You are currently viewing საიდანაც დაიწყო ყველაფერი

საიდანაც დაიწყო ყველაფერი

აი, ასე სჩანს ჩემი დედულიდან ეს მთა.
საიდანაც ბევრი რამ დაიწყო.
ქუთაისიდან 50 კილომეტრშია.
სიმაღლე 2000 მეტრია და კარგ ამინდში იქედან შავ ზღვასაც კი დაინახავს დაკვირვებული თვალი.
ამ მთაზე ამბობდა ვახუშტი ბატონიშვილი, “ქვეყანას რა მისჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოსო”.
ხო, ასე სწამდათ მაშინ და ასე სწამთ ახლაც , რადგან ეს უბრალო მთა არ არის,
საკრალური მთაა ქართველისთვის, და მას რომ ვინმე ცუდად შეეხოს, ან თუნდაც ცუდად შეხედოს, მას, მის ხეობას, და მის ადამიანებს, – უნდა ჩააქვესკნელო, მართლაც.
საინტერესოა მეცამეტე საუკუნის მემატიანის ცნობაც:
“განიყვნენ მეფეთა ქვეყანანი და ქალაქნი ქუთაისი და ტფილისი ორად, არამედ ხომლის ქუაბსა შინა რაიცა იყო, მცირედნი განყვეს (მცირე განძი აიღესო),
და უფროსი (მეტი წილი განძეული ) ქვაბსავე დაუტევეს”.
ვარაუდი იმისა, რომ მართლაც არის , ან იყო რაღაც ხვამლში, უსაფუძვლო არ არის.
მთაში ძალიან ბევრი ქვაბულებია, და უმრავლესობა გამოუკვლევი.
ზოგი ბუნებრივად ამოიქოლა ჩამოწოლილი ქანებისგან, ზოგი ხელოვნურად ამოქოლეს კომუნისტებმა 30 -იანი წლების ბოლოს , იქნებ ნახეს კიდეც რამე.
აბა, რა თავი ტკიოდათ იმ გაგანია წლებში?
ეგ არაფერი, ერთ-ერთ გამოქვაბულზე ჩანჩქერი გადმოდის, რომელიც გამოქვაბულის შესასვლელს ფარავს, მაგრამ რაღაც პერიოდში ჩანჩქერი სხვა მხარეზე თავისით ვარდება, და ქვაბულის კარს ღიას ტოვებს.
ბევრი საინტერესო შეიძლება ნახო ხვამლზე.
ხვამლის მთავარი ციხე-გამოქვაბულის კედლებზე ციურ მნათობთა სქემაა დახატული.
სქემა ჩვენ წ. აღ. -მდე 5604 წლის ვარსკვლავთა განლაგებას ასახავს.
მთაზე ეკლესიაცაა, და ეგვიპტეს პირამიდების ასაკის ობსერვატორიის ნაშთები,
და წარმოიდგინეთ, და ხომალდის ქვისგან ნათალი ღუზა.
მოდი და იფიქრე ახლა, საიდან მოხვდა ამ სიმაღლეზე გემის ღუზა.
ხო, ბევრი საიდუმლოა ხვამლის მთის ქვაბულებში,
იმ ლეგენდებზე აღარ ვსაუბრობ, თამარ მეფის სახელთან რომაა დაკავშირებული.
და ბევრი მეცნიერიც ფიქრობს, რომ სწორედ ხვამლის წიაღშია თამარი დასვენებული.
ბევრი რამ დაიწყო მეთქი, ვთქვი ზემოთ, ჩემთვის, ხვამლის მთით.
რადგან მამულია ჩემი, ქუთაისი,
და ხვამლთან სულ ახლოს, ზუსტად მოპირდაპირე მხარეს, რიონის გადაღმა, დედული.
და როცა ბავშვობიდან გესმის და კიდეც უყურებ გამოცანას, არ არსებობს, ოდესმე რომ არ მოინდომო მისი ამოხსნა.
ბევრჯერ მოვინდომე კიდეც, ამ სიტყვის პირდაპირი, თუ გადატანითი მნიშვნელობით.
ჩვენი კანუდოსის თეატრის სპექტაკლშიც ” ჩაკრულო” გატარებული ალეგორიაც ხვამლის ლეგენდებს ეფუძნება.
და თქმა მინდოდა, რომ ქვეყანას ოქროვერცხლი კი არა, მეცნიერება, განათლება, ხელოვნება, თეატრი, მუსიკა, ფერწერა, მწერლობა, -ანუ, სულიერება გადაარჩენს,
და ადამიანები, რომლებმაც მისი ფასი იციან.
და სპექტაკლის პერსონაჟს, ლადიკოს, ააქვს კიდეც ამ ყველაფრის სიმბოლოდ ფიროსმანის ნახატები ხვამლზე, რომ მივხვდეთ, რო განძი სულიერებაა სწორედ,
რომ მივხვდეთ და რომ დავაფასოთ.
და ახლა რომ გითხრათ, ყველა ჩემი პროექტი, და ბევრი რამ კიდევ, რომელიც აუცილებლად გაკეთდება, ხვამლის მთის ამბებიდან დაიწყო მეთქი, – გაგიკვირდებათ?
და რომ გითხრათ, რაც დაიწყო, ისევ ხვამლით და უფრო მეტიც, ხვამლის მთაზე გაგრძელდება მეთქი, ჰა?
რას ვგულისხმობ?
დარჩეს ჯერ, ესეც, საიდუმლოდ,
როგორც ბევრი სხვა რამ, ამ მთის.
ყველაფერი იქნება კარგად,
გვფარავდეს ხვამლის სალოცავები.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა