You are currently viewing ეგაა, ხო

ეგაა, ხო

როცა გურის, Guri Chelidze ვუთხარი იმ პატარა გოგოცუნას ფოტო გადაუღე მეთქი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა იმ დღეს აქცია,

ხო, კარავი დაიდგა!

კიდევ ერთხელ ვამბობ ამას ხაზგასმით, რადგან ფაქტი მნიშვნელოვანია.

რაჭის ტყეების გასხვისებაზე მნიშვნელოვანიც კი,

სისტემამ, ის ახალი კანონი აქციების შესახებ, ამ ორი თვის წინ რომ მიიღო, პირველად რიონის ხეობელებზე დატესტა, და დატესტა კანონდარღვევით.

თვითონვე არღვევდა თავისივე კანონს,

და სისტემას რომ გასვლოდა ის, რაც მაშინ ჩაიფიქრა, ჩათვალეთ რომ საერთოდ დავკარგავდით პროტესტის უფლებას,

მომავალში დაუცველი აღმოჩნდებოდა ყველა, ვინც კი ეცდებოდა რაიმე გაეპროტესტებინა.

საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა მრავალჯერადი და ხანგრძლივი აქციის ჩატარება,

მრავალჯერადობის გარეშე კი პროტესტი რომ უშედეგოა, ეს კი უნდა გვესმოდეს 30- წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე.

და გამოვიდა, რომ რაჭის ტყეებზე მეტი იდო სასწორზე, და გამოვიდა, რომ არა მხოლოდ რაჭისთვის, ყველას უფლებისთვისაც ომობდნენ იმ დღეს რიონის ხეობელები.

პროტესტის უფლებას გვართმევდნენ საერთოდ!

ამ უფლების გარეშე ყოფნა კი ნიშნავს, რომ სახელმწიფო კი აღარ გაქვს, არამედ ერთი კაცის ბოსტანი, და პოლიციური მაკრატლით.

ამიტომ იყო მნიშვნელოვანი იქ იმ დღეს კარავის დადგმა.

პარტიებმა, ორგანიზაციებმა, თუ რიგითმა მოქალაქეებმა მადლობა უნდა უთხრან რიონის ხეობელებს, რადგან ყველას გასაკეთებელის გაკეთება ამჯერადაც მათ მოუწიათ.

ხო, როცა გურის ვუთხარი, აი, იმ გოგოცუნას სურათი გადაუღე მეთქი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა აქცია,

არ ვიყავით ბევრი, ალბათ სამასიოდე კაცი, და აშკარად არასაკმარისი იმისთვის, რისთვისაც იქ ვიდექით, მაგრამ რაოდენობაშიც აღარ იყო საქმე,

გაძლებაზე იყო, მოთმენაზე, და ნერვებზე.

იქეთ, ჩვენზე სამჯერ მეტი პოლიციელები, თუ აქეთ ჩვენ.

5 საათი ერთ ადგილზე ფეხზე დგომა, გაუნძრევლად, და სიცივეში, ძნელია მართლაც,

და სწორედ ამ დროს დავინახე ეს ბავშვი,

და მორჩა, ერთბაშად ჩამომეყარა მხრებიდან მთელი ის სიმძიმე, რაც იმ 5 საათის განმავლობაში ავიკიდე,

საერთოდ გაქრა დაღლა, დაძაბულობაც,

გამიარა ბრაზმაც, მილიონნახევრიანი ქალაქიდან, 300 კაცი რომ ვიდექით, და მეთქი ხვალ, კახური ფოლკლორით მოვიკითხავ, ვისაც შეეძლო მოსვლა და არ მოვიდა მეთქი.

მაგრამ ბავშვის დანახვაზე, გაქრა უცებ, ბრაზიც, და დაღლაც,

ხო, ყველაფერმა გამიარა, და უკვე ვიცოდი, რომ მე პირადად იმ ადგილიდან ფეხს აღარ მოვიცვლიდი, რაც არ უნდა მომხდარიყო.

აი, ამ ერთი ბავშვის გამო, არც სახელი რომ არ ვიცი, და არც გვარი, მაგრამ მთელი ქვეყანა რომ გახდა უცებ ჩემთვის.

ეგაა, ალბათ,.

“ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება”

ეგაა, ხო..

გუჯა ბიძია

.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა