You are currently viewing ასე იწყება..

ასე იწყება..

და ისევ იმ თემაზე, ბევრი რამის დასაწყისი რომ უნდა გახდეს.
ვინც ამ სივრცეში გასართობადაა, აი, ამ წინადადების ბოლოს შეწყვიტოს კითხვა, მაინც ვერაფერს გაიგებს.
დანარჩენებმა ფოტოებს დახედეთ.
მარცხნივ სოფელი შარლოტენბურგია.
პირველი წრიული სოფელი, რომელიც ჯერ კიდევ 1700 წელს დაარსეს რუმინეთში გადასახლებულმა გერმანელებმა.
მეორე ფოტოზე კი მარტყოფის ველის ის ნაკვეთებია, რომლებზეც ვსახლდებით,
დაბლა ნაკვეთზე ფართები უკვე განაწილებულია, ზემოთ ნაკვეთები ივსება, ადგილები ჯერ კიდევ არის, და აქ დასახლების მსურველებს შეუძლიათ შეგვეხმიანონ.
ამ ნაკვეთების ათვისების შემდეგ მათ მარჯვნივ ტერიტორიაზე გადავინაცვლებთ, და მარტყოფის ველის ამ ნაწილზე დასახლებასაც წრიული ფორმა მიეცემა.
ვნახოთ, რა გამოგვივა.
არ ვისაუბრებ ამჟამად დეტალურად იმის შესახებ, რომ კონკრეტულად იმ ფართებზე, რომელიც “საადგილმამულოს” კუთვნილებაში იქნება, სხვადასხვა დამხმარე მეურნეობების გაკეთებას რომ ვაპირებთ,
არც მოხუცთა თავშესაფარზე ვისაუბრებ, და არც დაწყებით სკოლაზე, და პროფსასწავლებელზე, და არც რადიო და ტელევიზიაზე, და არც ბანკზე,
დიახ, საადგილმამულო ბანკზე.
ეს ყველაფერი აუცილებელი, მაგრამ მაინც ეტაპებია განუზომლად დიდი მნიშვნელობის ეროვნული პროექტის განსახორციელებლად.
დიახ, ის საერო სკოლა, და პროფესიული სასწავლებელი, თავდაპირველად რომ დაიწყებს ფუნქციონირებას მარტყოფის ველზე, მომავალში სწორედ იმ ეროვნულ უნივერსიტეტად გადაკეთდება, რომელზეც ამდენს ვსაუბრობდით სოცქსელშიც და ჩვენი გაზეთის ფურცლებიდანაც.
პროექტმა თბილისიდან მარტყოფის ველზე გადაინაცვლა!
მარტყოფის ეროვნული უნივერსიტეტი უნდა ამოქმედდეს!
ეს პროექტი უნდა განხორციელდეს.
ახალი ეროვნული, საგანმანათლებლო ცენტრი სასიცოცხლოდ აუცილებელია,
რადგან უკვე არსებული უნივერსიტეტები თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებენ,
რადგან , მხოლოდ პროფესიული ცოდნის მიღება არ არის საკმარისი.
რადგან, ბოლო 30 წლის განმავლობაში უნივერსიტეტებმა ვერ შეძლეს ეროვნული ელიტის აღზრდა.
ეროვნული შეგნების მქონე ელიტა აუცილებელია პრიორიტეტების, ეროვნული იდეის გამოსაკვეთად, და საზოგადოების თვითორგანიზაციისთვის ბიძგის მისაცემად.
სწორედ ეროვნულმა ელიტამ უნდა გამოატაროს საზოგადოება სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ქარტეხილებში.
ახლანდელ, სისტემისგან დაპურებულ ფსევდოელიტას ეს არც შეუძლია, და ეს არც შედის მის ინტერესებში.
ახალი ეროვნული უნივერსიტეტში სწავლება წარიმართება მინიმუმ, ათი ძირითადი დისციპლინით.
1. ბიზნესი და ადმინისტრირება
2. საბანკო საქმე და ფინანსები
3. სახელმწიფო მართვა
4. საერთაშორისო ურთიერთობები
5. სოფლის მეურნეობის მართვა
6. სამხედრო საქმე და სამოქალაქო თავდაცვა.
7. საინფორმაციო საშუალებების მართვა
8. იურისპრუდენცია
9. ჟურნალისტიკა
10 . ფილოსოფია
გადაავლეთ კიდევ ერთხელ გონების თვალი ძირითად დისციპლინებს, და მიხვდებით თუ რატომ ავირჩიეთ თითოეული მათგანი.
და რა თქმა უნდა ეს ცოდნაც არ კმარა, ელიტა რომ გახდეს მართლაც ეროვნული.
ძირითადი დისციპლინების გარდა ახალ საგანმანათლებლო სივრცეში იქნება სწავლება ეროვნული ცნობიერების ისტორიისა, ილიათმცოდნეობის,
გაეცნობიან რუსთველოლოგიას, ხელოვნებათმცოდნეობას,
შეისწავლიან კავკასოლოგიას და მსოფლიოს მცირე ერებს, მხარეთმცოდნეობას, გეოლოგიას, ბიოლოგიას, მითოლოგიას, ასტროლოგიას, პედაგოგიკას, რიტორიკას, ლოგიკას, სამართალს, ურბანისტიკას, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს..
შეისწავლიან მევენახეობას, და მეფუტკრეობას, სამკურნალო მცენარეებს.
და იმუშავებენ ახალ საარჩევნო კოდექსზეც, შრომის კოდექსზეც, და სხვა კანონპროექტებზეც.
დიახ, კანონებზე, რომელშიც ცვლილებები სჭირდება ქვეყანას და გვჭირდება ქვეყნის დასაბრუნებლად.
და სწორედ ამ ახალ სივრცეში აღზრდილი პროფესიონალები უხელმძღვანელებენ და განახორციელებენ ეროვნულ პროექტებს იმ დიდი ადამიანური და ფინანსურ რესურსის შესაქმნელად, რომელიც ხელისუფლებებზე ზემოქმედების მექანიზმების დამკვიდრების და სისტემური ცვლილებების დაწყების შესაძლებლობას მოგვცემს.
ქვეყანას სამართლებრივ გარემოში დააბრუნებს,
და ქვეყნის ჭეშმარიტად დამოუკიდებლობამდეც მიგვიყვანს.
დიდი დრო უნდა ამას, წლები უნდა, მაგრამ ეს გზა უნდა გავიაროთ,
უნდა გავიაროთ, რომ საზოგადოება გავხდეთ,
სამოქალაქო საზოგადოება , რომელსაც თავის დაცვა შეუძლია , და თავისი ქვეყნის პატრონობაც.
საზოგადოება, რომელიც აიძულებს სახელმწიფო სტრუქტურებს მის სამსახურში იყოს, და არა მედროვეების, პარტიების, და ქვეყნის გარეთ ძალების.
არ არის ეს ფანტასტიკა, ეს შესაძლებელია, როცა ზუსტად იცი, რა და როგორ უნდა გააკეთო.
და იცი დეტალებში!
და ეს არ არის ერთი დღის და ერთი თვის ნაფიქრი, წლებია ეტაპობრივად მივდივართ ამ მიზნისკენ, და მივდივართ ჯერ კიდევ, 150 წლის წინ გაკვალული ბილიკით.
ილიას გზით!
არც ეს არაა პათეტიკა, და სიტყვის მასალა, – ეს რეალობაა.
რასაც ვამბობთ – კეთდება, და როცა გაკეთდება, ყველაზე უკანასკნელი ობივატელიც კი, ახლა რომ შორიდან გვადევნებს თვალს, მიხვდება, რომ ეს სწორედ ისაა, რაც მასაც უნდოდა.
და ეს ყველაფერი ერთი პატარა დასახლებიდან, და ერთი პატარა ქართული სოფლიდან დაიწყება.
მარტყოფის ველიდან დაიწყება!
და დაე, იყოს, ასე!
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა