
კაი, მაგან იკადრა და მოიტყუა, პირველი რეჟისორი ვარო, ვინც “ვეფხისტყაოსანი” დადგაო, მაგრამ იმ დარბაზში სხვა თეატრალებიც ხო ისხედით, – რატო არ შეატეხეთ პირში სიტყვა?
არც თქვენ არ იცით ქართული თეატრის ისტორია?
რას გასწავლიდნენ საერთოდ უნივერსიტეტში?
არ არის სტურუა არც პირველი, ვინც რუსთაველის დადგმას შეეცადა, და არც იმაშია პირველი, ვინც რუსთაველთან ჭიდაობაში თავი შეირცხვინა.
აგერ, ბატონო,
1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ
” 2 აპრილს თბილისის თეატრში საღამოს გამართავს მხატვარი ფილიპოვიჩი დრამატულ სცენისმოყვარეთა, ა. თამაზაშვილისა და გ. კანდელაკის, სასარგებლოდ, რომელზეც წარმოდგენილი იქნება სურათები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“.
წარმოდგენის დასასრულს ციციშვილი, ზურაბიშვილი და 6 წლის კობიევი შეასრულებდნენ ლეკურს, ხოლო ჯაფარიძე – კინტაურს.”
არ იციან ეს ახლანდელმა თეატრალებმა?
თუ იციან, რატომ არ უთხრეს მაგ მართლა კინტოს, რომ ტყუის?
სხვა დადგმებზეც გითხრათ?
1895 წლის 21 მაისს შედგა “ვეფხისტყაოსნის” კიდევ ერთი ინსცენირებული პრემიერა, იგივე თამაზაშვილის მიერ.
ტარიელის როლი ვიღაც სვიმონიძეს შეუსრულებია, ნესტან-დარეჯანის როლი კი მელიქიშვილის ქალს.
ამის შემდეგ, იგივე პიესა ქუთაისშიც ჩაუტანიათ, მაგრამ ქუთაისლებს სპექტაკლი არ მოსწონებიათ, და ისე გადარეულან, კვერცხებიც კი დაუშენიათ მსახიობებისთვის, და ძლივს გამოასწრეს თურმე.
1912 წლის 24 თებერვალს უკვე ქუთაისის თეატრში მსახიობ ვ. ბარველს თავადვე დაუდგამს „ვეფხისტყაოსანი“ 6 მოქმედებად, და მის მიერვე სასცენოდვე გადმოკეთებული.
და ახლა „სახალხო გაზეთი“ გადარეულა ამაზე,
“საზოგადოებამ უნდა დაგმოს და ალაგმოს ბარველისნაირ მადააშლილ პირთა ამგვარი თავხედური საქციელიო“- წერდა.
გესმით, ხო?
ხალხი და მაყურებელი მაშინ გვყოლია, თუ გვყოლია, ავის და კარგის მცნობი და გამრჩევი.
და დღეს?
ნუ, კარგი, ეს შორი ამბებია, მაგრამ როგორ დავიჯერო, რომ არც 1966 წლის 27 სექტემბერს, თვითონ რუსთაველის თეატრში გამართული ” ვეფხისტყაოსნის ” პრემიერა არ ახსოვთ?
ანდა არ გაუგიათ?
კომპოზიციის ავტორი ებრალიძე იყო, ნამუშევარს საბოლოო სახე არჩილ ჩხარტიშვილმა და მიხეილ თუმანიშვილმა მისცა.
დიახ, დიახ, მიხეილ თუმანიშვილმა,
და არ მითხრათ ახლა ვინმემ ეგ სპექტაკლი არ იყოო.
ჩხარტიშვილის და თუმანიშვილის მიერ დადგმული არ იყო სპექტაკლი, და სტურუას ” ვეფხისტყაოსნის” პაროდიაა სპექტაკლი?
თუმანიშვილის ინსცენირებაშიც იყო მთხრობელი და ანტიკური ქორო და მიზანსცენები.
რომელშიც სერგო ზაქარიაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, ეროსი მანჯგალაძე, ბუხუტი ზაქარიაძე, კოტე მახარაძე, ბელა მირიანაშვილი, ჯემალ მონიავა, ედიშერ მაღალაშვილი, დავით პაპუაშვილი, მერაბ თავაძე, გოგი ხარაბაძე მონაწილეობდნენ.
ავთანდილი – მახარაძე იყო.
თინათინი – მედეა ჩახავა,
ვერ ითინათინებდა, ხო?
და ეს გვარსახელები არავის არაფერს არ გეუბნებათ?
აღარ გახსოვთ თეატრალებს ეს ხალხი?
აბა, რატომ მიეცით სტურუას ტყუილის თქმის უფლება?
მართლა ბნელა?
ამავე პერიოდში ბათუმის თეატრმაც დადგა ფრიდონ ხალვაშის „რუსთაველი“;
ონის სახალხო თეატრმაც – „ლეგენდა რუსთაველზე“,
თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტშიც დაიდგა ვაკელის პიესა „რუსთაველი“,
მერე ტყიბულის თეატრმა განახორციელა,
და თქვენ წარმოიდგინეთ და ხაშურის თეატრმაც კი დადგა სპექტაკლი – „თქმულება შოთა რუსთაველზე“.
ხაშურის თეატრმაც კაცო, ხაშურის-
და ბოლოს ამირან შალიკაშვილმაც დადგა 2016 წელს ” ვეფხისტყაოსანი” თავის პანტომიმის თეატრში.
რაო? შალიკაშვილთან სიტყვები არ იყოო?
უსიტყვობა არ სჯობს იმას, რაც სტურუამ გააკეთა?
ოეეე, არ იცოდით თეატრალებმა ეს ამბები?
არც ის იცით,
დიდ კოტე მარჯანიშვილსაც რომ სურდა “ვეფხისტყაოსნის” დადგმა?
და კიდევ მეორე დიდ რეჟისორს, სანდრო ახმეტელს, რომ სურდა-, და რომ დაიწყო კიდეც?
როგორ ფიქრობთ, სტურუაზე უკეთესად ვერ დადგამდნენ?
ნიჭი არ ეყოფოდათ, გაქანება, თუ მსახიობები არ ყავდათ?
თუ გრანდიოზულ დეკორაციებს ვერ მოიფიქრებდნენ.
მაგრამ ეს მართლა ბუმბერაზი რეჟისორები, რომ მიხვდნენ რომ ისინიც კი ვერ შეწვდებოდნენ რუსთაველს, ადგნენ და უარი თქვეს.
არ იკადრეს ხო, თავის შერცხვენა, და არც რუსთაველს აკადრეს გაუბრალოება.
და ამითაც არიან ეს რეჟისორები დიდები, უსაშველოდ დიდები.
და სტურუამ, ამ მართლაც კაცუნამ საკუთარი თავი თუ რატომ გაიმასხარავა, თორემ რუსთაველს რომ ვერაფერი დააკლო, – ამის შესახებ ბევრი ვისაუბრე წინა წერილებში უკვე.
დიახ, არ არის სტურუა პირველი, ვინც რუსთაველს შეეჭიდა, და არც იმაშია პირველი, ვინც თავი შეირცხვინა, და არც უკანასკნელი იქნება.
ეს გასაგებია, ხო?
მაგრამ სტურუას ტყუილის თქმის უფლება რატომ მიეცით მეთქი, იქ, დარბაზში მყოფ თეატრალებს გეკითხებით?
კაი, კვერცხს რომ არ ესროდით იმ ქუთაისლებივით, კი ვიცი, მაგის ოფსილა ვინ მოგცათ,
მაგრამ თავზე რომ გადაგასვარათ, მერე იქედან გამოსულებს მაინც გეთქვათ ერთმანეთში ერთი-ორი სიტყვა, ჩურჩულით მაინც.
არა, რა,
სტურუას მგონი მართლა უნდა ვუთხრა მადლობა,
ეს რამდენი ნაგავი ამოგყარათ ზედაპირზე.
თქვე მართლა საცოდავებო.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)