You are currently viewing წერე, წერე, ზურიკელა

წერე, წერე, ზურიკელა

თუ ქვეყანა უბედურია და შენ კი – ბედნიერი, სადღაც ვერ ყოფილხარ0 პატიოსანი, ხო?
ხო, ასეთ უხერხულობას ვგრძნობ მუდამ, როცა რაღაც კარგი ხდება პირადად ჩემს თავს, და ქვეყანას კი დედა არა ჰყავს.
ციხეები რო პოლიტპატიმრებითაა სავსე, და ისეთი კანონებია, ნახევარი საქართველოს ჩასმა რომ შეიძლება კიდევ.
ქვეყნიდან გაქცეულებზე, და აქ დარჩენილებზე და წაქცეულებზე აღარაფერს ვამბობ,
და იქნებ, მეც მაქვს პრობლემები, – ჯანმრთელობა იქნება ეს, თუ პურის და წამლის ფული, –
მაგრამ ბაც, და როცა ან წიგნს დამიბეჭდავს საჩუქრად ვინმე, ან პიესას წაიღებს დასადგმელად, ანდა რომელიმე ლიტკონკურსში პრემიას მომცემენ, – ვუხერხულობ მართლა,
და მით უმეტეს, ლექსის წერისკენ თუ წამიცდება ხელი, – მეუხერხულება, ხო.
და ჩემი წასულების სულებს ვფიცავ, არ ვამბობ ამას ლამაზის სიტყვისთვის.
მართლა ასე ვგრძნობ თავს,
და ასეთ მომენტებში გაპრავების მიზეზებს ვეძებ მუდამ.
როგორც ალბათ ზურიკელა, ეძებდა აი, ამ დროს, –
სამუშაოდან დაღლილები რომ მოირწევიან და უცებ,
” ლექსი დავწერეო, მე “..
გახსოვთ, რა თქმა უნდა.
“ღამე იყო მთვარიანი, ქარიანი, თოვლიანი”..
ხოდა, მაგას ვამბობ,
ახლაც ცუდი დროა მართლაც, და თითქოსდა რა გელექსება დალოცვილო, ჩემო იმანო.
ან როგორ უნდა დააღო პირი სამღერად ათასი უბედურება რომ ხდება, შორს ცხრა მთას იქეთაც, და აგერ, ახლოშიც, და ილარიონის არ იყოს, რა გიხარია მართლა.
მაგრამ, იქნებ და ის გვშველის, რაღაც ამაღლებულით წერაატანილები , ამ “რაღაცის” გამოსაჩენად რომ ვართ სულ მზად.
აბა, თავისი არსებობის მანძილზე იშვიათია პერიოდები და ხანმოკლე, როცა ქართველს შეეძლო დალხენილად ეგრძნო თავი,
მით უფრო გიკვირს, როგორ მოასწრო და შექმნა ყოველივე ის, რაც მას მერე ჭირით გაწელილი საუკუნეების განმავლობაში აძლებინებდა.
დიახ, მოასწრო, შექმნა და ქმნის ეხლაც ყველაფერ იმას, რაშიც სჩანს ადამიანობა და რისი არდამკარგავი და გადამცემი მაინც უნდა იყოს მომავლისათვის ყოველი თაობა, თუ ახალს და ღირებულს ვერაფერს შემატებს წინას დანატოვარს.
ხო, კი იცით თქვენც ეს ყველაფერი,
იმ ილიკოსი და ილარიონის არ იყოს, სიყვარული რომ არ ეშლებოდათ და არ ესწავლებოდათ არავისგან,
მაგრამ შეგახსენეთ მაინც, არ გჭირდებათ შეხსენება, მაგრამ მაინც..
და ვიტყვი – თუკი ვიღაც ჯერ კიდევ წერს ლექსს, მოთხრობას, მუსიკას,
თუკი ვიღაც ჯერ კიდევ ხატავს, ფილმს იღებს, და სპექტაკლს დგამს, და თუ ვიღაც ჯერ კიდევ ამას კითხულობს, უსმენს, და უყურებს, ესე იგი,
ესე იგი, ყველაფერი კარგად იქნება.
როგორ?
როგორ და სწორედ იმით, რასაც ამბობ იმ ლექსით, მოთხრობით, სიმღერით, ნახატით, მუსიკით, სპექტაკლით,
რას ამბობ?
რა და სული რომ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს.
რადგან უსულო ვერასოდეს შეიყვარებს რაიმეს გულწრფელად, და მით უფრო, ვერც იომებს იმისთვის, რაც უყვარს,
ვერც თავისუფლებისთვის ვერ იომებს.
ეგაა, ეგ,
და ნუ მიაქცევ ყურადღებას, თუ ვინმე პაკაზუხა მასტი ქართველობას დაგიწუნებს , ცხვირს აგიბზუებს, გოთვერნულად,
რა გელექსებაო, რა გემღერებაო, რა გესპექტაკლებაო, ქვეყანა თავზე გექცევაო.
მით უმეტეს თუ არც გიცნობს, რა გიკეთებია,
არც შენ გიცნობს, არც სხვას, და არც არაფერი იცის იმან ქვეყნისა.
ასეთები წავლენ და გაიდღაბნებიან მტვერში,
კარგად ნათქვამს კი ათასი წლის მერეც გააცოცხლებს ვიღაც, და ესე იგი, მაშინაც შეურყევს სულს გულგრილს.
ჰოდა, წერეთ, წერეთ, ზურიკელებო.
ილიკო და ილარიონა გაგიგებთ და სხვა თუ ვერ გაგიგებთ, იმათი დედაც.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა