამის გვერდით , სხეული მორჩილად წვება,
სიჩუმე მსხვერპლთან, სულის ბორგვაზე , ცვდება და ქრება .
10
სიჩუმე მსხვერპლთან, სულის ბორგვაზე, ცვდება და ქრება,
რადგანაც სული მოსანათლი და მოსაწონია
ტანჯვით … სხეული ყველა შედეგით მუმიად რჩება ,
სხეულის ტანჯვა , სულის ტანჯვასთან მონაგონია .
და აკივლდება ბრალმდებელისგან მათრახნაკრავი,
ეძებს ნაპრალებს, დევნისგან თავი რომ დააღწიოს,
შავლეგის თვალში ბილწ ტურად მოჩანს ყოველი კრავი,
ბეჯითობს, ცდილობს,..მადლი რომ ცოდვად ამოანთხიოს.
იქვე დაკოცნის სულის საცეცებს თეთრი ღრუბელი,
თვალწინ გაუკრავს სიხარულებით გამთბარ გრძელ სიას,
მოგონებების ჭიპლარს უერთებს სხეულზე ხელით,
ხელითვე ნაგებ თბილ ქოხს ამსგავსებს ცივ ეკლესიას.
***
სულს სულს უბერავს, თითქოსდა ჰკოცნის ბაბუაწვერას ,
შემთხვევითობის დამბადებელი და ბედისწერა.
11
შემთხვევითობის დამბადებელი და ბედისწერა,
თვით შემომქმედის ხელდასმით მეფობს , ვითომ უჩინო,
მოწყალემ, ხარბმა, ალალკეთილმა და გაიძვერამ,
ყველას, ყველაფერს, ყველგან, ყოველთვის უნდა უსმინოს..
ყველა დროშია ერთდროულად და ყველა სივრცეში,
საუკუნის წინ ნათესის მთესველს მოსავალს უმკის,
ბაბუას ნაჭამს , დღეს შვილიშვილებს უთვლის ჯიბეში,
ასი წლის უკან დაქცეულ სისხლსაც ქელეხს დღეს უხდის.
დაგდებულ მადლსაც ფეხს არ წამოკრავს , მიყვება გვერდით,
აკრძალულ ხილსაც ქორწილს ის უხდის , თამადობს კიდეც,
სიტყვას წაცდენილს გაეკიდება ათასი მხედრით,
ხან კი ათასჯერ ნათქვამს არ ისმენს , კედელზე ჰკიდებს.
***
ბევრის მომსწრე კვლავ სანახაობის ქომაგად რჩება..
ყოფნა – არყოფნის ასპარეზობას კვლავ ტახტზე ხვდება.
12
ყოფნა – არყოფნის ასპარეზობას კვლავ ტახტზე ხვდება,
გვირგვინოსანი ბედისწერა და უპყრია კვერთხი,
და სანამ მთავარ საკითხს გადაჭრის , ინტერესდება
ქათამი გაჩნდა უფრო ადრე, თუ ქათმის კვერცხი.
აზუზუნდება ფუტკრის სკასავით სამეფო კარი,
თითქოსდა მართლაც სხვა არ ანაღვლებთ ამაზე მეტად
და ვერ ამჩნევენ , რომ მეფის ხმაზე, ხმაზე მასხარის,
გულგრილობა რომ ხელს ჩამოართმევს სუყველას ერთად.
ბედისწერას ხომ უცნაურობა სისხლში აქვს ჩვევად,
უბედურებას ხშირად თანყვება გვერდით ღიმილი,
ქვეცნობიერი გვთავაზობს, ალბათ, გადასარჩენად,
მწარე ხუმრობით დასაფლავებას, გულისტკივილის,
***
და თუ დავცინებთ , მოუსავლეთში გარბის სიკვდილი..
შემთხვევითობა სცენიდან გადის ჩუმი სიცილით..
13
შემთხვევითობა სცენიდან გადის , ჩუმი სიცილით,
და რეჟისორის კვერთხის აქნევით ფარდაც იხსნება ,
თითქოს გააღო პირი მიწამ და გვერდით მიყრილი,
სულის ბელტები ჭირისუფლების ხელში იფშვნება,
და წარმოდგენის ეს ბოლოსწინა აქტიც მთავრდება
იგივენით და სხეული სულთან .. აქ ცვლიან როლებს,
სხეული თოფს ჰგავს, ბოლო აქტში რომ ისვრის, ვარდება ,
ჰაერს რომ ურევს თოფისწამლისგან გაკვამლულ რგოლებს .
თეთრად და შავად რომ გაიშალოს, თანხმობა , უარი
სულის მუშტარი , გამკიცხავიც და მომფერებელიც…
ამ წარმოდგენის არსი, მორალიც, დასკვნაც , მთავარი
გმირიც – სულია!.. და ერთადერთი მაყურებელიც !
***
და ბოლო წამის ამფითეატრში , ომგადახდილი
სიცოცხლე რჩება სულთან, მებრძოლთან,.. რჩება სიკვდილიც.
14
სიცოცხლე რჩება სულთან, მებრძოლთან, რჩება სიკვდილიც..
თეთრჩოხიანი..შავჩოხიანი… სული – სამება
განზომილებით უკვე რამდენჯერ ვადამისჯილი,
უკვე რამდენჯერ იწყება მათი წამით წამება.
სულსაც რამდენჯერ უნდა ხელახლა ფრენა ისწავლოს,
ან მერამდენედ უნდა, რომ ჩარგოს თავი სილაში,
ან მერამდენედ უნდა, რომ კიდევ გარდაიცვალოს,
ან მერამდენედ უნდა ,რომ ჩაწვეს ცოცხლად მიწაში.
რამდენჯერ? ბევრჯერ და კიდევ ბევრჯერ დახარბებული,
კიდევ ბევრს დაცლის სიკვდილ- სიცოცხლის ხელით ფიალას,
კიდევ მრავალგზის დგება სასწორზე გაწამებული,
რომ კიდევ იგრძნოს, ჯერ ცოცხალია, მკვდარი კი არა..
***
ყოფნა , არყოფნაც სანამ სულს შესვამს, ანდა გადაღვრის,
ესალმებიან კვლავაც ერთმანეთს, უხმოდ , თავდაკვრით.
15.
ესალმებიან კვლავაც ერთმანეთს უხმოდ, თავდაკვრით ,
იცის ორივემ წესი და რიგი , ზრდილობის ფასი.
ხელფეხშეკრულებს მოვალეობით ნაქსოვი ბაწრით,
ნაძალადევით გადავსებული უჭირავთ თასი.
პირისპირ დგება თეთრი და შავი , ნათელთან – ჟამი ,
და უსმენს მაჯას თეთრი და შავი ჩოხის სახელო,
თუმც ასწლეულებს მოითვლის მათი შეხვედრის წამი,
იძულებითი არის ეხლაც ის, სახელდახელო.
ერთ წერტილს, ტყვიად ქცეული , წყვილად, ეცემა მზერა,
სიჩუმე მსხვერპლთან, სულის ბორგვაზე, ცვდება და ქრება
შემთხვევითობის დამბადებელი და ბედისწერა
ყოფნა – არყოფნის ასპარეზობას კვლავ ტახტზე ხვდება..
***
შემთხვევითობა სცენიდან გადის , ჩუმი სიცილით,
სიცოცხლე რჩება სულთან, მებრძოლთან – ქრება სიკვდილი!
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა